Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

„ოდა ოლიმპიურ ჩემპიონებს“


საქართველოს ეროვნული ოლიმპიური კომიტეტი დაარსებიდან 25 წლისთავს აღნიშნავს. საიუბილეო თარიღთან დაკავშირებით თბილისს არაერთი სტუმარი ეწვია. მათ შორის არიან საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტის პრეზიდენტი თომას ბახი და ევროპის ოლიმპიური კომიტეტის პრეზიდენტი პატრიკ ჰიკი. საქართველოს ეროვნულმა ოლიმპიურმა კომიტეტმა, საიუბილეო თარიღის ფარგლებში, ქართველ ოლიმპიელებს სპეციალური მონუმენტიც გაუხსნა.

34 ოლიმპიური ჩემპიონი, რომელთაც 1952 წლიდან ოლიმპიურ თამაშებში 37 ოქროს, 28 ვერცხლისა და 53 ბრინჯაოს მედალი მოიპოვეს - ესაა შედეგები, რომელიც საქართველოს ეროვნული ოლიმპიური კომიტეტის დაარსების 25 წლისთავისადმი მიძღვნილ საზეიმო ღონისძიებებზე კმაყოფილებით აღინიშნ არაერთხელ. ღონისძიებათა ოფიციალური ფორმატი კი მოიცავდა დსთ-ს, ბალტიის ქვეყნებისა და საქართველოს ეროვნული ოლიმპიური კომიტეტების რეგიონალურ ფორუმს, ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმის გაფორმებას საქართველოს ოლიმპიურ კომიტეტსა და რუსეთის, უკრაინის, ესტონეთის, ლიტვის, ყირგიზეთის, პოლონეთისა და საბერძნეთის ოლიმპიურ კომიტეტებს შორის, მაღალი რანგის სტუმრების შეხვედრას საქართველოს ოლიმპიური კომიტეტის ქართველ სტიპენდიანტ სპორტსმენებთან და სხვა. ამ ღონისძიებებს შორის იყო საქართველოს ეროვნულ ოლიმპიურ კომიტეტში სახელოვანი ქართველი ოლიმპიელებისადმი მიძღვნილი მონუმენტის გახსნა. „ოდა ოლიმპიურ ჩემპიონებს“ - ამ სახელწოდების სკულპტურულ მონუმენტზე 34-ვე ქართველი ოლიმპიური ჩემპიონის სახელი და გვარია ამოტვიფრული. მათ შორისაა რომან რურუაც:

“ზოგ ქვეყანაში ძეგლებს უდგამენ და ჩვენთან, მადლობა ღმერთს, რომ ეს მაინც დაიდგა. 35 ოლიმპიური ჩემპიონი თუ 37 ოქროს მედალი - ეს არ არის ცოტა ჩვენისთანა პატარა ქვეყნისათვის. ძალიან კარგია და, ალბათ, პატარა ეზოა, მაგრამ კიდევ ერთი საუკუნე გაუძლებს ჩემპიონებს და შემდეგ, ალბათ, დიდი ეზო მოინახება იმისათვის, რომ ყველა დავეტიოთ ერთ ოჯახში, ოლიმპიურ ოჯახში. გილოცავთ!“

კარგი გრძნობაა ამდენი ქართველი ოლიმპიური ჩემპიონისა და მედლის მფლობელთა გარემოცვაში ყოფნა. საქართველო ძალიან ახლოსაა ოლიმპიურ მოძრაობასთან, რაც ძალზე მნიშვნელოვანი და სასიამოვნოა ჩვენთვის...
თომას ბახი

საქართველოს ეროვნული ოლიმპიური კომიტეტის დაარსებიდან 25 წლისთავი, ქართველ ოლიმპიელებთან ერთად, საქართველოში საგანგებოდ ამ დღისთვის ჩამოსულმა 25 ქვეყნის ოლიმპიური კომიტეტების ხელმძღვანელებმა და სხვა მოწვეულმა პირებმა აღნიშნეს. მათ შორის ყურადღების ცენტრში აღმოჩნდნენ საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტის პრეზიდენტი თომას ბახი და ევროპის ოლიმპიური კომიტეტის პრეზიდენტი პატრიკ ჰიკი. საქართველოს ეროვნულ ოლიმპიურ კომიტეტში სტუმრობისას მათ აღნიშნეს ოლიმპიურ თამაშებში ქართველი სპორტსმენების წარმატებები და ის წვლილი, რომელიც შეაქვთ მათ მსოფლიო ოლიმპიურ მოძრაობაში. საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტის პრეზიდენტმა თომას ბახმა ვანკუვერის ოლიმპიურ თამაშებში დაღუპული ნოდარ ქუმარიტაშვილიც გაიხსენა. მისი თქმით, ოლიმპიური გზა არასოდეს ყოფილა მარტივი, მაგრამ, საბოლოო ჯამში, ჩემპიონები სამაგალითო გმირები ხდებიან:

„კარგი გრძნობაა ამდენი ქართველი ოლიმპიური ჩემპიონისა და მედლის მფლობელთა გარემოცვაში ყოფნა. საქართველო ძალიან ახლოსაა ოლიმპიურ მოძრაობასთან, რაც ძალზე მნიშვნელოვანი და სასიამოვნოა ჩვენთვის. ასე რომ, მოხარულები ვართ აქ ყოფნით“.

25 წელი შეიძლება არ არის ისტორიულად დიდი თარიღი, მაგრამ ეს არის დაფიქსირება იმისა, რომ საქართველო გახდა იმ ოლიმპიური მოძრაობის სრულუფლებიანი და იმ სპორტული ოჯახის წევრი, რომელიც დღემდე არის და რომელსაც დიდ პატივს სცემენ მსოფლიოში...
ლევან ყიფიანი

საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტის პრეზიდენტი თომას ბახი, სხვათა შორის, მარკიზ ხუან ანტონიო სამარანჩის შემდეგ, სოკის პირველი პრეზიდენტია, რომელიც 16-წლიანი წყვეტის შემდეგ ესტუმრა საქართველოს.

საქართველოს ეროვნული ოლიმპიური კომიტეტი 1989 წლის 6 ოქტომბერს თბილისის ჭადრაკის სასახლეში გამართულ დამფუძნებელ კონფერენციაზე დაარსდა. კონფერენციას 337 დელეგატი ესწრებოდა. სოკის პირველ პრეზიდენტად მსოფლიოს ხუთგზის ჩემპიონი ჭადრაკში ნონა გაფრინდაშვილი აირჩიეს. საერთაშორისო ოლიმპიურმა კომიტეტმა სოკი თავის სრულუფლებიან წევრად 1993 წლის სექტემბერში მიიღო. საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრი ლევან ყიფიანი 1989 წლის 6 ოქტომბერს ქართული სპორტის განვითარების ისტორიაში გარდამტეხ თარიღად მიიჩნევს:

„25 წელი შეიძლება არ არის ისტორიულად დიდი თარიღი, მაგრამ ეს არის დაფიქსირება იმისა, რომ საქართველო გახდა იმ ოლიმპიური მოძრაობის სრულუფლებიანი და იმ სპორტული ოჯახის წევრი, რომელიც დღემდე არის და რომელსაც დიდ პატივს სცემენ მსოფლიოში“.

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი კი, აღიარებს რა ქართველი ოლიმპიელების უდიდეს დამსახურებას, სპორტსმენებს საიუბილეოდ, ქართველ ოლიმპიელთა მონუმენტის გახსნის ცერემონიალზეც, სახელმწიფოს გვერდში დგომას ჰპირდება:

შედგა ორი პრეზენტაცია. პირველი - ეს იყო ბაქოს პირველი ოლიმპიური თამაშებისა, რომელიც გაისად გაიმართება, და მეორე - „თბილისი 2015“, ევროპის ახალგაზრდული ოლიმპიური ფესტივალი. ჩვენმა პრეზენტაციამ ძალიან წარმატებით ჩაიარა...
ირაკლი ღარიბაშვილი

“ჩვენ ვართ ბედნიერები, რომ დღეს ჩვენი ოლიმპიელები დამოუკიდებელი საქართველოს დროშის ქვეშ გამოდიან და ოლიმპიურ ქალაქებში დღეს საქართველოს ჰიმნი ჟღერს. ეს განსაკუთრებულ სიამაყეს იწვევს ჩვენში და განსაკუთრებულ სიხარულს. მე მინდა კიდევ ერთხელ წარმატება ვუსურვო ჩვენს სპორტსმენებს და განსაკუთრებით ახალგაზრდა თაობას მივმართო: მინდა იცოდეთ, რომ საქართველოს მთავრობა ყველანაირად შეგიწყობთ ხელს და ყოველთვის თქვენს გვერდით იდგება. მე ვარ დარწმუნებული, რომ ჩვენ კიდევ ძალიან ბევრ გამარჯვებას ვნახავთ და ბევრჯერ ვიზეიმებთ ჩვენი ოლიმპიური ჩემპიონების გამარჯვებას“.

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ქართველ ოლიმპიელთა მონუმენტის გახსნამდე საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტის პრეზიდენტი თომას ბახი და ევროპის ოლიმპიური კომიტეტის პრეზიდენტი პატრიკ ჰიკი მიიღო. საუბრის თემა, სხვა საკითხებთან ერთად, იყო ევროპის მეცამეტე ახალგაზრდული ოლიმპიური ფესტივალიც, რომელიც 2015 წელს თბილისში უნდა გაიმართოს. ამ უკანასკნელზე სიუბილეო ღონისძიებების ფარგლებში გამართულ საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტის რეგიონალურ ფორუმზეც იმსჯელეს.

“შედგა ორი პრეზენტაცია. პირველი - ეს იყო ბაქოს პირველი ოლიმპიური თამაშებისა, რომელიც გაისად გაიმართება, და მეორე - „თბილისი 2015“, ევროპის ახალგაზრდული ოლიმპიური ფესტივალი. ჩვენმა პრეზენტაციამ ძალიან წარმატებით ჩაიარა. შეფასებებია ძალიან კარგი“, ამბობს საქართველოს ოლიმპიური კომიტეტის ვიცე-პრეზიდენტი ელგუჯა ბერიშვილი.

ევროპის ოლიმპიური კომიტეტის პრეზიდენტმა პატრიკ ჰიკმა, თავის მხრივ, ახალგაზრდული ოლიმპიური ფესტივალისათვის მშენებარე სპორტული ბაზებიც მოინახულა. „თბილისი 20015“-ის ოლიმპიური სოფლის მშენებლობა მან დადებითად შეაფასა და აღნიშნა, რომ მისი ბოლო ვიზიტის შემდეგ პროგრესი აშკარაა. „თბილისი 2015“-ის ბაზების მშენებლობა და განახლება, საქართველოს ოლიმპიური კომიტეტის თანახმად, დაგვიანებით დაიწყო, მაგრამ მიმდინარე სამუშაოების ტემპი უკვე იძლევა იმედს, რომ გაზაფხულზე, აპრილისთვის, ოლიმპიური სოფლის მშენებლობა დასრულდება.

ევროპის მეცამეტე ახალგაზრდული ოლიმპიური ფესტივალი 2015 წლის ივლის-აგვისტოში თბილისში გაიმართება.

XS
SM
MD
LG