Accessibility links

logo-print

სახალხო დამცველის ანგარიში ციხეებში ძალადობრივი სიკვდილის ფაქტებზე მიუთითებს


გიორგი ტუღუში

გიორგი ტუღუში

საქართველოში 2011 წელს ადამიანის უფლებათა მდგომარეობის შესახებ ანგარიშით სახალხო დამცველი პარლამენტის წინაშე, სავარაუდოდ, აპრილში წარდგება. მანამდე კი, 28 მარტს, აღნიშნული ანგარიში გიორგი ტუღუშმა პარლამენტს გადაუგზავნა. ანგარიშში დიდი ადგილი ეთმობა სასჯელაღსრულების დაწესებულებებში არსებულ მდგომარეობას. როგორც გიორგი ტუღუში ამბობს, ამ მხრივ ომბუდსმენის ანგარიში საკმაოდ კრიტიკულია. სახალხო დამცველი სასჯელაღსრულების დაწესებულებებში ძალადობრივი სიკვდილის ფაქტებზე საუბრობს და კონკრეტული პირებისათვის სისხლის სამართლებრივი პასუხისმგებლობის დაკისრებას მოითხოვს. კიდევ რა საკითხები მოხვდა სახალხო დამცველის ანგარიშში, რომლის პრეზენტაციაც 28 მარტს სახალხო დამცველის ოფისში გაიმართა?

სახალხო დამცველის ანგარიში 2011 წელს ადამიანის უფლებათა მდგომარეობის შესახებ 650 გვერდს მოიცავს და ის 25 თავისაგან შედგება. მათგან ყველაზე დიდი თავი იმ მონიტორინგის შედეგებს ეთმობა, რომელიც თავისუფლების აღკვეთის ადგილებში განხორციელდა. მთლიანი ანგარიშის თითქმის ნახევარი პენიტენციარული სისტემის, დროებითი მოთავსების იზოლატორებისა და ჯანდაცვის უფლების რეალიზების ნაწილს დაეთმო. სახალხო დამცველი გიორგი ტუღუში აცხადებს, რომ, ისევე როგორც გასულ წლებში, ანგარიში ამ მიმართულებით საკმაოდ კრიტიკულია:

”კვლავ დაფიქსირდა საკმაოდ მაღალი მაჩვენებელი სისტემაში გარდაცვლილი პატიმრებისა. კვლავაც რჩება პრობლემად ჯანდაცვის ხელმისაწვდომობა, სერიოზული პრობლემები დგას რიგ დაწესებულებებში მოპყრობის კუთხით.”
ანგარიშში მოყვანილია კონკრეტული ფაქტები, რომლებიც აუცილებლად უნდა იქნეს გამოძიებული. საგამოძიებო ორგანოებისა და სასამართლოს პრეროგატივაა იმსჯელოს იმაზე, ჩაიდინა თუ არა პირმა დანაშაული...

ანგარიშში დასახელებულია არაერთი საჯარო მოხელის სახელი და გვარი, რომელიც, სახალხო დამცველის ოფისის აზრით, არღვევდა ადამიანის უფლებებს. გიორგი ტუღუში მათ წინააღმდეგ გამოძიების დაწყებას მოითხოვს:

”სახალხო დამცველი არ წარმოადგენს საგამოძიებო და სასამართლო ორგანოს და, რა თქმა უნდა, ყოველთვის ვცემთ პატივს უდანაშაულობის პრეზუმფციას. თუმცა ანგარიშში მოყვანილია კონკრეტული ფაქტები, რომლებიც აუცილებლად უნდა იქნეს გამოძიებული. საგამოძიებო ორგანოებისა და სასამართლოს პრეროგატივაა იმსჯელოს იმაზე, ჩაიდინა თუ არა პირმა დანაშაული.”

რაც შეეხება პატიმრების მიმართ არასათანადო და არაადამიანური მოპყრობის კონკრეტულ ფაქტებს, როგორც სახალხო დამცველი იუწყება, ანგარიშში მოხვდა რამდენიმე ფაქტი, რომლებიც სასჯელაღსრულების დაწესებულებებში ძალადობრივ სიკვდილზე მიუთითებს:

”არის რამდენიმე შემთხვევა, სადაც დაფიქსირდა გატეხილი ნეკნები, მოტეხილი ცხვირი, კიდურები...ანუ გარდაცვლილს აღენიშნებოდა დაზიანებები, რომლებიც მას თავისთავად ვერ მიადგებოდა. აქედან გამომდინარე, მე კიდევ ერთხელ მოვუწოდებ საგამოძიებო ორგანოებს, თითოეული ასეთი ფაქტი გახდეს საყურადღებო.”
დაფიქსირდა ვირუსული ჰეპატიტების საკმაოდ დიდი რიცხვი. როგორც ჩანს, წლების განმავლობაში დაგროვილმა პრობლემამ 2010 და 2011 წლებში იჩინა თავი...

