Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ბარაკ ობამა „ატლანტიკიდან“


ჟურნალი „ატლანტიკი“
ჟურნალი „ატლანტიკი“

მიუხედავად იმისა, თუ რას მოიმოქმედებს აშშ, უკრაინა „დიდწილად დაუცველი დარჩება რუსეთის სამხედრო უპირატესობის წინაშე“, აცხადებს აშშ-ის პრეზიდენტი, ბარაკ ობამა, რომელიც მიიჩნევს, რომ რუსეთი ყოველთვის შეძლებს უკრაინაზე დომინაციის შენარჩუნებას, ვინაიდან ეს ქვეყანა რუსეთის ფუნდამენტური ინტერესის სფეროში შედის. ამ და სხვა მოსაზრებებს შეიცავს ჟურნალ „ატლანტიკში“ გამოქვეყნებული სტატია, რომელიც ბარაკ ობამას მიერ გამოცემის კორესპონდენტ ჯეფრი გოლდბერგისათვის სხვადასხვა დროს მიცემული ინტერვიუების ერთგვარი კომპილაციაა.

აშშ-ის პრეზიდენტი, ბარაკ ობამა, მიანიშნებს, რომ უკრაინა აშშ-სთვის არ წარმოადგენს ფუნდამენტური ინტერესის საგანს. გასულ წელს ამერიკის ლიდერს საკმაოდ დიდი ზეწოლის გადატანა მოუხდა იმ პოლიტიკოსების მხრიდან, რომლებიც კიევისათვის სასიკვდილო შეიარაღების მიწოდებას უჭერდა მხარს პრორუსულად განწყობილ დონბასელ სეპარატისტებთან საომარ დაპირისპირებაში, რასაც, სტატისტიკას თუ გავიხსენებთ, 2014 წლის აპრილიდან მოყოლებული, 9 100-ზე მეტი ადამიანის სიცოცხლე შეეწირა.

ობამას თქმით, „არსებობს შეკავების გზები, თუმცა ძალიან მკაფიოდ უნდა განისაზღვროს სამომავლო პერსპექტივაში რა ღირს ომში ჩართვად და რა არა“.

ასეთ ვითარებაში ბოლო რამდენიმე ათწლეულის განმავლობაში აშკარად თვალშისაცემია ტენდენცია, როდესაც ხალხი გადამჭრელი მოქმედებისაკენ მოგვიწოდებს, მაგრამ საქმე საქმეზე რომ მიდგება, თავად აღარ სურთ ამ წამოწყებაში მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანონ...
ბარაკ ობამა

აშშ-ის პრეზიდენტი უარყოფს პოზიციას, რომ რუსეთში ან ჩინეთში გადაწყვეტილების მიღების პროცესზე რაიმე გავლენას მოახდენს მკაცრი რიტორიკა ან რაიმე ფორმის სამხედრო მოქმედება. ეს პოზიცია ეწინააღმდეგება ყველა მტკიცებულებას, რომელიც ბოლო 50 წლის განმავლობაში გვინახავსო, განაცხადა მან. ვაშინგტონში თუ ვინმე თვლის, რომ „ჩვენ რუსეთთან ომში ჩაბმაზე ვიმსჯელებდით ყირიმის ან აღმოსავლეთ უკრაინის გამო, ეს ხმამაღლა ძალიან მკაფიოდ უნდა განაცხადოს", - მოჰყავს ობამას სიტყვები „ ატლანტიკის“ ჟურნალისტ ჯეფრი გოლდბერგს, რომელმაც 10 მარტს გამოქვეყნებულ პუბლიკაციაში თავი მოუყარა აშშ-ის პრეზიდენტის მიერ მნიშვნელოვან საგარეო პოლიტიკურ პრობლემებზე 2009-2013 წლებში გამოთქმულ მოსაზრებებს.

პუბლიკაცია ბარაკ ობამას წარმოაჩენს ლიდერად, რომელიც ფიქრობს, რომ სამხედრო ინტერვენცია ახლო აღმოსავლეთში მხოლოდ „თეორიულად იყო გამართლებული“ რამდენიმე საფრთხით, რასაც ალ ყაიდის ტერორისტული ქსელი, ისრაელის არსებობის მიმართ მუქარები და ირანის მიერ ბირთვული იარაღის შექმნის პროგრამა წარმოადგენს.

