Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

გახდება თუ არა ახლად დადგმული მინარეთი დაპირისპირების მიზეზი ადიგენში?


ადიგენი
ადიგენი
ადიგენის მუნიციპალიტეტის სოფელ ჭელაში მეჩეთის გვერდით ისლამის მიმდევრებმა 22 მეტრი სიმაღლის მინარეთი დადგეს. დასახლების მუსლიმანი მცხოვრებლები ირწმუნებიან, რომ ამით ისინი ქრისტიანი მეზობლების უფლებებს არ შეზღუდავენ. გამოიწვევს თუ არა მინარეთის არსებობა დაპირისპირებას ორი სარწმუნოების ადამიანებს შორის?

სოფელ ჭელაში ისლამური მინარეთი უკვე მოქმედი მეჩეთის გვერდით დაიდგა. დასახლების მუსლიმი მცხოვრებნი მიიჩნევენ, რომ ის უნდა არსებობდეს, როგორც მეჩეთის აუცილებელი ატრიბუტი. ისლამის მიმდევრები ფიქრობენ, რომ მინარეთის დადგმით ქრისტიანი მეზობლების უფლებები არ შეიზღუდება, რადგან ამ ადგილიდან არც მოლა დაიწყებს მორწმუნეთა ლოცვისკენ მოწოდებას და არც ხმის გამაძლიერებლებით შეწუხდება ვინმე.

22 მეტრი სიმაღლის მინარეთი საქართველოში თურქეთიდან შემოიტანეს. ჭელის მუსლიმანი მცხოვრებნი ამ ფაქტს იმით ხსნიან, რომ საქართველოში მისი დამზადება არ მოხერხდებოდა, შეკვეთაც თურქეთში მხოლოდ ამის გამო მისცეს. კითხვაზე, გამოიწვევს თუ არა ეს ფაქტი დაპირისპირებას ორი სარწმუნოების ადამიანებს შორის, ადგილობრივები ამას გამორიცხავენ და ამბობენ, რომ ქრისტიანებთან მრავალწლიანი თანაცხოვრების განმავლობაში მათ შორის შელაპარაკებაც კი არასდროს მომხდარა.

სოფელ ჭელაში მუსლიმანური მეჩეთის გვერდით ქრისტიანული ტაძარიც შენდება. აქ მცხოვრები მართლმადიდებლები ამბობენ, რომ სოფლისთვის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი პრობლემა ეკლესიის არარსებობაა. კითხვაზე, არის თუ არა რელიგიურ ნიადაგზე მათსა და მუსლიმანებს შორის დაპირისპირება, ადგილობრივები პასუხის გაცემისგან თავს იკავებენ - ფიქრობენ, რომ ეს თემა საჯაროდ არ უნდა განიხილებოდეს.

სოფელ ჭელაში მინარეთის დადგმას უკანონოდ მიიჩნევს ადიგენის მუნიციპალიტეტის მაჟორიტარი დეპუტატი. ზურაბ ჩილინგარაშვილის თქმით, აღნიშნული საკითხის გამო მან საპარლამენტო საქმიანობა ცოტახნით დატოვა და ადიგენში დაბრუნდა. დეპუტატი აცხადებს, რომ ჭელის მუსლიმანმა მცხოვრებლებმა მინარეთი ხელისუფლების ნებართვის გარეშე დადგეს. მინარეთის დადგმის ნებართვის მოთხოვნით მათ არც კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროსთვის მიუმართავთ და არც ადგილობრივი თვითმმართველობისათვის. იმისათვის, რომ ქრისტიანი მოსახლეობის უფლებები არ შეიზღუდოს და მინარეთმა დაპირისპირება არ გამოიწვიოს, მაჟორიტარი დეპუტატი ზურაბ ჩილინგარაშვილი ქართველ მუსლიმთა კავშირის თავმჯდომარეს ტარიელ ნაკაიძეს შეხვდა.

იმას, რომ მინარეთის დადგმისას თანხმობა არავისგან მიუღიათ, ჭელაში მცხოვრები მუსლიმანები არ უარყოფენ, თუმცა ფიქრობენ, რომ კულტურის სამინისტრო მათ თანხმობას არ მისცემდა, რადგან კანონი, რომლის თანახმადაც საქართველოში მეჩეთი უნდა დაპროექტდეს, არ არსებობს. მათი თქმით, მინარეთის დადგმით არაფერი შეიცვლება და ჭელაში არსებულ მუსლიმანურ მეჩეთს იგი მხოლოდ სიმბოლურ დატვირთვას შესძენს.

ადიგენის მუნიციპალიტეტის სოფელ ჭელაში 42 ოჯახი ცხოვრობს. მათი უმრავლესობა მუსლიმანია, დაახლოებით 12 ოჯახი კი - ქრისტიანი. 2006 წელს აქ ისლამის მიმდევრებმა საცხოვრებელი სახლი მეჩეთად გადააკეთეს, სადაც ლოცვები ტარდება. ადგილობრივების თქმით, უკვე რამდენიმე ათეული წელია, ორი სარწმუნოების აღმსარებლები მშვიდობიანად თანაცხოვრობენ.
XS
SM
MD
LG