Accessibility links

logo-print

პარიზის ერთობის და სოლიდარობის მსვლელობაზე ვინმე უფრო მაღალი პროფილის მქონე პოლიტიკოსი უნდა გაგვეგზავნა - თეთრი სახლის პრეს-სპიკერი.

საფრანგეთში მომხდარ ტერორისტულ აქტთან დაკავშირებით პარიზში მოწყობილ სოლიდარობის აქციაზე 40 ქვეყნის პირველი პირი ჩავიდა. მსოფლიოს ლიდერებს შორის, რომელთაც გადაწყვიტეს ეჩვენებინათ, რომ ისინი ექსტრემიზმს ერთიანი ფრონტით უპირისპირდებიან, არ იყო ამერიკის პრეზიდენტი ბარაკ ობამა, რაც მაშინათვე კრიტიკის საგანი გახდა.

ამერიკაში ბევრი მიიჩნევს, რომ საფრანგეთისადმი მხარდაჭერა უფრო მკაფიოდ უნდა ყოფილიყო გამოხატული. ამასთან დაკავშირებით ორშაბათს გამართულ პრესკონფერენციაზე თეთრი სახლის პრეს-სპიკერს რთული კითხვების მოგერიება მოუწია. „ვინმე უფრო მაღალი პროფილის მქონე უნდა გაგვეგზავნა“ - განაცხადა ჯოშ ერნესტმა, თეთრი სახლის პრეს-სპიკერმა.

შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანი ჯონ კერი ამბობს, რომ მას ხელი ინდოეთში ვიზიტმა შეუშალა. პარიზის სოლიდარობის აქციაში მონაწილეობა მისმა მოადგილემ ევროპის და ევრაზიის საკითხებში ვიქტორია ნულანდმა და ამერიკის ელჩმა საფრანგეთში ჯეინ ჰარტლიმ მიიღეს. სახელმწიფო მდივანი ასევე ხაზგასმით აცხადებს, რომ პრეზიდენტ ბარაკ ობამასთან ერთად ის პარიზში მომხდარი ტერაქტის პირველივე დღიდან ინტენსიურად არის ჩართული საფრანგეთში მიმდინარე მოვლენებში. ჯონ კერის თქმით, ამერიკის დაზვერვა და გამოძიების ფედერალური ბიურო ფრანგ კოლეგებთან დღესაც კოორდინირებულად მუშაობს.

პრეზიდენტმა ობამამ საჯარო გამოსვლებში არაერთხელ პირადად დაადასტურა საფრანგეთის მხარდაჭერა და ხაზი გაუსვა ორ ქვეყანას შორის არსებულ ტრადიციულ პარტნიორულ ურთიერთობათა მნიშვნელობას. თუმცა, ტერორისტული აქტის შემდგომ დღეებში ფოკუსირება უფრო მეტად საშინაო საკითხებზე გადაწყვიტა. ის ქვეყნის მასშტაბით მოგზაურობდა და თავის გამოსვლებში ყურადღებას უმთავრესად ამერიკის ეკონომიკის გაუმჯობესებაზე ამახვილებდა.

გასული კვირის ბოლოს ტენესის შტატში გაკეთებული მისი მოხსენება ძირითადად განათლების და სამუშაო ტრეინინგების აუცილებლობის თემას დაეთმო. თუმცა ამ გამოსვლაშიც იყო საუბარი საფრანგეთში მომხდარ მოვლენებზე და ფრანგი ხალხის მხარდაჭერაზე. „ მინდა ფრანგმა ხალხმა იცოდეს, რომ ამერიკის შეერთებული შტატები თქვენთან ერთად დგას და იდგება ხვალაც. ჩვენი ფიქრები და ლოცვები იმათი ოჯახებისკენაა მიმართული, ვისაც ეს უშუალოდ შეეხო. თქვენთან ერთად ვგლოვობთ. თქვენს გვერდით ვიბრძვით, რათა დავიცვათ ჩვენი ღირებულებები, საერთო ღირებულებები - უნივერსალური ფასეულობები, რომელიც გვაერთიანებს როგორც მეგობრებს და როგორც მოკავშირეებს“ - განაცხადა პრეზიდენტმა ობამამ.

თეთრი სახლის განმარტებით, პარიზში უმაღლესი დონის ვიზიტის ორგანიზების და მომზადებისთვის მათ ძალიან ცოტა დრო ჰქონდათ. ჯოშ ერნესტის განცხადებით, „საპრეზიდენტო დონის, თუნდაც ვიცეპრეზიდენტის ვიზიტისთვის უსაფრთხოების მოთხოვნების დაცვა აუცილებელია. მითუმეტეს, რომ ამგვარ სიტუაციაში სერიოზული გავლენა სხვა მოქალაქეებზეც ვრცელდება, რომლებიც ამ ტიპის დიდ, საჯარო ღონისძიებებში მონაწილეობენ“.

ანალიტიკოსები მიიჩნევენ, რომ პოლიტიკაში და მითუმეტეს ქვეყნისთვის შექმნილ კრიტიკულ სიტუაციაში სიმბოლიზმს დიდი მნიშვნელობა აქვს. ამერიკაში დღეს ბევრი იგონებს იმ ფაქტს, რომ 11 სექტემბრის ტერაქტის შემდეგ პირველი უცხოელი ლიდერი, რომელიც შეერთებულ შტატებში ჩამოვიდა, საფრანგეთის პრეზიდენტი ჟაკ შირაკი იყო.

ამას გარდა, თეთრ სახლს თავის მართლება იმ ფაქტის გამოც მოუწია, რომ ერიკ ჰოლდერი, ქვეყნის გენერალური პროკურორი ტერორიზმის საკითხების განსახილველად კვირას პარიზში იმყოფებოდა, მაგრამ სოლიდარობის მსვლელობაზე არ მისულა. პოლიტოლოგების აზრით, დაშვებული შეცდომის გამოსწორებას ჯონ კერის დაგვიანებული ვიზიტი ალბათ ვერ შეძლებს და ამერიკამ ეს სიმბოლური დატვირთვის მქონე, მაგრამ მაინც მნიშვნელოვანი შანსი ხელიდან უკვე გაუშვა.

XS
SM
MD
LG