ობამამ დაიცვა თავისი საბოლოო უარი მხარი დაეჭირა სირიის ზომიერი ოპოზიციის მებრძოლებისათვის, რომლებსაც ზოგიერთი მიმომხილველი ფერმერებად, ექიმებად და დურგლებად წარმოაჩენდა.

ობამა ასევ იცავს თავის იმ გადაწყვეტილებას, რის გამოც უარი თქვა მოქმედებაში მოეყვანა ბაშარ ალ ასადის მიმართ გამოთქმული მუქარა, თუ სირიის ლიდერი „წითელ ხაზს“ გადააბიჯებდა. 2013 წლის აგვისტოში, როდესაც გაეროს დამკვირვებლებმა დაადასტურეს ასადის არმიის მიერ სამოქალაქო პერსონალისა და ოპოზიციის მებრძოლთა წინააღმდეგ ქიმიური იარაღის გამოყენების ფაქტები, ნაცვლად იმისა, რომ დაეწყო საავიაციო იერიშები ასადის რეჟიმისა და მისი ქიმიური იარაღის საცავების წინააღმდეგ, ობამამ სანკტ-პეტერბურგში დიდი ოცეულის სამიტზე სასაუბროდ გაიხმო რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმირ პუტინი და ასეთი წინადადება შესთავაზა: თუ პუტინი დაიყოლიებდა ასადს უარი ეთქვა ქიმიურ შეიარაღებაზე, ამით შემცირდებოდა სირიაში სამხედრო იერიშების დაწყების საჭიროება.

სერგეი ლავროვი, ჯონ კერი
სერგეი ლავროვი, ჯონ კერი

ობამა აღნიშნავს, რომ იგი „სიამაყით აღივსო“, როდესაც, რამდენიმე კვირის შემდეგ, აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა ჯონ კერიმ და რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი ლავროვმა შეიმუშავეს გეგმა, რომელიც სირიის რეჟიმის ხელთ არსებული ქიმიური შეიარაღების დიდი ნაწილის ქვეყნის საზღვრებს გარეთ გატანას ითვალისწინებდა.

„დარწმუნებული ვარ, რომ, საბოლოო ჯამში, ეს იყო სწორი გადაწყვეტილება“, - აცხადებს ბარაკ ობამა, რომელიც აღნიშნავს, რომ ურთიერთობაში პუტინი მუდამ ცდილობდა გამოჩენილიყო თანასწორი, რადგან იგი ბოლომდე სულელი არ არის და ესმის, რომ რუსეთის პოზიცია მსოფლიოში საგრძნობლად შესუსტდა, ხოლო ყირიმის ოკუპაცია და ბაშარ ალ ასადის რეჟიმის სამხედრო მხარდაჭერა რუსეთის ლიდერს ერთბაშად გავლენიან მოთამაშედ არ აქცევს.

ბარაკ ობამას მიაჩნია, რომ 2011 წელს ნატოს სამხედრო ინტერვენციამ ლიბიაში ვერ იმუშავა და მცდარი იყო თავად მისი გათვლაც, როცა ფიქრობდა, რომ ბრიტანეთი და საფრანგეთი ამ სამხედრო ოპერაციაში უფრო მეტ ვალდებულებას იკისრებდნენ.

„ასეთ ვითარებაში ბოლო რამდენიმე ათწლეულის განმავლობაში აშკარად თვალშისაცემია ტენდენცია, როდესაც ხალხი გადამჭრელი მოქმედებისაკენ მოგვიწოდებს, მაგრამ საქმე საქმეზე რომ მიდგება, თავად აღარ სურთ ამ წამოწყებაში მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანონ“, - აღნიშნავს ბარაკ ობამა ჟურნალ „ატლანტიკში“ გამოქვეყნებულ სტატიაში.

  • 16x9 Image

    კობა ლიკლიკაძე

    ჟურნალისტი. მუშაობს საერთაშორისო სამხედრო თანამშრომლობის, შეიარაღებული კონფლიქტების, ნატოს და ევროკავშირის სამეზობლოს სამხედრო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებზე. რადიო თავისუფლების ჟურნალისტია 2001 წლიდან.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG