Accessibility links

logo-print

ოქროს შუალედის ძებნა საყდრისის ოქროს მოსაპოვებლად


საყდრისი

საყდრისი

იმისათვის, რომ არც კომპანია ”არ-ემ-ჯი გოლდი” (RMG Gold) დაზარალდეს და არც საყდრისი-ყაჩაღიანის ისტორიული ოქროს საბადო განადგურდეს, ხელისუფლება ოქროს შუალედის გამოძებნას ცდილობს, თუმცა პროცესის გაჭიანურების გამო შექმნილ ვითარებას სულ უფრო ართულებს მხარეთა ურთიერთბრალდებები. გარემოს დამცველებისა და არქეოლოგების ნაწილი საპროტესტო აქციებით იმუქრება.

„RMG-Gold”-ის საყვედურები და ბრალდებები კულტურის სამინისტროსკენ არის მიმართული. კომპანიის მიერ გავრცელებულ განცხადებაში ნათქვამია, რომ სამინისტრო აჭიანურებს ნებართვის გაცემის პროცესს და ”უსაფუძვლოდ და ხელოვნურად აფერხებს” სალიცენზიო ტერიტორიის ათვისებას და ”მნიშვნელოვან ზარალს აყენებს როგორც კომპანიის, ასევე სახელმწიფოს ინტერესებს”. ამავე განცხადების თანახმად, თუკი კომპანია დროულად არ მიიღებს საქმიანობის გაგრძელების უფლებას, შესაძლოა უმუშევრად დარჩეს მისი 3 000-მდე თანამშრომელი. როგორც კომპანიის მრჩეველმა კულტურული მემკვიდრეობისა და გარემოს დაცვის საკითხებში სოსო ცაბაძემ განუმარტა ჟურნალისტებს 13 იანვარს გამართულ პრესკონფერენციაზე, უსამართლობა ძირითადად მინისტრის პირველი მოადგილის ქმედებებში მჟღავნდება:

”არის საკმაოდ ტენდენციური დამოკიდებულება კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრის პირველი მოადგილის ქალბატონი მიზანდარის მხრიდან. ეს არის კარგად ორგანიზებული შეტევა კომპანიაზე, რომელიც, პირველ რიგში, ალბათ, კომპანიის რეპუტაციის შელახვას ემსახურება”.

”არ-ემ-ჯი გოლდის” ინფორმაციით, 2013 წლის ოქტომბერ-ნოემბერში განხორციელებული კვლევა ცხადყოფს, რომ ”საყდრისის ტერიტორია არქეოლოგიური თვალსაზრისით სრულიად სტერილურია და ადგილზე არავითარი არტეფაქტი და ძველი მადნის დამუშავების არანაირი კვალი არ გამოვლინდა”. შესაბამისად, კომპანია „არ-ემ-ჯი“ საყდრისის საბადოს ტერიტორიას განიხილავს როგორც კომპანიის ლიცენზიის ფარგლებში არსებულ ნებისმიერ სხვა ტერიტორიას, რომელსაც სამუშაოების მიმდინარეობისას კანონმდებლობით დადგენილი ვალდებულება აქვს. იგივე წყარო ირწმუნება, რომ 2013 წლის ივლისში კულტურის სამინისტრომ საყდრისი-ყაჩაღიანის საბადოს არქეოლოგიურ ობიექტს კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსი მოუხსნა.

ეს არის ის არქეოლოგიური ძეგლი, ობიექტი, სადაც შენარჩუნდა ძველი წელთაღრიცხვის მე-4 ათასწლეულის ადამიანის მოღვაწეობის კვალი. იყო აქ მცდელობები, ეთქვათ, რომ ეს არ არის ოქროს მაღარო, რომ ეს არის სპილენძის ან მარილის მაღარო...
ამ ინფორმაციას არ ადასტურებს ბრალდებათა მთავარი ადრესატი, კულტურის მინისტრის პირველი მოადგილე მარინე მიზანდარი. მისი განმარტებით, სამინისტრომ ამ ობიექტს ძეგლის სტატუსი კი არ მოუხსნა, არამედ ”ბათილად იქნა ცნობილი ძეგლის სტატუსის მინიჭების პროცედურა”. შემდეგ იყო მცდელობა, რომ საყდრისი-ყაჩაღიანის საბადოს მოძრავი ძეგლის სტატუსი მინიჭებოდა, თუმცა არც ეს გამოვიდა, რადგანაც დარგის სპეციალისტებმა ეს შეუძლებლად მიიჩნიეს. მარინე მიზანდარი დარწმუნებულია, რომ სადავოდ ქცეული ობიექტი, რომელსაც ამჟამად არქეოლოგიური ობიექტის სტატუსი იცავს, ”უდიდესი მნიშვნელობისაა” არა მხოლოდ საქართველოსთვის, არამედ მთელი კაცობრიობისთვის:

