Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

გაერო: ავარიის გარემოებათა დასადგენად უნდა ჩატარდეს დამოუკიდებელი გამოძიება


გაეროს უშიშროების საბჭოს წევრები წუთიერი დუმილით პატივს მიაგებენ ავიაკატასტროფაში დაღუპულთა ხსოვნას
გაეროს უშიშროების საბჭოს წევრები წუთიერი დუმილით პატივს მიაგებენ ავიაკატასტროფაში დაღუპულთა ხსოვნას

17 ივლისს უკრაინის აღმოსავლეთში სეპარატისტთა კონტროლქვეშ მყოფ რეგიონში ჩამოვარდნილ სამგზავრო თვითმფრინავში მყოფი 298-ვე ადამიანი დაიღუპა. გაეროს უშიშროების საბჭო ერთხმად გამოდის მოწოდებით, "მალაიზიის ავიახაზების" თვითმფრინავის ჩამოვარდნის გარემოებათა დასადგენად ჩატარდეს სრული, ღრმა და დამოუკიდებელი გამოძიება.

გაეროში რუსეთის წარმომადგენელმა ვიტალი ჩურკინმა განაცხადა, ბრალს უკრაინის მთავრობას ვუყენებთ და მოვუწოდებთ, მომავალში რომ ასეთი რამ აღარ მოხდეს, გადამჭრელ ზომებს მიმართოსო.

აშშ-ის ოფიციალურმა პირებმა განაცხადეს, ვაშინგტონს ძლიერი ეჭვი აქვს, რომ „ბოინგი“ მოსკოვის მხარდაჭერით მოქმედმა უკრაინელმა სეპარატისტებმა ჩამოაგდესო.

როგორც გაეროში აშშ-ის წარმომადგენელმა სამანტა პაუერმა განაცხადა, ვაშინგტონი არ გამორიცხავს, რომ "მალაიზიის ავიახაზების" თვითმფრინავი ჩამოაგდო „ბუკის“ ტიპის სისტემამ, რომელიც მოქმედებდა აღმოსავლეთ უკრაინის იმ რაიონიდან, სადაც სეპარატისტები არიან გამაგრებულიო. პაუერისვე ვარაუდით, ტექნიკური სირთულის გამო, სეპარატისტები ვერ შეძლებდნენ მის მართვას მცოდნე პერსონალის დაუხმარებლად. ასე რომ, არ გამოვრიცხავთ რუსეთიდან ამგვარ ტექნიკურ დახმარებასო.

თვითმფრინავი ამსტერდამიდან კუალა-ლუმპურში მიფრინავდა. მგზავრთა გვამები და თვითმფრინავის ნაწილები მიმოფანტულია ათი კილომეტრის რადიუსში, დონეცკის ოლქის შახტიორსკის რაიონის სოფელ გრაბოვოსთან. ეს ადასტურებს, რომ მიწაზე დანარცხებამდე თვითმფრინავი ჰაერში დაიშალა. არ არის საბოლოოდ გარკვეული „შავი ყუთების“ ბედი. თავიდან ითქვა, რომ მათ მიაგნეს, შემდგომ კი სეპარატისტებმა ეს უარყვეს.

სეპარატისტებმა, რომლებიც რეგიონს აკონტროლებენ, განაცხადეს, რომ დაუშვებენ იქ საერთაშორისო ექსპერტებს. უკრაინის პრემიერმა არსენი იაცენიუკმა სამძიმარი გამოუცხადა დაღუპულთა ოჯახებს და განაცხადა: „ომი აღმოსავლეთ უკრაინაში არის ომი ევროპის წინააღმდეგ. მას მერე, რაც ამ ტერორისტებმა მალაიზიის თვითმფრინავი ჩამოაგდეს, ეს უკვე ომია მსოფლიოს წინააღმდეგ.“

აშშ-ის პრეზიდენტი ბარაკ ობამა 18 ივლისს გამოვიდა მოწოდებით, გულმოდგინედ იქნეს გამოძიებული უკრაინის ცაში "ბოინგის" კატასტროფა. უკრაინისადმი მიძღვნილ გამოსვლაში ობამამ პარასკევს განაცხადა, რომ აშშ წარმოადგენს გამოძიებისთვის საჭირო ნებისმიერ ინფორმაციას, გამოძიების ფედერალური ბიუროს დასკვნის ჩათვლით. ამ უწყების წარმომადგენლები უკვე გაემგზავრნენ უკრაინაში. ობამამ აღნიშნა, რომ სამგზავრო თვითმფრინავი ჩამოაგდეს რაკეტით „მიწა-ჰაერი“, დაიხოცა უდანაშაულო ხალხი. თუმცა, აღნიშნა ობამამ, ნაადრევია იმაზე ლაპარაკი, თუ რა ამოძრავებდათ მათ, ვინც რაკეტა გაუშვა. ობამამ იქვე გამოაცხადა, რომ რუსეთი არ ცდილობს უკრაინის კონფლიქტის განმუხტვას . „ვიცით, რომ ეს სეპარატისტები რუსეთიდან უწყვეტ დახმარებას იღებენ. ეს შეიცავს იარაღს, წვრთნას, ასევე მძიმე შეიარაღებას და ანტისაჰაერო იარაღს. "ბოინგში" ერთი ამერიკელი მოქალაქეც იყო, რომელსაც ორმაგი მოქალაქეობა ჰქონდა“, - განაცხადა აშშ-ის პრეზიდენტმა.

