Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ობამა თუ რომნი?


აშშ-ში საპრეზიდენტო არჩევნები დაიწყო. ერთმანეთს უპირისპირდება ორი მთავარი კანდიდატი, ყველაზე დიდი ორი პარტიის - დემოკრატიულის და რესპუბლიკურის - წარმომადგენლები, მოქმედი პრეზიდენტი ბარაკ ობამა და მიტ რომნი. რაც ნაკლებად არის ცნობილი, ამ არჩევნებში მონაწილეობენ სხვა სუსტი პარტიების წარმომადგენლებიც. ესენია სამართლიანობის, საკონსტიტუციო, მწვანეთა პარტიები. მათ წარმომადგენლებთან ერთად არჩევნებში არიან ჩართული დამოუკიდებელი კანდიდატები, როგორიცაა რობერტ ჯონ ბარკი, „შიშველ კოვბოიდ“ წოდებული პოლიტიკოსი, მუსიკოსი რენდი ბლაიტი... თითოეულ შტატს სხვადასხვა რაოდენობის კანდიდატი ჰყავს. ჩვენი კოლეგა ბრაიან უიტმორი განმარტავს, როგორ ირჩევენ აშშ-ში პრეზიდენტს:

„საერთოეროვნული კენჭისყრის შედეგს, ანუ ამომრჩეველთა უბრალო უმრავლესობას, აშშ-ის პრეზიდენტის არჩევნებისას მნიშვნელობა არა აქვს. ფაქტობრივად, არჩევნების დღეს აშშ-ში 51 ცალკეულ კენჭისყრას მართავენ ყველა 50 შტატსა და კოლუმბიის ოლქში, რომლის დედაქალაქი ვაშინგტონია. თითოეულ შტატს გამოყოფილი აქვს საარჩევნო კოლეგიის ხმების განსაზღვრული რაოდენობა მოსახლეობის რაოდენობის მიხედვით. მაგალითად, კალიფორნიას, მოსახლეობით ყველაზე დიდ შტატს, გამოყოფილი აქვს 55 ხმა, ნაკლებ დასახლებულ შტატებს, ვერმონტს და უაიომინგს, სამ-სამი ხმა აქვთ. შტატების უმეტესობაში ამომრჩეველთა ყველა ხმას ის კანდიდატი იღებს, რომელიც აგროვებს ამომრჩეველთა უბრალო უმრავლესობას. სულ საარჩევნო კოლეგიის 538 ხმა არსებობს. არჩევნებში გასამარჯვებლად 270 ხმის - უმრავლესობის - მოპოვებაა საჭირო. უმეტეს შემთხვევაში კანდიდატი, რომელმაც მიიღო საარჩევნო კოლეგიის ხმათა უმეტესობა, ასევე წინაა ქვეყნის ამომრჩეველთა ხმების საერთო რაოდენობითაც. აშშ-ის ისტორიაში მხოლოდ ოთხჯერ მოხდა ის, რომ პრეზიდენტად აირჩიეს კანდიდატი, რომელმაც ქვეყნის ამომრჩეველთა ნაკლები რაოდენობა მიიმხრო. ასე იყო 2000 წელს, როცა ჯორჯ ბუშმა უმცროსმა ქვეყანაში ნაკლები ამომრჩეველი მიიმხრო, ვიდრე თავის მეტოქე ალ გორმა, მაგრამ საარჩევნო კოლეგიის ხმებით გაიმარჯვა“.
თუ ჩვენ გადავწყვეტთ ქვეყანა შევცვალოთ, თუ ამერიკელები გაერთიანდებიან, შეცვლას გადაწყვეტენ, მათ ვერავინ შეაჩერებს ...
ბარაკ ობამა

აქვე გეტყვით, რომ საარჩევნო კოლეგიის ხმები ყოველ შტატში უტოლდება კონგრესში მისი დელეგაციის რიცხვს, რაც უმეტეს შემთხვევაში ასევე შტატის მოსახლეობას ემყარება. ასე აირჩევენ დღეს ამერიკელები პრეზიდენტს, ერთი შეხედვით რთული წესით, მაგრამ, ამავე დროს, მარტივი ფორმულით, რომ, მაგალითად, „ვინც ოჰაიოში წააგებს, პრეზიდენტი ვერ გახდება“. ორივე კანდიდატს ყველაზე მძაფრი ბრძოლა ამ შტატში აქვს. ორივე კანდიდატი იქ ლაპარაკობდა ცვლილებაზე, ერთი - უკვე წარსულის შეცვლაზე, მეორე კი - არსებული მცდელობის შეცვლაზე.

ბარაკ ობამამ აიოვაში, დე მოინში ხალხს მოუწოდა მხარი დაეჭირათ წინსვლისთვის:

„თუ ჩვენ გადავწყვეტთ ქვეყანა შევცვალოთ, თუ ამერიკელები გაერთიანდებიან, შეცვლას გადაწყვეტენ, მათ ვერავინ შეაჩერებს. ჩვენ ვერ გაგვაჩერებენ. და მას მერე, რაც ჩვენ ერთად ვართ, მას მერე, რაც ჩვენ ერთად ვიბრძოლეთ, არ შეიძლება ახლა ამ ცვლილების დათმობა“.
უფრო დიდი მომავლის კარი ღიაა და გველოდება. მე თქვენი მუშაობა, თქვენი დახმარება, თქვენი ხმები მჭირდება ...
მიტ რომნი

იმავე ოჰაიოში მიტ რომნი, უკვე ქალაქ კოლამბუსში, ამერიკელებს მოუწოდებს, ცვლილებას დაუჭირეთ მხარიო:

„უფრო დიდი მომავლის კარი ღიაა და გველოდება. მე თქვენი მუშაობა, თქვენი დახმარება, თქვენი ხმები მჭირდება. გამომყევით, ერთად ვიაროთ. ხვალ ჩვენ ახალ მომავალს ვიწყებთ“.

პირველებმა 6 ნოემბერს ხმა მისცეს კანადის საზღვართან მდებარე პატარა სოფელ დიქვილის მცხოვრებლებმა. მათ შორის სრული ფრე იყო - ნახევარს ობამა სურს დარჩეს პრეზიდენტად, ნახევარს რომნის გაპრეზიდენტება სურს. ცნობილია შტატები, რომლებიც უპირატესობას ობამას მიანიჭებენ. მათ რიგებშია ფლორიდა, ნიუ ჰემპშირი, ვირჯინია, ნევადა და სხვები. ორივე კანდიდატი პოპულარულია მიჩიგანში, პენსილვანიაში და ნიუ მექსიკოში. მაგრამ რომნის, მაგალითად, მეტი მომხრე ჰყავს, ბოლო გამოკითხვებით, ჩრდილოეთ კაროლინის შტატსა და არიზონაში. ექსპერტი, ჯორჯ ვაშინგტონის უნივერსიტეტის პროფესორი სტივენ რობერტსი განმარტავს, რატომ აქვს ზოგიერთ შტატს განსაკუთრებული მნიშვნელობა საპრეზიდენტო არჩევნებში:

„შვიდი თუ რვა შტატია, რომლებიც პაექრობის ბედს განსაზღვრავენ. ესენი არიან, ერთი მხრივ, შტატები, რომლებიც დიდხანს წარმოადგენდნენ ამერიკის პოლიტიკის ცენტრებს - ოჰაიო, ვირჯინია, სოლორადო და ერთი-ორი სხვა. ობამას ამ შტატებში ორი რამის გამო აქვს უპირატესობა. ერთია დემოგრაფია: ესპანურენოვანი მოსახლეობა ობამას მიემხრობა და მას გაამარჯვებინებს არაერთ შტატში, მათ შორის - კოლორადოსა და ნევადაში. მეორე ფაქტორია ეკონომიკური, რომელიც არაერთ შტატში ბევრად უფრო მეტად განსაზღვრავს ვითარებას, ვიდრე დანარჩენ ქვეყანაში. კერძოდ, ოჰაიოში ბევრი მუშაა დაკავებული მანქანათმშენებლობის სფეროში. მათ დღესაც აქვთ სამუშაო, რაც ობამას პოლიტიკის დამსახურებაა. ასე რომ, რუკა ამ მხრივ, ობამას მხარესაა“.

გამოკითხვების მიხედვით, ოქტომბრის დასაწყისში, როცა ობამას და რომნის შორის პირველი სატელევიზიო დებატები შედგა, რომნი გაიჭრა წინ, მაგრამ ბოლო დღეებში, განსაკუთრებით გრიგალ „სენდის“ შემდეგ, როცა ახალი ეკონომიკური მონაცემები გამოქვეყნდა, ობამამ კვლავ გაასწრო მეტოქეს. პრეზიდენტთან ერთად, ამერიკელი ამომრჩევლები 6 ნოემბერს წარმომადგენელთა პალატის დეპუტატებსაც ირჩევენ და ასკაციანი სენატის 33 ადგილსაც უყრიან კენჭს.
  • 16x9 Image

    ოქროპირ რუხაძე

    ვიდეოპროექტის და პოდკასტის „შინ - უცხოეთში“ ავტორი. მუშაობს საერთაშორისო პოლიტიკის, კულტურის თემებზე. რადიო თავისუფლების პრაღის ბიუროს ჟურნალისტი 1996 წლიდან.

XS
SM
MD
LG