Accessibility links

logo-print

მსოფლიო ბაზარზე ამერიკიდან უპრეცედენტოდ დიდი ოდენობის ენერგო პროდუქტი შედის. ეს ტენდენცია წიაღისეული საწვავის მოპოვების ახალ მეთოდებს უკავშირდება. ლა სალეს უნივერსიტეტის ეკონომიკის პროფესორი ედუარდ ტურზანსკი ამბობს, რომ ენერგო რესურსების ფასებს დიდი ცვლილებების მოტანა შეუძლია, მათ შორის, გეოპოლიტიკასა და გეოეკონომიკაში.

ეკონომისტებს მიაჩნიათ, რომ ევროპასა და აზიაში წარმოების ტემპის შენელება და შესაბამისად, ენერგო რესურსებზე მოთხოვნილების შემცირება, ბაზარზე ნავთობის ნაწილს აუთვისებელს ტოვებს. ეს კი ფასების ვარდნას იწვევს.

ნავთობის იმპორტიორ ქვეყნებში საწვავზე ნაკლები ფულის დახარჯვა მომხმარებელს საშუალებას მისცემს სხვა სახის პროდუქციასა და მომსახურებაში მეტი თანხა დახარჯოს. ეს, საბოლოო ჯამში, ეკონომიკის სტიმულირებას შეუწყობს ხელს. ნავთობის ექსპორტიორებისთვის კი ეს ტენდენცია ეკონომიკური რეცესიის და პოლიტიკური დესტაბილიზაციის საფრთხეს ქმნის.

ნავთობზე ფასების ვარდნა თუ გაგრძელდა, რუსეთში ეკონომიკური რეცესია დაიწყება. საერთაშორისო ფინანსური კორპორაცია „მორგან სტენლი“ იუწყება, რომ ერთ ბარელ ნავთობზე ფასის 80 დოლარამდე შემცირება რუსეთის ბიუჯეტს დიდ დარტყმას მიაყენებს. ნედლ ნავთობზე ფასები ივნისში ბარელზე 115 დოლარიდან 86 დოლარამდე (2014 წლის 22 ოქტომრის მონაცემებით) დაეცა.

რუსეთის ექსპორტის ორ-მესამედს ენერგო პროდუქტები შეადგენს. შესაბამისად, მსოფლიო ბაზარზე ფასის შემცირება რუსეთის და ენერგო-ექსპორტიორი სხვა ქვეყნების ბიუჯეტში, ნაკლები თანხის მობილიზებას მოიტანს შედეგად.

„მორგან სტენლის“ პროგნოზით, ბარელი ნავთობის ფასის ყოველი 10 დოლარით შემცირება რუსეთის ენერგო ინდუსტრიისთვის ექსპორტში $32.4 მილიარდის დაკარგვას ნიშნავს. ეს რუსეთის მთლიანი შიდა პროდუქტის 1.6 პროცენტია. ივნისის შემდეგ ფასების ვარდნამ რუსეთის ბიუჯეტში, სავარაუდოდ, $60 მილიარდით ნაკლები თანხის შეტანა გამოიწვია. ამასთან, რუსეთის ეკონომიკა უკვე ზეწოლის ქვეშაა სანქციების გამო, რომლებიც დასავლეთმა კრემლს უკრაინაში წარმოებული აგრესიის გამო დაუწესა.

ანალიტიკოსი მაიკლ ლინჩი ამბობს, რომ ეკონომიკური მდგომარეობის გაუარესება რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინს ქვეყნის შიგნით ძალაუფლების შენარჩუნებას გაურთულებს. მისი თქმით, „გრძელვადიან პერსპექტივაში, სანქციები და ნავთობის დაბალი ფასები მასზე დიდი ზეწოლას მოახდენს.“

გლობალურ ბაზარზე ნავთობის ფასების ვარდნა რამდენიმე ფაქტორს უკავშირდება. მათ შორის ერთ-ერთი უმთავრესი ენერგო პროდუქტების წარმობის მნიშვნელოვანი გაზრდაა. ახალი ტექნოლოგიებისა და მეთოდების შემუშავება, როგორიცაა ჰიდრავლიკური გარღვევის ან ფიქალის გაზების მოპოვება, ამერიკას უპრეცედენტო რაოდენობის ენერგო პროდუქტების მოპოვების და მსოფლიო ბაზარზე ფასებზე გავლენის მოხდენის შესაძლებლობას აძლევს. ეს მეთოდები დღემდე აუთვისებელ მარაგზე ხელმისაწვდომობას ზრდის, მაგრამ წიაღისეულის მოპოვების ტრადიციულ მეთოდებთან შედარებით ის გაცილებით ძვირი - ერთ ბარელზე $50-$80 ჯდება.

ეკონომისტი პიტერ რიგბი ამბობს, რომ საფასურის გამო ახალი მეთოდები შეიძლება წამგებიანი იყოს ბიზნესისთვის. მისი თქმით, „ამერიკაში ახალი მეთოდებით ნავთობის წარმოება შეიძლება შეჩერდეს იმ შემთხვევაში თუ მოპოვების საფასური გასაყიდ ფასს გაუტოლდება.“

ჰიდრავლიკური გარღვევის და ფიქალის გაზების მოპოვების ხარჯები თუ არ შემცირდა, მწარმოებლები ამ მეთოდების გამოყენებას შეწყვეტენ. ამით, მსოფლიო ბაზარზე ჭარბი ენერგო რესურსები შემცირდება და ფასები, სავარაუდოდ, კვლავ გაიზრდება.

XS
SM
MD
LG