აქვე გიორგი ტუღუში იმაზეც საუბრობს, რომ გარდაცვლილი პატიმრების 40 პროცენტს სხვადასხვა ტიპის დაზიანებები აღენიშნებოდა სხეულზე. რაც შეეხება გარდაცვლილ პატიმართა რაოდენობას, როგორც სახალხო დამცველი აღნიშნავს, მათი რიცხვი კვლავ მაღალია და, შარშანდელის მსგავსად, 140-ს აღწევს. შესაბამისი საქმეების ანალიზი ცხადყოფს, რომ ტუბერკულოზი კვლავ
რჩება პატიმართა გარდაცვალების ერთ-ერთ ძირითად მიზეზად. როგორც გიორგი ტუღუში აცხადებს, მიუხედავად იმისა, რომ პენიტენციარულ სისტემაში პატიმართა ჯანდაცვის მდგომარეობის გამოსასწორებლად 2011 წელს გარკვეული ნაბიჯები გადაიდგა, პრობლემა მაინც მწვავედ დგას:

”იმატა ისეთმა კონკრეტულმა დაავადებებმა, როგორიც არის აივ-ინფექცია/შიდსი, დაფიქსირდა ვირუსული ჰეპატიტების საკმაოდ დიდი რიცხვი. როგორც ჩანს, წლების განმავლობაში დაგროვილმა პრობლემამ 2010 და 2011 წლებში იჩინა თავი.”

საანგარიშო პერიოდში არასათანადო მოპყრობის მხრივ განსაკუთრებულად საყურადღებო აღმოჩნდა ქუთაისის N2, თბილისის N8 და N18 სამკურნალო დაწესებულებები, რადგანაც პატიმრების უმეტესობა მიუთითებდა, რომ მათ აღნიშნულ დაწესებულებებში დამამცირებლად და არაადამიანურად ეპყრობოდნენ. მოპყრობის მხრივ მდგომარეობა კვლავ გაუარესდა ქსნის N15 დაწესებულებაში, რასაც მოწმობს არაერთი მსჯავრდებულის განცხადება-საჩივარი, მიუხედავად იმისა, რომ მათმა უმრავლესობამ შემდგომ აღარ ისურვა დაწესებულების ადმინისტრაციასთან დაპირისპირება და უარი თქვა საკუთარ საჩივარზე.

2011 წლის სახალხო დამცველის ანგარიშში მნიშვნელოვანი ადგილი დაეთმო სამართლიანი სასამართლოს უფლების გაანალიზებას. სახალხო დამცველის აპარატში შესული საჩივრებისა და განცხადებების მონიტორინგი ცხადყოფს, რომ სასამართლო ხელისუფლების განხორციელებისას საქართველოში კვლავ არაერთი პრობლემა ფიქსირდება.
შესწავლილი საქმეები ცხადყოფს, რომ როდესაც პირი არ ან ვერ სარგებლობს სახელმწიფო დაზღვევით, მისი ავადმყოფობა შესაძლოა გახდეს მთლიანად ოჯახის გაღატაკების სერიოზული მიზეზი...

როგორც გიორგი ტუღუში აცხადებს, ანგარიშში ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ადგილი დაეთმო ზოგადად ქვეყანაში ჯანდაცვის უფლების რეალიზების შესწავლას, რამაც, მისი თქმით, ნათლად წარმოაჩინა ამ მხრივ არსებული მძიმე სიტუაცია:

”შესწავლილი საქმეები ცხადყოფს, რომ როდესაც პირი არ ან ვერ სარგებლობს სახელმწიფო დაზღვევით, მისი ავადმყოფობა შესაძლოა გახდეს მთლიანად ოჯახის გაღატაკების სერიოზული მიზეზი.”

ანგარიშში ყურადღება გამახვილებულია 2011 წლის განმავლობაში გამოხატვის თავისუფლებით სარგებლობისას დაფიქსირებულ დარღვევებზე. მიმოხილულია ჟურნალისტებისა და ცალკეული პირების გამოხატვის თავისუფლებაში ჩარევის ფაქტები. ამ მხრივ, გიორგი ტუღუში განსაკუთრებულად გამოყოფს 2011 წლის 26 მაისის ღამეს, როდესაც სამართალდამცავების მხრიდან ჟურნალისტების მიმართ არაერთი დარღვევა დაფიქსრდა. სახალხო დამცველის ანგარიში მოიცავს სოციალურ-ეკონომიკური უფლებების ფართო სპექტრს. ანგარიშში ასევე მნიშვნელოვანი ყურადღება ეთმობა იძულებით გადაადგილებულ პირთა უფლებებს. სახალხო დამცველი პირდაპირ მიუთითებს კონკრეტული სამინისტროს მუშაობის პროცესში აღმოჩენილ ნაკლოვანებებზე.

როგორც გიორგი ტუღუშმა მედიის წარმომადგენლებისათვის გამართულ პრეზენტაციაზე აღნიშნა, თუკი სახალხო დამცველის ოფისი გასულ წლებში მუდმივად საუბრობდა იმის თაობაზე, რომ სახალხო დამცველს არ უსმენდნენ, ეს ტენდენცია 2011 წლისათვის ნელ-ნელა იცვლება, რაც რიგი უწყებების მიერ სახალხი დამცველის რეკომენდაციების გათვალისწინებითა და განხორციელებით გამოიხატება.
XS
SM
MD
LG