უფრო ადრე ობამამ, როცა ის უკრაინელ კოლეგას, პეტრო პოროშენკოსა და ნიდერლანდის პრემიერ-მინისტრს, მარკ რუტეს, ტელეფონით ესაუბრა, თქვა, რომ ჩამოვარდნის ადგილას მიკვლეული ნივთები არ უნდა გადაადგილდეს. აღსანიშნავია, რომ ავიალაინერის ბორტზე ნიდერლანდის 150 მოქალაქე იმყოფებოდა. რუტემ განაცხადა, ეს იყო ერთ-ერთი ყველაზე დიდი საჰაერო კატასტროფა ნიდერლანდის ისტორიაშიო.

სულ თავიდან მიუკერძოებელი გამოძიებისკენ მოწოდებით გამოვიდა რუსეთის პრეზიდენტი, ვლადიმირ პუტინი, რომელიც მიიჩნევს, რომ მალაიზიის ბოინგის კატასტროფისთვის პასუხისმგებლობა უკრაინას ეკისრება. "უდავოდ, სახელმწიფო, რომლის ტერიტორიაზეც მოხდა ეს, პასუხს აგებს ამ საშინელი ტრაგედიისთვის", - განაცხადა პუტინმა. მისი თქმით, ეს ტრაგედია არ მოხდებოდა, ამ მიწაზე მშვიდობა რომ იყოს და აღმოსავლეთ უკრაინაში არ მიმდინარეობდეს საომარი მოქმედებები. პუტინი 18 ივლისს გამოვიდა მოწოდებით, დაუყოვნებლივ შეწყდეს ცეცხლი და დაიწყოს პირდაპირი მოლაპარაკება კიევსა და სეპარატისტებს შორის. უკრაინის მთავრობა თვითმფრინავის ჩამოგდებაში რუსეთის მომხრე სეპარატისტებს ადანაშაულებს.

ნიდერლანდელებსა და მალაიზიელებთან ერთად თვითმფრინავში იმყოფებოდა ავსტრალიის 28 მოქალაქე. ავსტრალიის პრემიერ-მინისტრმა ტონი აბოტმა რუსეთი გააკრიტიკა: „რუსეთის ელჩმა თავისი პირველივე რეაქციისას მომხდარში ბრალი უკრაინას დასდო. და უნდა ვთქვა, რომ ეს ღრმად არადამაკმაყოფილებელია. ყველამ ვიცით, უკრაინაში არის პრობლემები და ისიც ვიცით, ვინ უნდა დავადანაშაულოთ არსებითად ამ პრობლემებში. ის, რომ რუსეთს შეუძლია თქვას, ამასთან არავითარი შეხება არ მაქვს, რადგან ავარია უკრაინის საჰაერო სივრცეში მოხდაო, გულწრფელად გეტყვით, ვერავითარ სერიოზულ შეფასებას ვერ უძლებს“.

უკრაინის უშიშროების სამსახურმა მალაიზიის სამგზავრო თვითმფრინავის ჩამოვარდნის გამო აღძრა სისხლის სამართლის საქმე „ტერორისტული აქტის“ მუხლით.

გერმანიის კანცლერმა, ანგელა მერკელმა, განაცხადა: „სასწრაფოდ უნდა დაიწყოს დამოუკიდებელი გამოძიება, ამისთვის საჭიროა ცეცხლის შეწყვეტა და მნიშვნელოვანია, პასუხისმგებლები მართლმსაჯულებას გადაეცნენ. ბევრი რამ ადასტურებს, რომ თვითმფრინავი ჩამოაგდეს და ამიტომ ამ საქმეს ძალიან სერიოზულად უნდა შევხედოთ“.

ამ დროს უკრაინის უშიშროების სამსახური აქვეყნებს აუდიოჩანაწერს იმის საჩვენებლად, რომ სეპარატისტებმა რუსეთიდან მიიღეს „ბუკ-ემ“-ის ტიპის ანტისაჰაერო კომპლექსი, რომელსაც ძალუძს ძალიან მაღლა მოძრავი საფრენი აპარატების ჩამოგდება. აღმოსავლეთუკრაინელი სეპარატისტი სამხედროების საუბარში ნათქვამია, მადლობა ღმერთს, ამ დილით „ბუკ-ემი“ ჩამოვიდა და ვითარება გაუმჯობესდებაო.

მსოფლიოს შიდსის კვლევის საზოგადოება გლოვობს თავის კოლეგებს, რომლებიც იმ მგზავრებს შორის იყვნენ და სხვებთან ერთად დაიღუპნენ. შიდსის ათეულობით ექსპერტი ავსტრალიაში მიფრინავდა შიდსისადმი მიძღვნილ საერთაშორისო კონფერენციაზე. მგზავრთა შორის იყო ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის წარმომადგენელიც.

  • 16x9 Image

    ოქროპირ რუხაძე

    ვიდეოპროექტის და პოდკასტის „შინ - უცხოეთში“ ავტორი. მუშაობს საერთაშორისო პოლიტიკის, კულტურის თემებზე. რადიო თავისუფლების პრაღის ბიუროს ჟურნალისტი 1996 წლიდან.

XS
SM
MD
LG