Accessibility links

logo-print

ბარაკ ობამას სურს სოციალურ უთანასწორობას შეებრძოლოს


ბარაკ ობამა

ბარაკ ობამა

აშშ-ის პრეზიდენტმა ბარაკ ობამამ თავის ყოველწლიურ სიტყვაში „ქვეყნის მდგომარეობის შესახებ“ გამოაცხადა და წარმოადგინა, როგორც მან უწოდა, „კონკრეტული პრაქტიკული წინადადებები“ მდიდარსა და ღარიბს შორის ეკონომიკური უფსკრულის შესამცირებლად. სამშაბათ საღამოს გამოსვლისას ბარაკ ობამამ განაცხადა, რომ „სადაც და როცა კი“ შესაძლებელი იქნება, ის კონგრესის გვერდის ავლით და კანონის მიუღებლად მიიღებს გადაწყვეტილებებს აშშ-ის ეკონომიკის, საშუალო ფენის ამერიკული ოჯახებისთვის ხელის შესაწყობად:

„დღეს, ეკონომიკური ზრდის ოთხი წლის თავზე, კორპორაციების მოგებებმა და საბირჟო აქციების ფასმა არნახულ დონეს მიაღწია, საშუალო ხელფასები კი თითქმის არ გაზრდილა. უთანასწორობა გაღრმავდა. აღმასვლა შეჩერდა. მკაცრი, მწარე ფაქტია, რომ, ეკონომიკის გაჯანსაღების ფაზაშიც კი, ძალიან ბევრი ამერიკელი თავის გასატანად მუშაობს მეტს, ვიდრე როდისმე უმუშავია, ბევრს კი სამუშაოც არა აქვს“.
სადაც და როცა კი შევძლებ, მივმართავ ზომებს, თუნდაც კანონის მიუღებლად, რათა ამერიკელთა რაც შეიძლება მეტ ოჯახს მივცე წინსვლის შესაძლებლობა. ამის გაკეთებას ვაპირებ...

ობამას თქმით, ის მოუთმენლად ელის შესაძლებლობას, კანონმდებლებთან ერთად დაჯდეს, ეკონომიკური ზრდის კიდევ უფრო დასაჩქარებლად და საშუალო ფენის ამერიკელთა ცხოვრების დონის ასამაღლებლად. ბარაკ ობამა ფიქრობს, რომ ამერიკა არ არის გაჩერებული და თავადაც არ აპირებს შეჩერებას:

„რასაც ახლა გთავაზობთ, არის კონკრეტული პრაქტიკული წინადადებები ზრდის დასაჩქარებლად, საშუალო ფენის გასაძლიერებლად და მისთვის წინსვლის შესაძლებლობის მისაცემად. ზოგი კონგრესის ქმედებას მოითხოვს და მე მოუთმენლად ველი თქვენთან თანამშრომლობას. მაგრამ ამერიკა არ არის გაჩერებული და არც მე გავჩერდები. სადაც და როცა კი შევძლებ, მივმართავ ზომებს, თუნდაც კანონის მიუღებლად, რათა ამერიკელთა რაც შეიძლება მეტ ოჯახს მივცე წინსვლის შესაძლებლობა. ამის გაკეთებას ვაპირებ“.

აშშ-ის პრეზიდენტის გამოსვლას მილიონობით ამერიკელი ადევნებდა თვალყურს ტელევიზიით თუ ინტერნეტით. ობამას სიტყვა იყო სასტარტო გასროლა კონგრესის საშუალედო საარჩევნო კამპანიისა, რომელსაც, მოელიან, მომავალ თვეებში წარმართავს ვაშინგტონი. დემოკრატებმა, რომელთაც სურთ რესპუბლიკელები მდიდართა მხარდამჭერებად წარმოაჩინონ, ობამას მოსთხოვეს მეტი ელაპარაკა ეკონომიკურ სამართლიანობაზე და მდიდარსა და ღარიბს შორის უფსკრულის შემცირების მცდელობებზე.
უკრაინაში მხარს ვუჭერთ პრინციპს, რომ ყველა ადამიანს აქვს აზრის თავისუფლად და მშვიდობიანად გამოხატვისა და თავისი ქვეყნის მომავალში წვლილის შეტანის უფლება...

ბარაკ ობამა თავის გამოსვლაში საგარეო თემებსაც შეეხო. მანამდე ობამამ თქვა, საჭიროა წელს იმიგრაციის სფეროში რეფორმა გავატაროთო. უსაფრთხოების უწყების მიერ სატელეფონო საუბრების მოსმენასთან დაკავშირებული სკანდალის თაობაზე ობამამ ზედაპირულად ილაპარაკა და განაცხადა, რომ ამ სფეროში რეფორმების გატარების განკარგულება გასცა. ობამამ კიდევ ერთხელ გამოხატა თავისი ნება, რომ გუანტანამოს საპატიმრო დაიხუროს და კონგრესისგან მხარდაჭერა ითხოვა ამ სფეროში.

რაც შეეხება საგარეო-პოლიტიკურ თემებს, ობამამ უკრაინაზე თქვა:

„უკრაინაში მხარს ვუჭერთ პრინციპს, რომ ყველა ადამიანს აქვს აზრის თავისუფლად და მშვიდობიანად გამოხატვისა და თავისი ქვეყნის მომავალში წვლილის შეტანის უფლება“.

ირანის თაობაზე პრეზიდენტმა ობამამ განაცხადა, რომ ამ ეტაპზე ყოველგვარ ახალ სანქციებს ის ვეტოს დაადებს, მაგრამ, სახელმწიფო უსაფრთხოების დაცვის მიზნით, „დიპლომატიას უნდა მივცეთ შანსი, რომ წარმატებული იყოსო“. თუ ირანის ლიდერები არ გამოიყენებენ ამ შესაძლებლობას, მე ვიქნები პირველი, ვინც ახალი სანქციების დაწესებას მიემხრობაო, ამბობს ობამა და დასძენს, ყველაფერს ვიღონებ იმისათვის, რომ ირანმა ვერ შეძლოს ბირთვული იარაღის შექმნაო. ბარაკ ობამამ თავის ყოველწლიურ სიტყვაში „ქვეყნის მდგომარეობის შესახებ“ სირიაზე განაცხადა, ამერიკის დიპლომატიამ და ძალის გამოყენებით მუქარამ მოიტანა ის, რომ სირიის ქიმიური იარაღი ნადგურდებაო. ამერიკა, ობამას თქმით, გააგრძელებს მსფოლიოსთან ერთად მუშაობას იმისათვის, რომ სირიის ხალხმა მიაღწიოს, რასაც იმსახურებს - დიქტატურისგან, ტერორისა და შიშისგან თავისუფალ მომავალს.

აშშ-ის პრეზიდენტის განცხადებით, აშშ-ისა და ნატოს სამხედრო ძალის მცირე ნაწილი 2014 წლის შემდეგაც დარჩება ავღანეთში, თუკი ავღანეთის პრეზიდენტი ჰამიდ კარზაი უსაფრთხოების ორმხრივ შეთანხმებას ხელს მოაწერს. ობამამ ხაზგასმით აღნიშნა, რომ 2014 წლის ბოლოს ის დასრულებულად გამოაცხადებს 12 წლიან ომს ავღანეთში და ნებისმიერი სამხედრო ძალა, რომელიც 2014 წლის შემდეგაც განაგრძობს ავღანეთში ყოფნას, მხოლოდ წვრთნისა და ავღანეთის უშიშროების ძალების მხარდაჭერისთვის იქნება იქ.
XS
SM
MD
LG