Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

პრეზიდენტ ობამას ყოველწლიური მიმართვა


"დღეს ამერიკაა ის ქვეყანა, რომელიც ძლიერად დგას საკუთარ მოკავშირეებთან ერთად, მაშინ როცა რუსეთი იზოლაციაში მოექცა და მისი ეკონომიკაც დაუძლურებულია" - პრეზიდენტი ობამა

შეერთებულ შტატებში ეკონომიკის ზრდის და ავღანეთში საომარი ოპერაციების დასრულების ფონზე დადგა დრო ამერიკამ ეკონომიკური კრიზისის და ომის პერიოდი დაასრულოს და ქვეყნის ისტორიის ახალი გვერდი გადაშალოს - აცხადებს პრეზიდენტი ობამა. ამერიკის პრეზიდენტი გუშინ გვიან საღამოს განახლებული კონგრესის -რესპუბლიკელებით მთლიანად კონტროლირებული საკანონმდებლო ორგანოს- გაერთიანებული სხდომის წინაშე ყოველწლიური მოხსენებით წარსდგა.

პრეზიდენტის რეიტინგი ეკონომიკური მდგომარეობის გაუმჯობესებასთან ერთად იზრდება. ამერიკაში უმუშევრობის მაჩვენებლების შემცირება და ეკონომიკის ზრდა ბოლო 16 წლის მანძილზე საუკეთესო მაჩვენებლებით აღინიშნა. მოხსენებაში პრეზიდენტი აცხადებს, რომ ბოლო 4 წლის მანძილზე შეერთებულ შტატებში ბევრად მეტი სამუშაო ადგილი შეიქმნა, ვიდრე ევროპის ქვეყნებში, იაპონიაში და ყველა სხვა მოწინავე ეკონომიკის მქონე სახელმწიფოში ერთად.

ობამამ ყოველწლიურ მიმართვაში საშუალო კლასის გაძლიერების აუცილებლობაზე ისაუბრა და რამდენიმე შესაბამისი ინიციატივითაც გამოვიდა. პრეზიდენტს უმდიდრეს ფენაზე გადასახადების გაზრდა და სტუდენტებისთვის სათემო კოლეჯებში საფასურების გაუქმება სურს, რასაც სავარაუდოდ რესპუბლიკელების მხრიდან მტკიცე ოპონირება ელის.

მიმართვის მთავარი თემები გლობალური საკითხებიც იყო, კერძოდ: უსაფრთხოების პრობლემები, ექსტრემიზმთან და ტერორიზმთან ბრძოლა, კლიმატური ცვლილებები, ავღანეთში მისიის დასრულება, დაჯგუფება „ისლამურ სახელმწიფოსთან“ ბრძოლის აუცილებლობა, რუსეთის აგრესია უკრაინაში და სხვა მრავალი. ერაყში და სირიაში პრეზიდენტის თქმით, შეერთებული შტატები ისლამური ექსტრემიზმის წინააღმდეგ იერიშების წინამძღოლია. ტერორისტული დაჯგუფების გასანადგურებლად შექმნილ ფართომასშტაბიან კოალიციაში არაბული სახელმწიფოებიც არიან გაერთიანებული. "მოვუწოდებ კონგრესს, ვაჩვენოთ ჩვენი ერთობა ამ მისიაში, რათა მიღებულ იქნას ერთობლივი რეზოლუცია "ისლამური სახელმწიფოს" წინააღმდეგ ძალის გამოყენების შესახებ"- განაცხადა შეერთებული შტატების პრეზიდენტმა.

რაც შეეხება უკრაინაში მიმდინარე მოვლენებს, პრეზიდენტ ობამას თქმით, ამერიკა ერთგულია იმ პრინციპის, რომ გვერდში დაუდგეს პატარა ქვეყნებს, რომელთაც დიდი ქვეყნები ჩაგრავენ. შესაბამისად შეერთებული შტატები წინ აღუდგება რუსეთის აგრესიას, მხარს უჭერს უკრაინის დემოკრატიას და ამაში ნატოს მოკავშირეებსაც დაარწმუნებს. „გასულ წელს, როცა მოკავშირეებთან ერთად სანქციების დაწესებაზე რთულ სამუშაოს ვასრულებდით, ზოგიერთები ამბობდნენ, რომ პუტინის აგრესია მისი სტრატეგიის და ძლიერების ოსტატური გამოხატულება იყო. თუმცა დღეს ამერიკაა ის ქვეყანა, რომელიც ძლიერად დგას საკუთარ მოკავშირეებთან ერთად, მაშინ როცა რუსეთი იზოლაციაში მოექცა და მისი ეკონომიკაც დაუძლურებულია" - განაცხადა პრეზიდენტმა ობამამ.

.

XS
SM
MD
LG