Accessibility links

logo-print

ობამას მოუწოდებენ, გენოციდად აღიაროს სომხების ხოცვა-ჟლეტა თურქეთში


ბარაკ ობამა

ბარაკ ობამა

აშშ-ის წარმომადგენელთა პალატის წევრები პრეზიდენტ ობამას მოუწოდებენ გენოციდად აღიაროს სომხების მასობრივი ხოცვა-ჟლეტა, რომელსაც ადგილი ჰქონდა პირველი მსოფლიო ომის დროს ოსმალეთის იმპერიაში. გენოციდის საკითხი, როგორც ცნობილია, აზრთა სხვადასხვაობას იწვევს. თურქეთის ტერიტორიაზე 1,5 მილიონამდე სომხის გაჟლეტას გენოციდად აღიარებს მსოფლიოს 20-მდე ქვეყანა, მათ შორის რუსეთი და საფრანგეთი, მაშინ როცა თურქეთი კატეგორიულად უარყოფს 1915 წლის ტრაგიკული მოვლენების ასეთ შეფასებას.

აშშ-ის წარმომადგენელთა პალატის წევრებმა 18 მარტს წარმოადგინეს რეზოლუცია, რომლითაც პრეზიდენტ ბარაკ ობამას მოუწოდებენ გენოციდად აღიაროს პირველი მსოფლიო ომის დროს ოსმალეთის იმპერიაში სომხების მასობრივი ხოცვა-ჟლეტა. რეზოლუციას, სათაურით „სომხების გენოციდი: სიმართლე და სამართლიანობა“, მხარს უჭერს 40-მდე კონგრესმენი როგორც რესპუბლიკური, ისე დემოკრატიული პარტიიდან.

რეზოლუციაში ლაპარაკია ასევე აშშ-ის როლზე სომხეთსა და თურქეთს შორის ურთიერთობის გაუმჯობესებაში, „რასაც საფუძვლად უნდა დაედოს თურქეთის მიერ სომეხთა გენოციდის აღიარება და სამართლიანი, ყოვლისმომცველი საერთაშორისო რეზოლუცია კაცობრიობის წინაშე ამ დანაშაულის შესახებ“. ანკარა აღიარებს, რომ ოსმალეთის იმპერიაში შეტაკებებმა მრავალი სომხის სიცოცხლე შეიწირა, მაგრამ ის გენოციდად არ ცნობს 1,5 მილიონამდე ადამიანის დახოცვას.

აშშ-ის წარმომადგენელთა პალატის დემოკრატი წევრი ადამ შიფი „უდავოდ“ მიიჩნევს, რომ „სომხები განზრახ დახოცეს მე-20 საუკუნის პირველი გენოციდის დროს“. წარმომადგენელთა პალატაში 18 მარტის სხდომაზე სიტყვით გამოვიდა რესპუბლიკელი რობერტ დოლდიც.

„ეს გენოციდი ფაქტია და შეუძლებელია მისი იგნორირება. ეს საკითხი გარკვეულია, მაგრამ თურქეთს არასოდეს უღიარებია პასუხისმგებლობა და კვლავაც იშველიებს დაუნდობელ ტაქტიკას ადამიანის უფლებების დარღვევის მისაჩქმალად. მიუხედავად იმისა, რომ ჩვენმა 11-მა ნატოელმა მოკავშირემ და ჩვენი ქვეყნის 42-მა შტატმა აღიარა თურქეთის წამყვანი როლი ამ სასტიკ დანაშაულში, ამ ორგანოს ეს ჯერ არ გაუკეთებია“, - განაცხადა კონგრესმენმა ილინოისიდან, რობერტ დოლდმა.

წარმომადგენელთა პალატის თავმჯდომარეს ჯონ ბეინერს არ უთქვამს, აპირებს თუ არა ახალი რეზოლუცია განსახილველად წარმოადგინოს პლენარულ სხდომაზე, ხოლო თეთრმა სახლმა უარი თქვა კომენტარზე.

2010 წელს წარმომადგენელთა პალატის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტმა მხარი დაუჭირა შეერთებული შტატების მიერ სომეხთა გენოციდის აღიარებას. მაშინ თურქეთმა დაგმო ეს გადაწყვეტილება, თუმცა წარმომადგენელთა პალატას სრული შემოდგენლობით არასოდეს უმსჯელია ოსმალეთის იმპერიაში ასიათასობით სომხის დახოცვის თემაზე.

„წელს, სხვათა შორის, აღინიშნება მე-100 წლისთავი. და მაშინ, როცა მსოფლიოს ყურადღება მიმართულია „ისლამური სახელმწიფოსა“ და ახლო აღმოსავლეთში უდანაშაულო ქრისტიანების სასტიკი მკვლელობებისაკენ, უნდა ვაღიაროთ წარსულის ტრაგედიები, თუ გვინდა იმედი ვიქონიოთ, რომ თავიდან ავიცილებთ მომავალში მათ გამეორებას“, ამ მოწოდებით მიმართა კონგრესმენებს რეზოლუციის მხარდამჭერმა რობერტ დოლდმა.

XS
SM
MD
LG