”ეს არის ის არქეოლოგიური ძეგლი, ობიექტი, სადაც შენარჩუნდა ძველი წელთაღრიცხვის მე-4 ათასწლეულის ადამიანის მოღვაწეობის კვალი. იყო აქ მცდელობები, ეთქვათ, რომ ეს არ არის ოქროს მაღარო, რომ ეს არის სპილენძის ან მარილის მაღარო... ამას არა აქვს არსებითი მნიშვნელობა, რადგანაც მთავარი არის ის, რომ ეს არის იმდროინდელი ადამიანის მოღვაწეობის უცილობელი კვალი”.

ჩვენ გადავიღეთ ეს ფოტოები მიმდებარე მთებიდან. ძეგლი განადგურებულია, ზედა ნაწილი აბსოლუტურად მონგრეულია - ის ნაწილი, რომელიც ითხრებოდა. ფოტოებზეც კარგად ჩანს...
მარინე მიზანდარი ”არ-ემ-ჯი გოლდის” ბრალდებებს ”უსუსურისა და დემაგოგიურის ნაზავს” უწოდებს, თუმცა, კულტურის სამინისტროს სხვა ხელმძღვანელი პირების მსგავსად, ისიც თვლის, რომ უნდა გამოინახოს ოქროს შუალედი, სახელმწიფოს ინტერესებიდან გამომდინარე, და ჰარმონიულად უნდა შეჯერდეს ეკონომიკასა და კულტურული მემკვიდრეობის დაცვასთან დაკავშირებული მიზნები. ითქვა ისიც, რომ მოლაპარაკების პროცესი მიმდინარეობს, მაგრამ ჯერჯერობით საერთო ენა ვერ გამოინახა სახელმწიფო ბიუჯეტში ერთ-ერთ უმსხვილეს გადამხდელ კომპანიასა და სახელმწიფო უწყებებს, მათ შორის, კულტურის სამინისტროს შორის.

ოქროს მომპოვებელი კომპანიის ქმედებებს, კომპანიისა, რომელიც არ დაელოდა საბადოს ათვისების ნებართვას და 7 იანვარს ტექნიკა შეიყვანა საყდრისი-ყაჩაღიანის ისტორიული საბადოს ტერიტორიაზე, არქეოლოგების, გარემოსდამცველებისა და საზოგადოებრივი ჯგუფების პროტესტი მოჰყვა. როგორც სტუდენტური მოძრაობა ”მწვანე მუშტის” წარმომადგენელმა ნიკა წიქარიძემ უთხრა რადიო თავისუფლებას, მან და მისმა თანამოაზრეებმა საყდრისიდან ჩამოიტანეს ფოტომასალა, რომელიც კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის განადგურებას ასახავს:

”ჩვენ გადავიღეთ ეს ფოტოები მიმდებარე მთებიდან. ძეგლი განადგურებულია, ზედა ნაწილი აბსოლუტურად მონგრეულია - ის ნაწილი, რომელიც ითხრებოდა. ფოტოებზეც კარგად ჩანს. ეს არის ვანდალობა. თანაც საზოგადოებას დაანახვეს, რომ ჩვენი აზრი უმნიშვნელოა და ჩვენ არ წარმოვადგენთ არაფერს”.

”მწვანე მუშტი”, სხვა არაერთი საზოგადოებრივი ორგანიზაციის მსგავსად, ყურადღებით დააკვირდება საყდრისი-ყაჩაღიანის საბადოს ტერიტორიაზე მიმდინარე პროცესებს და, როგორც აქტივისტები ამბობენ, თუკი ოქროს მომპოვებელი სამუშაოები გაგრძელდება, გაგრძელდება საპროტესტო აქციებიც.
XS
SM
MD
LG