Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ბარაკ ობამა განაგრძობს ბოლო უცხოურ ტურნეს აშშ-ის პრეზიდენტის რანგში


ბარაკ ობამა ათენში გამოსვლისას (16.11.2016).
ბარაკ ობამა ათენში გამოსვლისას (16.11.2016).

15 ნოემბერს დაიწყო აშშ-ის პრეზიდენტის რანგში ბარაკ ობამას ბოლო უცხოური ტურნე, რომლის პროგრამაშია ვიზიტები საბერძნეთში, გერმანიასა და პერუში. 16-ში, ვიდრე პრეზიდენტის თვითმფრინავი ათენიდან ბერლინში გაფრინდებოდა, ობამამ სიტყვა წარმოთქვა საბერძნეთის დედაქალაქში. ამ სიტყვაში ის ბევრ საკითხს შეეხო, სხვათა შორის ისაუბრა ძალაუფლების „რბილად“ გადაბარების აუცილებლობაზეც.

ობამას განცხადებით, მასა და მის მემკვიდრეს, დონალდ ტრამპს შორის არსებული აზრთა სხვადასხვაობის მიუხედავად, ის ყოველ ღონეს იხმარს მომავალი პრეზიდენტისთვის ძალაუფლების უმტკივნეულოდ გადასაცემად. ობამამ დასძინა, რომ ის და მისი მემკვიდრე უკიდურესად განსხვავებული ადამიანები არიან, მაგრამ „ამერიკის დემოკრატია ნებისმიერ ცალკეულ ადამიანზე უფრო დიდია“.

ევროპაზე საუბრისას, აშშ-ის პრეზიდენტმა თქვა, რომ კონტინენტის ინტეგრაცია და ევროპის კავშირი კაცობრიობის ისტორიაში უმნიშვნელოვანეს მოვლენათა რიგშია და დღეს, როგორც არასდროს, მსოფლიოს სჭირდება ძლიერი, აყვავებული და დემოკრატიული ევროპა: „აქ, ევროპაში, დღეს არსებული პრობლემების პირობებშიც კი, ღრმად ვარ დარწმუნებული, რომ ევროპის ინტეგრაცია და ევროპის კავშირი კაცობრიობის ისტორიაში უმნიშვნელოვანესი პოლიტიკური და ეკონომიკური მოვლენების რიგშია. და დღეს, როგორც არასდროს, მსოფლიოს სჭირდება ძლიერი, აყვავებული და დემოკრატიული ევროპა. მაგრამ ევროპაში მოქმედმა ყველა ინსტიტუტმა საკუთარ თავს უნდა ჰკითხოს, როგორ უნდა მივაღწიოთ იმას, რომ ცალკეული ქვეყნების მოქალაქეებს ჰქონდეთ შეგრძნება, რომ მათი ხმა კვლავინდებურად ესმით, მათს იდენტობას ანგარიშს უწევენ“, აღნიშნა აშშ-ის პრეზიდენტმა.

ათენში ობამამ ისაუბრა იმ პრინციპების ერთგულებაზეც, რომელთა დაცვას ზოგჯერ ართულებს გლობალიზაციასთან და სამუშაო ადგილების მოძრაობასთან დაკავშირებული პრობლემები.

საბერძნეთიდან ვაშინგტონის ადმინისტრაციის ხელმძღვანელი გაემგზავრა ბერლინში, სადაც დაგეგმილია მისი შეხვედრა გერმანიის კანცლერთან, ანგელა მერკელთან.

ბერლინიდან ბარაკ ობამა ხუთშაბათს გაფრინდება პერუში და მონაწილეობას მიიღებს აზიისა და წყნარი ოკეანის ქვეყნების ეკონომიკური თანამშრომლობის ორგანიზაციის ფორუმში. შაბათს, 19 ნოემბერს ობამა ვაშინგტონში დაბრუნდება.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG