Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ოცნება საერთო სივრცეზე


საქართველოს პრეზიდენტის ყოველწლიურ მოხსენებას, საპარლამენტო უმრავლესობისა და უმცირესობის შემდეგ, გამოეხმაურნენ მთავრობის წარმომადგენლები, რომლებიც პრეზიდენტის გამოსვლისას პლენარულ სხდომათა დარბაზში არ იმყოფებოდნენ. შესაბამისად, პრემიერ-მინისტრმა პრეზიდენტის მოხსენებაში გამოთქმულ კრიტიკასა და შენიშვნებს ერთი დღის დაგვიანებით უპასუხა. რამდენად გამართლებული იყო პრეზიდენტის მოხსენების უდებატოდ მოსმენა და მთავრობის წევრების მიუსვლელობა პარლამენტში?

საქართველოს პრეზიდენტმა თავის ყოველწლიურ მოხსენებაში ქვეყნის მართვის სტილი გააკრიტიკა და სახელმწიფო სტრუქტურების დუბლირების მანკიერ პრაქტიკაზე გაამახვილა ყურადღება. გიორგი მარგველაშვილმა განაცხადა, რომ „სისტემური პარალელიზმი“ ასუსტებს სახელმწიფოს და მაგალითად მოიტანა პრემიერ-მინისტრის დაქვემდებარებაში მყოფი 20-მდე საბჭო და კომისია, რომლებიც ფუნქციების დუბლირებას ახდენენ ეკონომიკის, საგარეო პოლიტიკისა და სხვა სფეროებში.

პრეზიდენტის მოხსენების სწორედ ეს ნაწილი აღიქვა პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ყველაზე მძაფრად, თუმცა იმის გამო, რომ 31 მარტს არც ის და არც მთავრობის სხვა წევრები პრეზიდენტის მოხსენების მოსასმენად პარლამენტში არ იმყოფებოდნენ, პრეზიდენტის შენიშვნას ერთი დღის დაგვიანებით უპასუხა:

„საწყენია, როცა მიუთითებენ გუნდურობაზე და ჩვენ ვისმენთ გაუმართლებელ და უსამართლო კრიტიკას მთავრობის წევრების, მთავრობის მუშაობის მისამართით ჩვენი გუნდის წევრის, პრეზიდენტის, მხრიდან, რაც ძალიან სამწუხაროა“.

ეჭვი მაქვს, რომ პრეზიდენტს დეტალური ინფორმაცია არ ჰქონდა. მე ვერ შევაფასებდი ჩვენს ქმედებას როგორც სასამართლოს უპატივცემულობას...
მიხეილ გიორგაძე

პრეზიდენტის გამოსვლის ტონისა და შინაარსის გამო ასევე წუხილი გამოთქვეს მთავრობის სხვა წევრებმაც. მაგალითად, იუსტიციის მინისტრმა განაცხადა, რომ პრეზიდენტი არ ფლობს ინფორმაციას პირველი წყაროდან და ამის გამო მისი დასკვნები ან უსაფუძვლოა, ან დაგვიანებული. კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრი მიხეილ გიორგაძე კი პრეზიდენტის მოხსენების იმ ნაწილს გამოეხმაურა, რომელიც საყდრისის საბადოს განადგურებას შეეხება:

„ეჭვი მაქვს, რომ პრეზიდენტს დეტალური ინფორმაცია არ ჰქონდა. მე ვერ შევაფასებდი ჩვენს ქმედებას როგორც სასამართლოს უპატივცემულობას“, - განაცხადა მიხეილ გიორგაძემ.

მთავრობის წევრთა რეაქციების პასუხად, პრეზიდენტმა მარგველაშვილმა თქვა, რომ კმაყოფილია მთავრობის რეაქციით:

ანუ როცა ვხედავთ, რომ ერთად არ განიხილავენ ქვეყნისთვის მნიშვნელოვან საკითხებს და მხოლოდ მედიით უზიარებენ ერთმანეთს თავიანთ მოსაზრებებს თუნდაც კრიტიკაზე, ბუნებრივია, ეს არ არის ის ფორმატი, რომელიც სასურველია...
ანა ნაცვლიშვილი

„მივესალმები იმას, რომ პრემიერ-მინისტრი და მინისტრები დეტალურად გადიან ჩემი გამოსვლის შინაარსს, სწავლობენ დეტალურად. მიმაჩნია, რომ საკითხის ასე სიღრმისეულად შესწავლა დადებით როლს ითამაშებს საქართველოში მმართველობის სიძლიერეზე და მის ეფექტიანობაზე“.

