Accessibility links

ერთდროულად სამი სკანდალი ვაშინგტონში


ბარაკ ობამა

ბარაკ ობამა

ვაშინგტონი ერთდროულად სამმა სკანდალმა მოიცვა. შეერთებული შტატების პრეზიდენტად მეორე ვადით არჩევიდან სულ ექვს თვეში ბარაკ ობამა კრიტიკის ქარცეცხლშია მოქცეული როგორც ოპოზიციონერი რესპუბლიკელების, ისე ზოგი თანაპარტიელის მხრიდან. რა არის მიზეზი, უფრო ზუსტად, მიზეზები?

პირველი მიზეზი: გაურკვევლობა იმის გარშემო, ობამას ადმინისტრაცია არასწორ ინფორმაციას აწვდიდა თუ არა საზოგადოებას ლიბიაში აშშ-ის საკონსულოზე შარშან, სექტემბერში, მოწყობილი თავდასხმის თაობაზე. ამ თემამ წელს ისევ შეიძინა აქტუალობა მას შემდეგ, რაც გაჟონა ინფორმაციამ, რომ ვაშინგტონის ადმინისტრაციამ, როგორც ჩანს, სათანადოდ არ წარმოაჩინა თავდასხმაში ტერორისტების მონაწილეობის ფაქტორი.

მეორე მიზეზი: გაირკვა, რომ შეერთებული შტატების საგადასახადო სამსახური შარშან, წინასაარჩევნო პერიოდში, მიკერძოებას იჩენდა და განსაკუთრებით გულდასმით ამოწმებდა კონსერვატიული ჯგუფების დოკუმენტებს.

და მესამე მიზეზი: აშშ-ის იუსტიციის სამინისტრომ აღიარა, რომ მალულად მოიპოვა ეროვნულ უსაფრთხოებასთან დაკავშირებულ საკითხზე მომუშავე ჟურნალისტების სატელეფონო საუბრების ჩანაწერები.

ეჭვს არ იწვევს, რომ ამის გამო ხალხი ვაშინგტონში ბობოქრობს - გაცილებით მეტად, ჩემი აზრით, ვიდრე ქვეყნის სხვა ადგილებში. ხალხი ამაზე ლაპარაკობს, ყურადღებას იჩენს...
ეს სამი ამბავი ვაშინგტონში სკანდალებად აღიქმება და საფუძველს უქმნის ობამას ადმინისტრაციის მიმართ მძაფრ კრიტიკას, რომ ის ძალაუფლებით ბოროტად სარგებლობს და პრესის თავისუფლებას ზღუდავს.

„ეჭვს არ იწვევს, რომ ამის გამო ხალხი ვაშინგტონში ბობოქრობს - გაცილებით მეტად, ჩემი აზრით, ვიდრე ქვეყნის სხვა ადგილებში. ხალხი ამაზე ლაპარაკობს, ყურადღებას იჩენს, თვალს ადევნებს და, ვფიქრობ, საბოლოოდ, მოელის, რომ მიიღებს გარკვეულ პასუხებს შეკითხვებზე - რას ნიშნავს ეს ყველაფერი“, - შენიშნავს პოლიტიკური სტრატეგიის ექსპერტი, დემოკრატიული პარტიის წარმომადგენელი კრის ლიჰეინი.

როგორც ჩვენი კორესპონდენტი ჰეზერ მაჰერი ამბობს, ვაშინგტონში ხშირად ისმის შეკითხვა, რამდენად ასუსტებს პრეზიდენტ ობამას პოზიციას ერთბაშად სამ მნიშვნელოვან საკითხთან დაკავშირებული მითქმა-მოთქმა და კრიტიკა.

ამ შეკითხვის პასუხად, პოლიტიკის ექსპერტი სტივენ ჰესი, რომელიც ოთხი პრეზიდენტის მრჩეველი იყო, შემდეგ შეფასებას გამოთქვამს: „ეს არ არის საბედისწერო სკანდალები - არ არის პრეზიდენტ ნიქსონის „უოტერგეიტი“, ბილ კლინტონის “უაიტუოტერი“. ობამას არ მოელის იმპიჩმენტის მომენტი. მაგრამ ეს სკანდალები წამოჭრის შეკითხვებს მის ადმინისტრაციაზე, მის მრჩევლებზე - იმაზე, თუ რამდენად მკაცრად მეთვალყურეობს ეს ხალხი ბიუროკრატიას და რამდენად გადააქვთ პოლიტიკური საკითხები სფეროებში, სადაც ისინი, წესით, არ უნდა იყოს“.

გადავხედე ფინანსთა სამინისტროს ინსპექციის ანგარიშს და ვფიქრობ, რომ დარღვევა, რომელიც მან გამოააშკარავა, მიუტევებელია. ის მიუტევებელია და ამერიკელებს აქვთ გაჯავრების უფლება...
ასეთი შეკითხვები და მითქმა-მოთქმა კი ობამას ხელს უშლის პრეზიდენტობის მეორე ვადისთვის დასახულ ამოცანებზე მუშაობაში. „პრობლემა არის ის, რომ ეს ყველაფერი ძალას ართმევს, დიდ დროს ართმევს შესაძლებლობის მხრივ, რომ ყურადღება გაამახვილოს სერიოზულ პოლიტიკურ საკითხებზე, რომლებიც პირველ ადგილზეა მის დღის წესრიგში“, - განმარტავს პოლიტოლოგი სტივენ ჰესი.

ობამას თანაპარტიელები პრეზიდენტს მოუწოდებენ სწრაფად მოახდინოს რეაგირება - მიმართოს საპასუხო ზომებს სკანდალურ საკითხებთან დაკავშირებით. ამ მხრივ, თეთრმა სახლმა ორი მნიშვნელოვანი ნაბიჯი გადადგა: გამოაქვეყნა ლიბიაში აშშ-ის საკონსულოზე თავდასხმის შესახებ ოფიციალური მიმოწერის ამსახველი ასგვერდიანი მასალა და იმავე დღეს, ოთხშაბათს, პრეზიდენტმა ობამამ გამოაცხადა, რომ თანამდებობიდან ათავისუფლებს საგადასახადო სამსახურის მოვალეობის შემსრულებელს.

„გადავხედე ფინანსთა სამინისტროს ინსპექციის ანგარიშს და ვფიქრობ, რომ დარღვევა, რომელიც მან გამოააშკარავა, მიუტევებელია. ის მიუტევებელია და ამერიკელებს აქვთ გაჯავრების უფლება - მეც გავჯავრდი. მე არ შევეგუები ასეთ ქმედებას“, განაცხადა ბარაკ ობამამ ოთხშაბათს, თეთრ სახლში გამოსვლისას.

დაბოლოს, რაც შეეხება სკანდალს, რომელმაც უცხოეთში განსაკუთრებული ყურადღება მიიპყრო, ჟურნალისტების სატელეფონო საუბრების ჩაწერას. თეთრმა სახლმა აშშ-ის კონგრესს მოუწოდა, მიიღოს კანონი, რომელიც ჟურნალისტებს დაიცავს ზეწოლისაგან, გაამხილონ მათთვის კონფიდენციალური ინფორმაციის მიმწოდებლის ვინაობა.
XS
SM
MD
LG