Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

მზადება ობამას საპრეზიდენტო ბიბლიოთეკისთვის


ბარაკ ობამას საპრეზიდენტო ბიბლიოთეკის პროექტი, ჰონოლულუ, ჰავაი
ბარაკ ობამას საპრეზიდენტო ბიბლიოთეკის პროექტი, ჰონოლულუ, ჰავაი

ბარაკ ობამას წინ კიდევ ორი საპრეზიდენტო წელი აქვს, მაგრამ მისი სახელობის საპრეზიდენტო ბიბლიოთეკის შესაქმნელად სამზადისი უკვე დაწყებულია. ბიბლიოთეკის მასპინძლობისთვის 3 შტატის - ნიუ-იორკის, ჰავაის და ილინოისის 4 უნივერსიტეტი იბრძვის. სამივე შტატს მნიშვნელოვანი როლი უჭირავს ობამას თეთრ სახლამდელ ცხოვრებასა და კარიერაში.

ილინოისის უნივერსიტეტის ჩიკაგოს კამპუსზე, ბიბლიოთეკების დეკანი მერი ქეისი პროექტის მონახაზს ათვალიერებს. მას იმედი აქვს, რომ ობამას საპრეზიდენტო ბიბლიოთეკა მისი სასწავლებლის მომავალი იქნება.

მიაჩნია რომ უნივერსიტეტის ადგილმდებარეობა ჩიკაგოს ცენტრში ბიბლიოთეკისთვის მიმზიდველი მიზეზი უნდა იყოს, ისევე როგორც მრავალფეროვნება:

„ილინოისის უნივერსიტეტს ქვეყნის მასშტაბით ყველაზე მრავალფეროვანი სტუდენტები ჰყავს, ეს ჩვენი სტუდენტებისთვის დამატებითი სარგებელია,“ ამბობს ქეისი.

პროექტის ღირებულება - ბიბლიოთეკის, მუზეუმის და ინსტიტუტის ჩათვლით დაახლოებით 500 მილიონი დოლარია.

ამერიკაში სულ 13 საპრეზიდენტო ბიბლიოთეკაა, პირველი ასეთი ბიბლიოთეკა 31-ე პრეზიდენტის ჰერბერტ ჰუვერის სახელობის იყო.

საპრეზიდენტო ბიბლიოთეკების სისტემა 1939 წელს დაიწყო, როცა პრეზიდენტმა ფრანკლინ რუზველტმა პრეზიდენტობის დროინდელი დოკუმენტების და სხვა ისტორიული მასალების ფედერალური მთავრობისთვის გადაცემა გადაწყვიტა. მას სჯეროდა, რომ ეს მონაცემები ამერიკის ისტორიის მნიშვნელოვანი ნაწილი იყო და რომ ისინი საზოგადოებისთვის ხელმისაწვდომი უნდა ყოფილიყო.

ამერიკაში სულ 13 საპრეზიდენტო ბიბლიოთეკაა, პირველი ასეთი ბიბლიოთეკა 31-ე პრეზიდენტის ჰერბერტ ჰუვერის სახელობის იყო.

მიუხედავად იმისა, რომ თეთრ სახლში შესვლამდე ობამა ჩიკაგოს თავის სახლს უწოდებდა, მერი ქეისი აღიარებს, რომ ილინოისის უნივერსიტეტს ობამასთან და მის ოჯახთან პიროვნული კავშირები აკლია: „ჩვენ არ გვყავს არავინ, ვისაც მასთან პირადი კავშირები აქვს“

ილინოისის უნივერსიტეტს ერთ-ერთი კონკურენტი ჩიკაგოშივე ჰყავს - ეს ჩიკაგოს უნივერისტეტია, რომელსაც ობამასთან პიროვნული კავშირებიც აქვს.

ჩიკაგოს უნივერსიტეტი ის ადგილია, სადაც პრეზიდენტი პოლიტიკაში წასვლამდე ლექციებს კითხულობდა საკონსტიტუციო სამართალში. იქვე მუშაობს მისი რამდენიმე მეგობარი და ყოფილი მრჩეველი.

დენ ვაინბერგი, რომელიც კიდევ ერთი ჩიკაგოელი პრეზიდენტის აბრაამ ლინკოლნის სახელობის წიგნის მაღაზიას ფლობს, ამბობს, რომ თუ ბიბლიოთეკა აქ გაიხსნება, მაშინ ეს შტატის მასშტაბით პირველი საპრეზიდენტო ბიბლიოთეკა იქნება.

“უცნაურია, რომ ჩვენ ბიბლიოთეკა არ გვაქვს, ახლა მთავარი კონკურენტი ნიუ-იორკია. თუ ობამას ოჯახი ნიუ-იორკში გადავა, ბიბლიოთეკაც იქ გაიხსნება,“ ამბობს ვაინბერგი.

ნიუ-იორკშია კოლუმბიის უნივერსიტეტი, სადაც პრეზიდენტმა ობამამ სამართალი ისწავლა. კოლუმბიის უნივერსიტეტი პირველი საპრეზიდენტო ბიბლიოთეკის მასპინძლობისთვის იბრძვის.

მეოთხე კონკურსანტი ჰონოლულუა - პრეზიდენტ ობამას დაბადების ადგილი. ის ჰავაიში დაბადებული ერთადერთი პრეზიდენტია. ჰონოლულუს პროექტი ბიბლიოთეკის ოკეანის პირას გაშენებას ითვალსწინებს, ის წელიწადში 8 მილიონი ტურისტის მასპინძლობას შეძლებს.

ვაინბერგის თქმით არის ერთი რამ, რაც ჩიკაგოს სხვა კონკურენტებისგან გამოარჩევს, ეს პრეზიდენტ ობამას კავშირებია აბრაამ ლინკოლნის მემკვიდრეობასთან.

„ობამა ლინკოლნის დაპირებული ემანსიპაციის კულმინაციაა,“ ამბობს ის.

საბოლოო გადაწყვეტილება პრეზიდენტმა ობამამ უნდა მიიღოს. გადაწყვეტილება 2015 წლის დასაწყისში გამოცხადდება.

საპრეზიდენტო ბიბლიოთეკის ფონდის განცხადებით ბიბლიოთეკის ასაშენებლად თანხებს ინდივიდუალური შემომწირველებისგან მიიღებენ, ფონდი არ მიიღებს თანხებს უცხოელებისგან, ფედერალური ლობისტებისგან და უცხოური სააგენტოებისგან. ფონდი ასევე გამოაქვეყნებს ყველა იმ შემომწირველის ვინაობას, ვინც ბიბლიოთეკის ფონდში 200 ამერიკულ დოლარზე მეტს ჩარიცხავს.

XS
SM
MD
LG