Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ობამა დიდი ოცეულის სამიტს დაესწრება, მაგრამ პუტინს არ შეხვდება


ვლადიმირ პუტინი და ბარაკ ობამა. მექსიკა, 2013 წლის 18 ივლისი
ვლადიმირ პუტინი და ბარაკ ობამა. მექსიკა, 2013 წლის 18 ივლისი
აშშ-ის პრეზიდენტი ბარაკ ობამა მომავალ თვეში რუსეთში ჩავა და დიდი ოცეულის სამიტში მიიღებს მონაწილეობას, თუმცა თეთრი სახლი ავრცელებს ცნობას, რომ პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინთან ის პირისპირ შეხვედრას არ გამართავს. დიპლომატიურ პრაქტიკაში გეგმების ასეთი ცვლილება იშვიათი შემთხვევაა.

ეს ნაბიჯი რეაქციაა რუსეთის გადაწყვეტილებაზე დროებითი თავშესაფარი მიეცა აშშ-ის უშიშროების ყოფილი კონტრაქტორის, საიდუმლო ინფორმაციის გასაჯაროებისთვის ძებნილი ედვარდ სნოუდენისთვის. ამასთან, აშშ-ის მხრიდან რუსეთთან მიმართებით მზარდ გულისწყრომას იწვევს სხვა საკითხებიც - მათ შორის, ანტისარაკეტო სისტემის თემა და ადამიანის უფლებების დაცვის კუთხით რუსეთში არსებული პრობლემები.

თეთრი სახლის ცნობით, ძალაში რჩება ობამას გეგმა მონაწილეობა მიიღოს სანკტ-პეტერბურგში დანიშნულ დიდი ოცეულის სამიტში, თუმცა პუტინთან პირისპირ შეხვედრას არ გამართავს.

როგორც სააგენტო „ასოშიეიტედ პრესი“ იუწყება, პუტინთან მოსკოვში ჩასვლის ნაცვლად ობამა შვეციაში ვიზიტს დაუმატებს თავის სექტემბრის პროგრამას.

თეთრი სახლის წარმომადგენლის თქმით, რუსეთის მიერ გასულ კვირაში მიღებულმა გადაწყვეტილებამ, არ გაეთვალისწინებინა აშშ-ის სურვილი და სნოუდენისთვის თავშესაფარი მიეცა, კიდევ უფრო მეტი დაძაბულობა შემატა ორი ქვეყნის ისედაც პრობლემურ ურთიერთობას, ხოლო იმის გამო, რომ მოსკოვში დანიშნულ შეხვედრაზე, როგორც ჩანს, უთანხმოების გამომწვევ საკითხებზე პროგრესის მიღწევა მოსალოდნელი არ იყო, თეთრმა სახლმა ამ შეხვედრის გაუქმება გადაწყვიტა.

ობამამ სამშაბათს მონაწილეობა მიიღო ტელეკომპანია NBC-ს პოპულარულ პროგრამაში “Tonight Show with Jay Leno” და განაცხადა, სნოუდენის საქმემ კიდევ ერთხელ გამოავლინა მოსკოვთან ურთიერთობაში არსებული სირთულეებიო:

„ამით იმედგაცრუებული ვარ, რადგან იმის მიუხედავად, რომ მათთან ექსტრადიციის შესახებ ხელშეკრულება გაფორმებული არ გვაქვს, ტრადიციულად ყოველთვის ვცდილობდით მათთან თანამშრომლობას და ვითარების შეფასებას, თუკი საქმე გვქონდა მათ ქვეყანაში კანონდამრღვევ ან კანონდარღვევაში ეჭვმიტანილ პირთან. მათ ეს არ გააკეთეს ჩვენთან მიმართებით და ეს, გარკვეულწილად, იმ თანმდევ სირთულეებს წარმოაჩენს, რომლებიც რუსეთთან ურთიერთობაში გვაქვს ბოლო ხანებში“, - განაცხადა აშშ-ის პრეზიდენტმა.

„ისინი დროდადრო ცივი ომის პერიოდის აზროვნებას და მენტალობას უბრუნდებიან ხოლმეო“, - დასძინა ობამამ ამ ინტერვიუში.

შეერთებულ შტატებს სნოუდენის ძებნა აქვს გამოცხადებული ჯაშუშობაში ბრალდების საფუძველზე მას შემდეგ, რაც მან საიდუმლო ინფორმაცია გაავრცელა საინტერნეტო და სატელეფონო თვალთვალის მასშტაბური პროგრამის შესახებ.

შეხვედრის გაუქმების თაობაზე ობამას ეს გადაწყვეტილება, სავარაუდოდ, კიდევ უფრო მეტად გააღრმავებს დაძაბულობას ორი ლიდერის ურთიერთობაში. მათ შორის უთანხმოებას არაერთი საერთაშორისო საკითხი იწვევს - ბოლო ხანებში განსაკუთრებით სირიაში მიმდინარე სამოქალაქო ომი. აშშ პუტინს ამ სისხლიან კონფლიქტში პრეზიდენტ ბაშარ ალ-ასადისთვის დახმარების გაწევაში სდებს ბრალს. ამასთან, აშშ რუსეთში კრემლის კრიტიკოსების წინააღმდეგ განხორციელებულ რეპრესიებსაც აპროტესტებს. ახლახან აშშ-მა ადამიანის უფლებების დარღვევისთვის რუსეთის 18 მოქალაქეს დაუწესა სანქციები.

მოსკოვი, თავის მხრივ, აშშ-ს ადანაშაულებს იმაში, რომ მას აღმოსავლეთ ევროპაში ანტისარაკეტო სისტემის აგება რუსეთის შესაკავებლად სურს. არადა, თავად აშშ ირწმუნება, რომ ეს სისტემა არ იქნება მიმართული მისი ყოფილი, ცივი ომის პერიოდის მეტოქის წინააღმდეგ. შარშან პუტინმა ხელი მოაწერა კანონს, რომელიც აშშ-ის მოქალაქეებს უკრძალავს რუსეთიდან ბავშვების შვილად აყვანას. ამ ზომას განიხილავდნენ აშშ-ის მიერ უფლებადამრღვევების წინააღმდეგ შემოღებულ სანქციებზე პასუხად.
XS
SM
MD
LG