პრეზიდენტის ამ მოსაზრებას იზიარებს სამოქალაქო საზოგადოების მნიშვნელოვანი ნაწილი, თუმცა „ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის“ თავმჯდმარე ანა ნაცვილიშვილი ფიქრობს, რომ ქვეყნისა და მისი სახელმწიფო ინსტიტუტებისთვის უმჯობესი იქნება, თუკი პრემიერ-მინისტრი და პრეზიდენტი ერთ სივრცეში მოახერხებენ ქვეყნისთვის მინიშვნელოვან საკითხებზე მსჯელობასა და ინფორმაციის გაცვლას.

„როცა ვერ ხერხდება ერთ სივრცეში მათი დასხდომა, იქნება ეს პარლამენტი თუ ეროვნული უშიშროების საბჭო, რომლის წევრიც არის პრემიერ-მინისტრი და რომელსაც ხელმძღვანელობს პრეზიდენტი... ანუ როცა ვხედავთ, რომ ერთად არ განიხილავენ ქვეყნისთვის მნიშვნელოვან საკითხებს და მხოლოდ მედიით უზიარებენ ერთმანეთს თავიანთ მოსაზრებებს თუნდაც კრიტიკაზე, ბუნებრივია, ეს არ არის ის ფორმატი, რომელიც სასურველია, რომ არსებობდეს ქვეყანაში. ეს აფერხებსგადაწყვეტილების მიღების პროცესს, კონსენსუსზე ორიენტირებულ პროცესს და, შესაბამისად, ქვეყნის განვითარებასაც“, უთხრა ანა ნაცვლიშვილმა რადიო თავისუფლებას.

„საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს“ ხელმძღვანელი ეკა გიგაური კი მიიჩნევს, რომ მთავრობის წევრები აუცილებლად უნდა ესწრებოდნენ პრეზიდენტის ყოველწლიურ გამოსვლას პარლამენტში:

„ეს ასევე იქნება საზოგადოებისთვის ერთგვარი გზავნილი, რომ, მიუხედავად განსხვავებული პოზიციებისა, ჩვენ მაინც ვემსახურებით სახელმწიფოს და გვინდა კარგი ამ სახელმწიფოსთვის და ამაში ვართ ერთიანი. ასევე მგონია, რომ ძალიან მნიშვნელოვანი იქნებოდა ყოფილიყო დებატები პარლამენტში, მით უფრო, რომ პრეზიდენტს არ ჰქონია ამასთან დაკავშირებით პრობლემა“.

ეკა გიგაური მიიჩნევს, რომ მთავრობამ დეტალურად უნდა გააანალიზოს პრეზიდენტის მიერ მოხსენებაში წარმოდგენილი ყველა არგუმენტი და მათი ნაწილი გაიზიაროს კიდეც. ეკა გიგაურის თქმით, პრეზიდენტსა და მთავრობას ასევე უნდა ჰქონდეთ უკეთესი კომუნიკაცია ისეთ მნიშვნელოვან საკითხებზე, როგორიც ეროვნული უსაფრთხოება და ქვეყნის საგარეო კურსია.

  • 16x9 Image

    ჯიმშერ რეხვიაშვილი

    ჟურნალისტი, ბლოგერი; პროზაული, პოეტური და დოკუმენტური კრებულების ავტორი. მუშაობს შიდა და საგარეო პოლიტიკის საკითხებზე, ასევე აშუქებს კულტურის თემებს. მიღებული აქვს ევროკავშირის პრიზი ჟურნალისტიკაში და ლიტერატურული პრემია „ლიტერა“. რადიო თავისუფლებაში მუშაობს 2003 წლიდან.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG