Accessibility links

აშშ ამზადებს „ისლამურ სახელმწიფოსთან“ ბრძოლის სტრატეგიას


აშშ-ის პრეზიდენტი ბარაკ ობამა 10 სექტემბერს მსოფლიოს გააცნობს გეგმას, რომლის მიხედვითაც ვაშინგტონი აპირებს ექსტრემისტების გაერთიანება „ისლამურ სახელმწიფოსთან“ ბრძოლას. ამის შესახებ ობამამ კვირას ტელეინტერვიუში განაცხადა. იმავე დღეს აშშ-მა გაზარდა საჰაერო თავდასხმების მასშტაბი ერაყში.

ბარაკ ობამას განცხადებით, აშშ აპირებს „სისტემატურად დაასუსტოს“ „ისლამური სახელმწიფო“. საბოლოოდ, მას დავამარცხებთო, - უთხრა შეერთებული შტატების პრეზიდენტმა ჟურნალისტს ტელეკომპანია NBC-თან ინტერვიუს მსვლელობაში.

„ჩვენ არ ვაპირებთ 100 000 ამერიკელი ჯარისკაცის გაგზავნას. ჩვენ ვიქნებით საერთაშორისო კოალიციის წევრები, განვახორციელებთ საჰაერო დარტყმებს იმ სამუშაოს მხარდასაჭერად, რომელსაც ხმელეთზე ახორციელებენ ერაყელი ჯარისკაცები, ქურთი ჯარისკაცები. ჩვენ მათ დავეხმარებით გეგმის მომზადებით, რათა შეძლონ კონტროლის აღდგენა ტერიტორიაზე, რომელიც „ისლამურმა სახელმწიფომ“ დაიპყრო“, განაცხადა ობამამ.

რა სტრატეგია აქვს შეერთებულ შტატებს „ისლამური სახელმწიფოს“ დასამარცხებლად, ამას ოთხშაბათს შევიტყობთ. ამასობაში, არაბთა ლიგამ პირობა დადო, რომ „ყველა საჭირო ზომას“ მიმართავს „ისლამური სახელმწიფოს“ ექსტრემისტების დასამარცხებლად. 7 სექტემბერს კაიროში გამართულ შეხვედრაზე არაბთა ლიგის საგარეო საქმეთა მინისტრებმა მხარი დაუჭირეს გაეროს უშიშროების საბჭოს რეზოლუციას, რომელიც შეიცავს გაეროს წევრი ქვეყნებისადმი მოწოდებას, „ხელი შეუშალონ ერაყსა და სირიაში უცხოელი მებრძოლების შედინებას და ექსტრემისტული ჯგუფების დაფინანსებასა და სხვა სახის მხარდაჭერას“.

იუწყებიან ასევე, რომ ერაყის მთავრობის ჯარებმა და მოკავშირე გასამხედროებულმა ჯგუფებმა კონტრშეტევა წამოიწყეს ჰადიტასთან - დასავლეთ ერაყში, ანბარის პროვინციაში მდებარე სტრატეგიული მნიშვნელობის კაშხალთან. იერიშის დროს კონტროლი დაამყარეს ამ ობიექტის სამხრეთით, 10-მდე კილომეტრში მდებარე ქალაქ ბარვანაზე.

ჰადიტასთან იერიშის შესახებ თბილისშიც გაკეთდა განცხადება აშშ-ის თავდაცვის მინისტრის ჩაკ ჰეიგელის ვიზიტის დროს. როგორც ჰეიგელმა 7 სექტემბერს თქვა, შეერთებულ შტატებს ერაყის მთავრობამ მიმართა თხოვნით, საჰაერო დარტყმები განეხორციელებინათ ჰადიტის კაშხალთან, რომელიც, მინისტრის სიტყვებით, უაღრესად მნიშვნელოვანი ობიექტია ერაყისათვის.

„ეს კაშხალი რომ „ისლამური სახელმწიფოს“ ხელში ჩავარდეს ან ეს კაშხალი რომ დაინგრეს, ეს უაღრესად დიდ ზარალს გამოიწვევდა“,- აღნიშნა ჰეიგელმა თბილისში ვიზიტისას გამართულ პრესკონფერენციაზე.

შეერთებული შტატების წინა საჰაერო დარტყმები „ისლამური სახელმწიფოს“ წევრი ექსტრემისტების წინააღმდეგ ჩრდილოეთ ერაყში ხორციელდებოდა - იქ, სადაც სუნიტების სარდლობით მოქმედმა მეომრებმა ბოლო თვეებში დაიპყრეს ტერიტორიის დიდი ნაწილი და დახოცეს ასობით არასუნიტი.

ერაყის უშიშროების სამსახურის წარმომადგენლის, აბდელ-ჰაკიმ ალ-ჯეგჰეიფის ინფორმაციით, ჰადიტასთან ათობით ექსტრემისტი დაიღუპა აშშ-ის საჰაერო დარტყმების შედეგად და დაწყებულია მასშტაბური სახმელეთო ოპერაცია ადგილობრივი თემების წევრთა მხარდაჭერით.

XS
SM
MD
LG