Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ობამა: აშშ ეომება ტერორიზმს და არა ისლამს


აშშ-ის პრეზიდენტი ბარაკ ობამა სიტყვით გამოვიდა თეთრ სახლში, ძალადობრივ ექსტრემიზმთან დაპირისპირების შესახებ გამართულ სამდღიან სამიტზე.

„ჩვენ ისლამს არ ვეომებით. ჩვენ ვეომებით ხალხს, ვინც ისლამი დაამახინჯა“, - განაცხადა მან.

ტერორიზმი არც ერთი რელიგიის ბრალი არ არის. ძალადობა და ტერორიზმი ადამიანების ბრალიაო, - დასძინა ობამამ.

ბოლო ხანებში თეთრი სახლის მისამართით გახშირდა კრიტიკა, რომ ის თავს არიდებს ექსტრემიზმის დაკავშირებას ისლამთან. კრიტიკა განსაკუთრებით ხმამაღალი გახდა ისლამისტი ექსტრემისტების მიერ პარიზსა და კოპენჰაგენში განხორციელებული თავდასხმების შემდეგ.

მაგრამ ბარაკ ობამას მთელი სიტყვა სწორედ ამ პოზიციას ეყრდნობოდა - ექსტრემისტული ჯგუფის, „ისლამური სახელმწიფოს“, განცალკევებას ისლამისგან:

„რასაკვირველია, ეს ტერორისტები არანაირად არ წარმოადგენენ იმ მილიარდზე მეტ მუსლიმს, ვინც უარყოფს მათ სიძულვილზე დაფუძნებულ იდეოლოგიას. ისინი ისევე არ გამოხატავენ ისლამს, როგორც ნებისმიერი შეშლილი, ვინც ადამიანებს ღმერთის სახელით ხოცავს, არ გამოხატავს ქრისტიანობას, იუდაიზმს, ბუდიზმს თუ ინდუიზმს. ტერორიზმზე პასუხისმგებლობა არც ერთ რელიგიას არ ეკისრება. ძალადობასა და ტერორიზმზე პასუხს ადამიანები აგებენ“.

აშშ-ის პრეზიდენტმა „ისლამურ სახელმწიფოს“ უწოდა მთელი მსოფლიოსთვის არსებული საფრთხე და დასძინა, რომ ეს ჯგუფი, ისევე როგორც ალ-ყაიდა, მთელი ძალებით ცდილობს „ლეგიტიმაციის მოპოვებას“:

„ამ ტერორისტებს არ უნდა მივანიჭოთ ის რელიგიური ლეგიტიმაცია, რომელიც სურთ. ისინი არ არიან რელიგიური ლიდერები, ისინი ტერორისტები არიან“.

მესიჯს, რომ აშშ ისლამს არ ეომებოდა, ხშირად იმეორებდა აშშ-ის წინა პრეზიდენტი, ჯორჯ ბუშიც.

ბარაკ ობამამ ამერიკელ მუსლიმებს მოუწოდა უფრო მეტი გააკეთონ „ძალადობრივ ექსტრემიზმთან“ დასაპირისპირებლად.

„მუსლიმთა ლიდერებმა უფრო მეტი უნდა გააკეთონ იმ მოსაზრების გასაქარწყლებლად, რომ ჩვენს ქვეყნებს ისლამის შევიწროება სურთო“, - თქვა მან.

ობამამ ექსტრემიზმისა და სოციალური უთანასწორობის გადაკვეთის წერტილებზეც ილაპარაკა:

„მხოლოდ სიღარიბე არ უბიძგებს ადამიანს ტერორიზმისკენ - ისევე როგორც მხოლოდ სიღარიბე არ აიძულებს ადამიანს კანონი დაარღვიოს. მილიარდობით ადამიანი უმძიმეს სიღარიბეში ცხოვრობს, შრომობს, რომ ცხოვრება გაიუმჯობესოს და არასოდეს იზიარებს ძალადობრივ იდეოლოგიას. მეორე მხრივ, არსებობენ ტერორისტები, რომლებიც გამორჩეულად მდიდარი გარემოდან არიან - ოსამა ბინ ლადენი, მაგალითად“.

თუმცა, ამის მიუხედავად, ობამამ იმ გარემოებაზეც ისაუბრა, რომ სიღატაკე და უიმედობა მნიშვნელოვანი ფაქტორებია ექსტრემიზმის ფესვების გასააზრებლად:

„თუმცა, ცხადია, ისიც მართალია, რომ როცა მილიონობით ადამიანი - განსაკუთრებით, ახალგაზრდობა - გაღატაკებულია და მომავლის იმედი საერთოდ არ აქვს, როცა კორუფცია ყოველდღიურად იწვევს ადამიანების დამცირებას, როცა ხალხი თავის შეშფოთებას ვერანაირად ვერ გამოხატავს - ასეთ ვითარებაში ანტაგონიზმი მახინჯ ფორმებს იღებს“.

ობამას თქმით, ექსტრემისტული პროპაგანდა განსაკუთრებით ახალგაზრდა მუსლიმებზე ჭრის, რომლებიც შემდეგ „ისლამური სახელმწიფოს“ რიგებს უერთდებიან სირიაში ან ქვეყნის შიგნით აწყობენ თავდასხმებს.

გასულ კვირაში კონგრესში გამართულ შეხვედრაზე აშშ-ის სადაზვერვო სტრუქტურების წარმომადგენლებმა განაცხადეს, რომ 150-დე ამერიკელმა სცადა სირიაში წასვლა, ისლამისტ ექსტრემისტებთან შეერთების მიზნით.

XS
SM
MD
LG