Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ოქროპირიძე პატიმრობაში რჩება


თბილისის საქალაქო სასამართლო
თბილისის საქალაქო სასამართლო

თბილისის საქალაქო სასამართლომ დააკმაყოფილა პროკურატურის მოთხოვნა და წინასწარი პატიმრობა შეუფარდა განსასჯელ გიორგი ოქროპირიძეს, რომელსაც სასჯელაღსრულების დაწესებულება უნდა დაეტოვებინა 12 ივნისს, ლაშა მახარაძის მკვლელობის საქმეზე შეფარდებული ვადის ამოწურვის გამო. საქმე ისაა, რომ ლაშა მახარაძის მკვლელობის საქმეზე ნაფიცმა მსაჯულებმა ვერდიქტი ვერ გამოიტანეს, მკვლელობაში ბრალდებულ გიორგი ოქროპირიძისათვის შეფარდებული წინასწარი პატიმრობის ვადა კი 2015 წლის 11 ივნისს იწურებოდა.საქართველოს პროკურატურამ გიორგი ოქროპირიძეს ბრალი წარუდგინა სისხლის სამართლის კოდექსის 373-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტით – ცრუ დასმენა ჩადენილი ანგარებით ან სხვა პირადი მოტივებით. მოისმინეთ ჯიმშერ რეხვიაშვილის სიუჟეტი.

თბილისის საქალაქო სასამართლომ დააკმაყოფილა პროკურატურის შუამდგომლობა და ლაშა მხარაძის მკვლელობაში ბრალდებულ გიორგი ოქროპირიძეს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა ცრუ დასმენის ფაქტზე. პროკურატურის მიერ გავრცელებული განცხადების მიხედვით, თბილისის მერვე დაწესებულებიდან ბათუმის სასჯელაღსრულების დაწესებულებაში გადაყვანისას ოქროპირიძე ითხოვდა თბილისის მერვე დაწესებულებაში დატოვებას, წინააღმდეგ შემთხვევაში კი იმუქრებოდა, რომ მიიყენებდა თვითდაზიანებებს და სახალხო დამცველს დაარწმუნებდა იმაში, რომ იგი დაწესებულების თანამშრომლების მხრიდან წამების მსხვერპლი იყო. სახელმწიფო ბრალმდებელ დავით ჩხენკელის თქმით, უტყუარად დადგინდა, რომ გიორგი ოქროპირიძეზე არავითარ ძალადობას ადგილი არ ჰქონია, თუმცა სახალხო დამცველის რწმუნებულს მაინც განუცხადა, რომ მას სასჯელაღსრულების დეპარტამენტის თანამშრომლებმა სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს:

„ეს არის ცალკე დანაშაული! ბრალდება, რომელიც წარედგინა გიორგი ოქროპირიძეს სრულიად შეესაბამება მის მიერ ჩადენილ ქმედებას და ბრალდების მხარემ სრულიად დაასაბუთა, რომ აღკვეთის ღონისძიებად პატიმრობა უნდა გამოყენებულიყო, რაც, თავის მხრივ, დაადასტურა სასამართლომ გადაწყვეტილებით“.

რა თქმა უნდა, ორი კაცის მკვლელი არ უნდა იყოს ქუჩაში! უნდა დარჩენილიყო პატიმრობაში...
ნინო დიდებულიძე

სასამართლოს ამ გადაწყვეტილებამ კმაყოფილი დატოვა ლაშა მახარაძის დედა,ნინო დიდებულიძე, რომელიც დარწმუნებულია იმაში, რომ ნაფიც მსაჯულებს განსასჯელის შურისძიებისა შეეშინდათ და, რომ მისი შვილის მკვლელი, მართლმსაჯულების გაუმართავი სისტემის გამო, დაუსჯელი არ უნდა დარჩეს:

„რა თქმა უნდა, ორი კაცის მკვლელი არ უნდა იყოს ქუჩაში! უნდა დარჩენილიყო პატიმრობაში. ცხრა თვეში მისი გამოსვლა ციხიდან იქნებოდა ძალიან დიდი შეცდომა, რასაც მოჰყვებოდა ახალ-ახალი მკვლელობები და სახელმწიფოს კრახი. ყველაფერი წავიდოდა უკან“.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ამგვარ გადაწყვეტილებას ელოდა განსასჯელ გიორგი ოქროპირიძის ადვოკატი დავით მოდებაძე, თუმცა მისი თქმით, არა იმიტომ, რომ მოსამართლის გადაწყვეტილება კანონიერია:

„ცხადია, ველოდით, რადგანაც ის, რაც მოხდა წინა დღეებში, იძლეოდა ამგვარი მოლოდინის საფუძველს. ცხადი იყო, რომ პროკურატურა ყველაფერს გააკეთებდა იმისათვის, რომ თითიდან გამოწოვილი ბრალდება გაეტანა და 12 ივნისს ოქროპირიძე არ გამოსულიყო გარეთ. შესაბამისად, შეუფარდეს ორთვიანი პატიმრობა“, – განაცხადა გიორგი ოქროპირიძის ადვოკატმა დავით მოდებაძემ, რომელიც თბილისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილების გასაჩივრებას აპირებს.

მართალია, პროცესუალურად პროკურატურას აქვს უფლება, ახალი ბრალის საფუძველზე კვლავ მოითხოვოს ოქროპირიძისათვის პატიმრობის შეფარდება, თუმცა, ამ საქმეში, პროკურატურის მოქმედებების მიუკერძოებლობასთან დაკავშირებით, გაჩენილი კითხვები გვაძლევს საფუძველს ვივარაუდოთ...
ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია

ადვოკატების წუხილსა და შეშფოთებას ახალი ბრალის წაყენების შესახებ იზიარებს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციაც, რომლის მიერ გავრცელებული განცხადების მიხედვით, ეჭვს იწვევს, ვადის ამოწურვამდე სამი დღით ადრე, ახალი ბრალის წაყენება და მის საფუძველზე პატიმრობის კვლავ შეფარდების მოთხოვნის დაყენება. ფრაგმენტი განცხადებიდან:

„ყოველივე ზემოაღნიშნული ბადებს საფუძვლიან ეჭვს იმის თაობაზე, რომ პროკურატურის მხრიდან ადგილი აქვს მიზანმიმართულ მოქმედებას, ოქროპირიძის პატიმრობაში დატოვების მიზნით. მართალია, პროცესუალურად პროკურატურას აქვს უფლება, ახალი ბრალის საფუძველზე კვლავ მოითხოვოს ოქროპირიძისათვის პატიმრობის შეფარდება, თუმცა, ამ საქმეში, პროკურატურის მოქმედებების მიუკერძოებლობასთან დაკავშირებით, გაჩენილი კითხვები გვაძლევს საფუძველს ვივარაუდოთ, რომ პროკურატურის მხრიდან ადგილი აქვს არა კონსტიტუციით გარანტირებული სტანდარტისადმი პატივისცემას, რომლის თანახმადაც, პატიმრობის ვადა არ უნდა აღემატებოდეს ცხრა თვეს, და რომელიც თანაბრად ვრცელდება ნებისმიერ ადამიანზე, რამდენად მძიმე დანაშაულის ჩადენაშიც არ უნდა ედებოდეს მას ბრალი, არამედ მისი გვერდის ავლის მცდელობას“.

ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის ეჭვი გაამძაფრა იმ გარემოებამ, რომ ოქროპირიძისათვის ახალი ბრალის წაყენება უმალვე მოჰყვა პრემიერ-მინისტრის მიერ გაკეთებულ კრიტიკულ განცხადებას:

ნაფიც მსაჯულთა სასამართლომ რეალურად იმუშავა და არ მოექცა პროკურატურის გავლენის ქვეშ. მოახერხა, ერთი მხრივ ის, რომ აზრთა სხვადასხვაობა შეენარჩუნებინა თავის შინგით, რადგან ჩათვალა, რომ მტკიცებულებები არ იყო საკმარისი პირის დამნაშავედ ცნობისათვის...
გიორგი მშვენიერაძე

„ნაფიც მსაჯულთა ინსტიტუტმა განიცადა სრული კრახი! ის, რომ მკვლელობაში ბრალდებული პირის გასამართლება ვერ მოხერხდა, ეს არის სრულიად აღმაშფოთებელი ფაქტი. ჩვენ ვართ ვალდებული, რომ გადავხედოთ ამას და რაც ხარვეზია, გამოვასწოროთ“.

ადამიანის უფლებათა დაცვის სფეროში მომუშავე სხვა არასამთავრობო ორგანიზაციებიც მიიჩნევენ, რომ არაადეკვატური იყო აღმასრულებელი ხელისუფლებისა და პროკურატურის რეაქცია ნაფიც მსაჯულთა სასამართლოს გადაწყვეტილებაზე.

„საქართველოს დემოკრატიული ინიციატივის“ გამგეობის წევრის, გიორგი მშვენიერაძის კომენტარი:

„ნაფიც მსაჯულთა სასამართლომ რეალურად იმუშავა და არ მოექცა პროკურატურის გავლენის ქვეშ. მოახერხა, ერთი მხრივ ის, რომ აზრთა სხვადასხვაობა შეენარჩუნებინა თავის შინგით, რადგან ჩათვალა, რომ მტკიცებულებები არ იყო საკმარისი პირის დამნაშავედ ცნობისათვის და მან ვერ გამოიტანა ვერდიქტი. ასეთი რამ ხდება და ეს არ არის პირველი ფაქტი“.

გიორგი მშვენიერაძის თქმით, პროკურატურა მზად უნდა ყოფილიყო ამგვარი შედეგისათვის, შესაბამისად, თავის დროზე პროცესი უნდა წარემართა მეტი ინტენსივობით, რათა ნაფიც მსაჯულთა ახალი სასამართლოს დასაკომპლექტებლად და საქმის განსახილველად დარჩენოდა დრო, თუმცა, როგორც გიორგი მშვენიერაძე ამბობს, პროკურატურამ ყოველივე ეს ვერ გათვალა და შეცდომის გამოსასწორებლად ასეთი ნაბიჯი გადადგა.

„სახელმწიფომ გამოიყენა მის ხელთ არსებული ბერკეტები და მოიგონა ახალი ბრალი იმისათვის, რომ შეენარჩუნებინა გიორგი ოქროპირიძის პატიმრობა. ეს ძალიან დიდი საფრთხეა, ზოგადად, კანონის უზენაესობისათვის, იმაზე დიდი საფრთხეა, ვიდრე, სავარაუდოდ, ერთი დამნაშავის გარეთ დარჩენა“, – უთხრა გიორგი მშვენიერაძემ „რადიო თავისუფლებას“.

  • 16x9 Image

    ჯიმშერ რეხვიაშვილი

    ჟურნალისტი, ბლოგერი; პროზაული, პოეტური და დოკუმენტური კრებულების ავტორი. მუშაობს შიდა და საგარეო პოლიტიკის საკითხებზე, ასევე აშუქებს კულტურის თემებს. მიღებული აქვს ევროკავშირის პრიზი ჟურნალისტიკაში და ლიტერატურული პრემია „ლიტერა“. რადიო თავისუფლებაში მუშაობს 2003 წლიდან.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG