Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ბარაკ ობამა: რუსეთმა ვერ უნდა მოახერხოს განხეთქილების შეტანა ტრანსატლანტიკურ ერთობაში


ბარაკ ობამა
ბარაკ ობამა

აშშ-ის პრეზიდენტი აცხადებს, რომ რუსეთის მიმართ სანქციების გამუდმებული გაფართოება არ უნდა იყოს მთავარი მიზანი. პრეზიდენტმა ბარაკ ობამამ 11 დეკემბერს პრეზიდენტთან არსებული საექსპორტო პოლიტიკის საბჭოს შეხვედრაზე განაცხადა, რომ მთავარია რუსეთმა ვერ მიაღწიოს თავის სტრატეგიულ მიზანს, შეიტანოს განხეთქილება ტრანსატლანტიკურ თანამეგობრობაში. 12 დეკემბერს კი აშშ-ის კონგრესის ქვედა პალატამ დაამტკიცა 1,1 ტრილიონი დოლარის მოცულობის საბიუჯეტო კანონპროექტი, რომელიც ფინანსურ დახმარებას ჰპირდება უკრაინის მთავრობას და იმ ქვეყნებს, რომლებმაც აღიარეს რუსეთის მიერ ყირიმის ანექსია.

აშშ-ის პრეზიდენტმა ბარაკ ობამამ მცდარი უწოდა მოსაზრებას, თითქოს სანქციების შემდგომი გაფართოების გამო ვლადიმირ პუტინი აზრს შეიცვლის. პრეზიდენტმა ბარაკ ობამამ 11 დეკემბერს პრეზიდენტთან არსებული საექსპორტო პოლიტიკის საბჭოს შეხვედრაზე განაცხადა, რომ მთავარია რუსეთმა ვერ მიაღწიოს თავის სტრატეგიულ მიზანს, ბზარი შეიტანოს ტრანსატლანტიკურ თანამეგობრობაში.

„პუტინი მაშინ მიაღწევდა წარმატებას, თუ ის შეძლებდა განხეთქილების შეტანას ტრანსატლანტიკურ თანამეგობრობაში. თქვენ რომ აშშ-ისაგან გათიშული ევროპა დაგენახათ, ეს იქნებოდა სტრატეგიული გამარჯვება და მე განზრახული მაქვს ამის თავიდან აცილება. ამის თავიდან ასაცილებლად კი, დარწმუნებული უნდა ვიყოთ, რომ ვითვალისწინებთ და სტრატეგიული მოთმინებით ვეკიდებით ევროპის ეკონომიკაზე მომხდარ რეალურ ზეგავლენას იმ სანქციებისა, რომლის მასშტაბებიც ჩვენ მიერ არის დადგენილი“.

ტრანსატლანტიკური თანამეგობრობის წევრ სახელმწიფოებს არსებით სამხედრო და ფინანსურ დახმარებას ჰპირდება საბიუჯეტო კანონპროექტი, რომელსაც 11 დეკემბერს მხარი დაუჭირა კონგრესის ქვედა პალატამ. საკანონმდებლო პროექტით, 175 მილიონი დოლარის გამოყოფა იგეგმება ევროპის უსაფრთხოების უზრუნველყოფის ინიციატივის პროგრამისათვის. აშშ-ს მთავრობას ამ პროგრამის ფარგლებში შესაძლებლობა ექნება სამხედრო დახმარება აღმოუჩინოს ბალტიისპირეთის ქვეყნებსა და ურმიანს. „უოლ სტრიტ ჯოურნალის“ თანახმად, ახალი საბიუჯეტო კანონპროექტის ფარგლებში დაგეგმილია უკრაინისათვის 1 მილიარდი დოლარის სესხის გამოყოფა.

კონგრესის ქვედა პალატის შემდეგ სამთავრობო დანახარჯების შესახებ საკანონმდებლო შესწორებას კენჭი 12 დეკემბერს აშშ-ის სენატმაც უნდა უყაროს. დოკუმენტი კრძალავს რუსეთის ცენტრალურ ხელისუფლებას დაქვემდებარებულ სტრუქტურებში ნებისმიერი ფულადი თანხის განთავსებას. საერთაშორისო საფინანსო დახმარებას ვერ მიიღებს ვერც ერთი ქვეყანა, რომლის ხელისუფლებაც მხარს დაუჭერს რუსეთის მიერ ყირიმის ანექსიას. სახელმწიფო ხარჯების შესახებ მომზადებული საკანონმდებლო პროექტი მოუწოდებს აშშ-ის თავდაცვის სამინისტროს გაწყვიტოს კონტაქტები რუსეთის სახელმწიფო სამხედრო კონცერნ „როსობორონექსპორტთან“, თუ ის არ არის ამერიკის სასიცოცხლო ინტერესებით ნაკარნახევი.

XS
SM
MD
LG