Accessibility links

ობამა და ტუსკი უკრაინაზე ისაუბრებენ


ობამა და ტუსკი

ობამა და ტუსკი

აშშ-ის პრეზიდენტი ბარაკ ობამა 9 მარტს ვაშინგტონში მასპინძლობს ევროპის საბჭოს პრეზიდენტს დონალდ ტუსკს. შეხვედრა თბილისის დროით შუაღამისას დაიწყება.

თეთრი სახლი აცხადებდა, რომ ლიდერები უკრაინის კონფლიქტზე იმსჯელებდნენ. სხვა საკითხებთან ერთად.

უკრაინის აღმოსავლეთში ბრძოლის ინტენსივობამ მნიშვნელოვნად დაიკლო მას შემდეგ, რაც, საფრანგეთის და გერმანიის ლიდერების შუამავლობით, 12 თებერვალს მინსკში გაფორმდა საზავო შეთანხმება. ამან გააძლიერა იმედები კონფლიქტის დასრულების თაობაზე. აპრილის შემდეგ კონფლიქტს 6 000-ზე მეტი ადამიანი ემსხვერპლა. მაგრამ უკრაინა შიშობს, რომ მეამბოხეები საზავო პერიოდს შესაძლოა გადაჯგუფებისა და ახალი შეტევების მომზადებისთვის იყენებდნენ.

„ნიუ იორკ ტაიმსში“ 8 მარტს გამოქვეყნებულ ინტერვიუში ტუსკი აცხადებდა, რომ ევროპა ამ მომენტისთვის არ არის მზად მოსკოვისთვის სანქციების გასაფართოებკად, მიუხედავად იმ პროვოკაციებისა, რომლებსაც, მისი თქმით, „აგრესორი“ რუსეთის ფაქტორი იწვევს.

ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრებმა 7 მარტს რიგაში გამართულ შეხვედრაზე მიიღეს გადაწყვეტილება, რომ მყიფე ზავს კიდევ გარკვეულ დროს მისცემენ ასამოქმედებლად - სანამ გადაწყვეტენ დააწესონ თუ არა ახალი სანქციები, ან გაახანგრძლივონ თუ არა მოქმედი ზომები.

ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა ფილიპ ჰემონდმა 8 მარტს BBC-სთან საუბარში ევროკავშირის პოზიცია ასე ახსნა: „ახალი შეთანხმების გაფორმების შემდეგ ძალადობა შემცირდა, მაგრამ მე ვერ ვხედავ, რომ შეცვლილი იყოს ბატონი პუტინის სტრატეგიული მიზნები. ამდენად, ახლა კითხვა ისაა, თუ რა მეთოდებს გამოიყენებს ის ამ მიზნების მისაღწევად. ყველას გვაქვს იმედი, რომ ძალადობა შემცირდება და ეს ტენდენცია შენარჩუნდება. და მკაფიოდ არის ნათქვამი, რომ მასშტაბური შეტევის შემთხვევაში - მაგალითად, მარიუპოლზე - საპასუხო ნაბიჯი იქნება ევროკავშირის მხრიდან რუსეთზე ეკონომიკური ზეწოლის მნიშვნელოვანი გაძლიერება“.

დონალდ ტუსკი, მკაფიოდ პროამერიკული პოლონეთის ექს-პრემიერ-მინისტრი, სექტემბერში გახდა ევროპის საბჭოს პრეზიდენტი. მან ამ პოსტზე ჰერმან ვან რუმპე შეცვალა და იქცა პირველ აღმოსავლეთევროპელ პოლიტიკოსად, რომელიც ერთ-ერთ ყველაზე გავლენიან პოსტს იკავებს ევროკავშირში.

„ნიუ-იორკ ტაიმსისთვის“ მიცემულ ინტერვიუში ტუსკი ამბობს, რომ აღმოსავლეთ უკრაინაში მიმდინარე კონფლიქტი და რუსეთის მიერ ყირიმის ანექსირება ერთ-ერთია „ბევრი კრიზისიდან“, რომლებიც ევროპის უსაფრთხოებას ემუქრება და ევროკავშირისა და აშშ-ის მხრიდან ერთობლივ რეაგირებას საჭიროებს. საშიშროების მაგალითებად მან დაასახელა მზარდი კრიზისი ლიბიაში და ისლამისტი ექსტრემისტებისგან მომდინარე ძალადობის საფრთხე.

XS
SM
MD
LG