Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ბარაკ ობამას გამოსვლა აშშ-ის კონგრესში


აშშ-ის პრეზიდენტმა ბარაკ ობამამ უკანასკნელად მიმართა კონგრესს ყოველწლიური მოხსენებით სახელმწიფოს მდგომარეობის შესახებ. პრეზიდენტმა მომავალი წლის საქმიანობის გეგმაზეც ისაუბრა და შეასრულა აშშ-ის კონსტიტუციით დაკისრებული მოვალეობა, რომ „დროდადრო კონგრესს ქვეყანაში მიმდინარე მოვლენებზე მიაწოდოს ინფორმაცია“.

უკანასკნელი რამდენიმე ათწლეულის განმავლობაში კიდევ ერთი ტრადიცია ჩამოყალიბდა: ღონისძიებაზე დასასწრებად იწვევენ საგანგებო სტუმრებს, რომლებიც პრეზიდენტის გამოსვლას პირველი ლედის ლოჟიდან უყურებენ. საღამოზე მოწვეული იყო 23 საგანგებო სტუმარი. მათ შორის იყვნენ სირიელი ლტოლვილი რეფაი ჰამო, რომელიც ამერიკაში ემიგრაციამდე არაერთ ტრაგედიას გადაურჩა; სპენსერ სტოუნი, ერთ-ერთი იმ გმირთაგანი, რომელმაც ევროპაში ტერორისტული თავდასხმა აღკვეთა; და ლიზა ჯესტერი, არმიის თადარიგის პირველი ქალი ოფიცერი, რომელმაც რეინჯერთა სკოლა დაამთავრა.

მოხსენებაში ობამამ არაერთ საკითხზე ისაუბრა. პრეზიდენტმა არასწორი უწოდა რესპუბლიკელების კრიტიკას, რომ ამერიკა სუსტდება საერთაშორისო ასპარეზზე და რომ სწორედ ამერიკამ უნდა დაამარცხოს რადიკალური დაჯგუფება „ისლამური სახელმწიფო“.

„ხალხი არც მოსკოვს უყურებს და არც პეკინს, როგორც ლიდერ სახელმწიფოს, ისინი გვიყურებენ ჩვენ“, - განაცხადა ობამამ.

ზოგიერთი რესპუბლიკური პარტიის კანდიდატი, რომელიც იბრძვის, რომ მომავალ წელს ჩაანაცვლოს ბარაკ ობამა, მოუწოდებს მას მიიღოს უფრო მკაცრი ზომები რადიკალური დაჯგუფების, „ისლამური სახელმწიფოს“ გასანადგურებლად ერაყსა და სირიაში, იმ ტერიტორიების უფრო აქტიური დაბომბვით, რომლებიც ექსტრემისტებს აქვთ დაკავებული.

ქვეყნის პირველი პირის თქმით, მებრძოლთა ჯგუფები წარმოადგენს უდიდეს საფრთხეს მოსახლეობისთვის და ისინი უნდა შეჩერდნენ, მაგრამ ისინი ვერ დაემუქრებიან ჩვენი სახელმწიფოს არსებობას. „დაარქვით მათ ნამდვილი სახელები, რომ არიან მკვლელები და ფანატიკოსები“, - განაცხადა ობამამ. „უნდა გავანადგუროთ და ფესვებიანად ამოვძირკვოთ ტერორისტები.“ პრეზიდენტის თქმით თუ კონგრესს მართლაც სურს დაამარცხოს "რადიკალური ისლამური" სახელმწიფო, მაშინ მან ფორმალური ძალაუფლება უნდა მიანიჭოს პრეზიდენტს დაჯგუფებასთან საბრძოლველად. მაგრამ, მისივე თქმით, სახიფათოა იმაზე ფიქრი, რომ ამერიკას შეუძლია გადაიბაროს და თავიდან ააშენოს კრიზისში მყოფი ქვეყანა. ეს იქნება რეცეპტი ამერიკის განადგურებისთვის.

ობამამ უკრაინასა და სირიაზეც ისაუბრა და განაცხადა, რომ მართალია, რუსეთი ცდილობს პროცესის ჩაშლას, მაგრამ ეს ორი ქვეყანა მაინც კარგავს მოსკოვის გავლენას. „მიუხედავად ეკონომიკური ვარდნისა, რუსეთი მაინც აგრძელებს საკუთარი რესურსის ხარჯვას სირიასა და უკრაინაზე - ქვეყნებზე, რომლებიც მათ თვალწინ გადიან გავლენის სფეროდან“, - განაცხადა ობამამ. აშშ-ის პრეზიდენტი თვლის, რომ დღეს მსოფლიოს საფრთხეს უქმნის “არა ბოროტი იმპერიები“, არამედ „შეუმდგარი სახელმწიფოები“.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG