Accessibility links

logo-print

ბარაკ ობამა: კლიმატური ცვლილებების წინააღმდეგ ბრძოლაში ყველა უნდა გავერთიანდეთ


ბარაკ ობამა

ბარაკ ობამა

აშშ-ის პრეზიდენტი ბარაკ ობამა აცხადებს, რომ პარიზში შეკრებილმა პოლიტიკურმა ლიდერებმა უნდა მიიღონ გამოწვევა და დაუმტკიცონ მსოფლიოს, რომ ყველა ქვეყანა იზიარებს პასუხისმგებლობას კლიმატური ცვლილებების წინააღმდეგ ბრძოლაში.

გაეროს მიერ ორგანიზებული კლიმატის საკითხებისადმი მიძღვნილი საერთაშორისო კონფერენცია, რომელსაც საფრანგეთის დედაქალაქი 30 ნოემბრიდან 11 დეკემბრის ჩათვლით უმასპინძლებს, პარიზში ცოტ ხნის წინ მომხდარი სისხლისმღვრელი ტერაქტების გამო, მომეტებული უსაფრთხოების ზომების პირობებში ჩაივლის. პარიზში ჩავიდა და კონფერენციაზე სიტყვით გამოვიდა აშშ-ის პრეზიდენტი ბარაკ ობამა, რომელმაც მსოფლიო ლიდერებს მოუწოდა ერთად ებრძოლონ გლობალურ დათბობას, რაც მომავალ თაობებს არასახარბიელო მომავალს უქადის:

„წარმოიდგინეთ, რა ბედი ელით ჩვენ შვილებს, თუ კლიმატის ცვლილების პროცესი უფრო სწრაფად წარიმართა, ვიდრე მასთან გასამკლავებლად ჩვენი ძალისხმევა: ეს იქნება ჩაძირული ქვეყნები, მიტოვებული ქალაქები, ყამირი მიწები, რომლებზეც აღარაფერი იზრდება, პოლიტიკური არასტაბილურობა, ახალ-ახალ კონფლიქტებს რომ წარმოშობს და იმ სასოწარკვეთილთა კიდევ უფრო დიდი ნაკადი, ვინც თავშესაფარს შინ კი არა, გარეთ ეძებს. ასეთი მომავალი არც მხოლოდ ეკონომიკურად ძლიერ ქვეყნებს ემუქრება და ვერც სუსტი სახელმწიფოები გაიმართებიან წელში. ჩვენ შეგვწევს ძალა და უნარი, შევცვალოთ ეს მომავალი. ამის კეთება დაუყოვნებლივ უნდა დავიწყოთ. მაგრამ წარმატებას მხოლოდ იმ შემთხვევაში მივაღწევთ, თუ ჩვენს ძალისხმევას გავაერთიანებთ“.

11 დღის განმავლობაში დელეგაციები 196 ქვეყნიდან იმსჯელებენ და, დიდი ალბათობით, მხარს დაუჭერენ გრძელვადიან შეთანხმებას, რამაც უნდა შეაჩეროს ატმოსფეროში სათბური ეფექტის გაზების ემისია, რასაც მეცნიერები გლობალური დათბობის გამომწვევ მთავარ მიზეზად მიიჩნევენ.

აშშ-ის პრეზიდენტი ბარაკ ობამა აცხადებს, რომ პარიზში შეკრებილმა პოლიტიკურმა ლიდერებმა უნდა მიიღონ გამოწვევა და დაუმტკიცონ მსოფლიოს, რომ ყველა ქვეყანა იზიარებს პასუხისმგებლობას კლიმატური ცვლილებების წინააღმდეგ ბრძოლაში. ობამამ ხაზი გაუსვა აშშ-ის მიერ აღებულ ვალდებულებას, მნიშვნელოვნად შეამციროს ატმოსფეროში სათბური გაზების ემისია:

„რაც შეგვეხება ჩვენ, აშშ ადგას გზას, რომელმაც უნდა მიგვიყვანოს მიზნამდე, სათბური გაზების ემისიასთან დაკავშირებით რომ დავისახეთ ექვსი წლის წინ კოპენჰაგენში, კლიმატის გლობალური ცვლილებებისადმი მიძღვნილ კონფერენციაზე: 2020 წლისათვის, 2005 წლის დონესთან შედარებით, 17 პროცენტით შევამცირებთ ნახშირბადის ემისიას. და ამისათვის შარშან ახალი მიზანი დავისახეთ: ამიერიდან, ათი წლის განმავლობაში, აშშ, 2005 წლის დონესთან შედარებით, 26-28 პროცენტით შეამცირებს სათბური გაზების ემისიას“.

მსოფლიოს სახელმწიფოთა ლიდერები გლობალური დათბობის შესახებ სამიტის კულუარებში სხვა საერთაშორისო თემებზე, მათ შორის, ექსტრემისტული ორგანიზაცია „ისლამური სახელმწიფოს“ წინააღმდეგ ბრძოლაში ძალისხმევის გაერთიანებასა და მოსკოვსა და ანკარას შორის თვითმფრინავის ჩამოგდებით გამოწვეულ დიპლომატიურ დაპირისპირებაზე იმსჯელებენ.

პარიზის სამიტამდე ერთი დღით ადრე გაირკვა, რომ რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმირ პუტინი არ შეხვდება თურქეთის პრეზიდენტ რეჯებ ტაიპ ერდოანს. ამის შესახებ ჟურნალისტებს კრემლის პრესმდივანმა დმიტრი პესკოვმა განუცხადა და დასძინა, რომ პუტინის გრაფიკში არ შედის არც შეხვედრა და არც სატელეფონო საუბარი თურქ კოლეგასთან. ამასთან, პესკოვმა დაადასტურა ცნობა პარიზში აშშ-ისა და რუსეთის პრეზიდენტების მოსალოდნელ შეხვედრაზე.

ძვირფასო მეგობრებო, რადიო თავისუფლების ფორუმში მონაწილეობისთვის გთხოვთ, გამოიყენოთ თქვენი Facebook-ის ანგარიში. კომენტარები მოდერაციის შემდეგ ქვეყნდება და საიტზე მათ გამოჩენას გარკვეული დრო სჭირდება. გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ ღამის საათებში კომენტარები არ ქვეყნდება.

XS
SM
MD
LG