Accessibility links

logo-print

რატომ ხეირობს წვრილი ბიზნესი აშშ-ის საპრეზიდენტო კამპანიით?


ჭიქები ბარაკ ობამასა და მიტ რომნის გამოსახულებებით

ჭიქები ბარაკ ობამასა და მიტ რომნის გამოსახულებებით

მოგბეზრდათ ობამას გამოსახულებიანი მედალიონები და მანქანაზე მისაკრავი მიტ რომნის ემბლემა? არ არის პრობლემა, ამბობს ჩვენი კოლეგა რიჩარდ სოლაში, რომელმაც აშშ-ში მიმდინარე საპრეზიდენტო კამპანიის დროს დახლებზე აღმოაჩინა მრავალი სახეობის მახვილგონივრული საქონელი, რომელიც ამომრჩეველს დაეხმარება თავისი ფავორიტი კანდიდატის მიმართ მხარდაჭერა თუ უარყოფითი დამოკიდებულება გამოხატოს.

სანამ პრეზიდენტი ბარაკ ობამა და მისი რესპუბლიკელი მეტოქე მიტ რომნი დაზუთხული ფრაზებით ლაპარაკობდნენ ქვეყნის ეკონომიკის მდგომარეობასა და მისი გაუმჯობესების გზებზე, არჩევნებთან დაკავშირებული ზოგიერთი საქონლის წარმოებაში მინიეკონომიკური ზრდა მართლაც გამოიკვეთა. პოლიტიკურმა პაექრობამ აშშ-ში სტიმული მისცა უამრავი მეტად უცნაური წვრილმანი ნივთის წარმოებასა და ვაჭრობას. მაგალითად, კარგი შემოსავალი მიიღო ფლოსტების მაღაზიის ქსელმა, რომელიც 10 დოლარად ყიდის ობამასა და რომნის გამოსახულებიან წყვილ ფეხსაცმელს. კომპანია Flip Flop Shops-ის მეპატრონის ბრაიან კურინის თქმით, იგი ხელიდან ვერ გაუშვებდა შესაძლებლობას კალამბურით გამოხმაურებოდა საპრეზიდენტო კამპანიის სეზონს. იგულისხმება ის, რომ ინგლისური სიტყვა Flip Flopi, ფლოსტების გარდა, მკვეთრ შემობრუნებასაც ნიშნავს.

„ჩვენ, ბევრი ადამიანის მსგავსად, მოგვბეზრდა ყველა იმ გამოსვლებისა და სიტყვების მოსმენა, რაც არჩევნებს უკავშირდება. „მკვეთრი შემობრუნება“ საკმაოდ სინონიმურია საპრეზიდენტო არჩევნებთან და ზოგადად პოლიტიკოსებთან მიმართებით. და ამიტომ ვიფიქრეთ, რომ უნდა გვეხუმრა ამაზე. ჩვენ ათასობით ასეთი ფლოსტები გავყიდეთ მთელი აშშ-ის მასშტაბით.“

ამას გარდა, კომპანიამ პირობა დადო, რომ თითოეული გაყიდული საქონლიდან ერთ დოლარს აშშ-ის ხაზინაში გადარიცხავდა. „ამით ქვეყნის მიმართ არსებული დავალიანების შემცირებაში ჩვენი მცირე წვლილი შეგვაქვსო“, - ხუმრობს კურინი.

ვებბრაუზერების გამოყენებით, როგორც ზემოთ ითქვა, შესაძლებელია ისეთი ნივთების შეძენა, რომლებიც პრეზიდენტობის კანდიდატების წინასაარჩევნო კამპანიის თვალსაჩინოებისათვის გამოიყენება.

დემოკრატებს, რომლებიც დარწმუნებულნი არიან, რომ 6 ნოემბერს ობამა გაიმარჯვებს, მომავალი ზეიმისათვის შეუძლიათ მარტინი მიირთვან ობამას გამოსახულებიანი გრავირებული ჭიქით. ანდა რა სჯობს, თუკი რესპუპლიკელი ხარ, „რომნის კონფეტებიანი“ ჩხირებით ვისკის წრუპვას?

პოპულარულია საპონი, რომნის გამოსახულებითა და წარწერით „რეცხავს სიღარიბეს“. სხვა ონლაინ გამყიდველი კი გთავაზობთ მოკრივეთა სავარჯიშო მსხალს, ობამას თვალებით. ასევე ძალიან კრეატიულია რესპუბლიკელთა საშობაო ნაძვის ხისთვის მოსართავი ორნამენტი, რომელსაც ასეთი წარწერა ამშვენებს: „ობამამ დახარჯა მთელი ჩვენი ფული, ამიერიდან ჩინეთია ჩვენი სანტა კლაუსი“.

Wackyplanet.com-ის მეპატრონე არტურ ბერმანი ტუალეტის ქაღალდის ერთ შეკვრას დაახლოებით 6 დოლარად ყიდის. მისი თქმით, კარგადაც იხეირა, რადგან ბევრ კლიენტს სურს, საშხაპეში ჰქონდეს „ობამა“. 56 წლის პენსიონერი ვაშინგტონელი ქალი, ჯანეტ გოფი ფიქრობს, რომ ასეთი ნივთების შეძენით ამომრჩეველი საკუთარ თავს აყენებს შეურაცხყოფას:

„პირიქით, არ მომწონს, როდესაც ვინმე ასეთ რამეს პრეზიდენტის მისამართით კადრულობს. ჩემზე უფრო მეტად მიტ რომნი, ალბათ, არავის ეზიზღება, მაგრამ ჯერ არ ვიცი, დავხატავდი თუ არა მას ტუალეტის ქაღალდზე. თუმცა მე მყავს ძაღლები, ამიტომ გარკვეულწილად მომწონს რომნის გამოსახულებიანი საღრღნელი სათამაშოს იდეა. ეს შემიძლია გავაკეთო“.

მეტ ანდერსონი კი, 64 წლის ლუიზიანელი დემოკრატი, საკითხს უფრო ფილოსოფიურად უდგება: ზოგიერთ ქვეყანაში ასეთი საგნებით ვაჭრობა და მათი შენახვა შესაძლოა ციხით ანდა უარესი შედეგით დასრულდესო.
XS
SM
MD
LG