Accessibility links

logo-print

ოკუპაციის პრობლემები შს სამინისტროსა და არასამთავრობო სექტორის შეხვედრაზე


საოკუპაციო ზოლის გასწვრივ აღმართული ბარიერები - მავთულხლართების, ღობეებისა თუ მიწაყრილების სახით, პროცესის გაგრძელების ალბათობა და შესაძლო გამოსავალი ამ რთული ვითარებიდან - ასეთი იყო შინაგან საქმეთა სამინისტროში 11 ოქტომბერს გამართული შეხვედრის ძირითადი აქცენტები. არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლებს სამინისტროს საინფორმაციო-ანალიტიკური დეპარტამენტი მასპინძლობდა. იმედები საერთაშორისო თანამეგობრობასა და საზოგადოების აქტიურობას უკავშირდება.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, საოკუპაციო ზოლის გასწვრიც ბარიერების აღმართვის პროცესი ამ ეტაპისთვის შეჩერებულია, მაგრამ, როგორც 11 ოქტომბრის შეხვედრაზე ითქვა, ეს პაუზა დამშვიდების საფუძველს სულაც არ იძლევა, რადგანაც, საოკუპაციო რეჟიმის მხრიდან გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, პროცესი მომდევნო თვეებში გაგრძელდება.

ასეთი პროგნოზი არ უკვირს შეხვედრის ერთ-ერთ მონაწილეს, თბილისის პოლიტიკის ანალიზის ცენტრის წარმომადგენელს, შს სამინისტროს ანალიტიკური დეპარტამენტის ყოფილ ხელმძღვანელს შოთა უტიაშვილს. როგორც მან უთხრა რადიო თავისუფლებას, სამინისტროს წარმომადგენლებმა დეტალური და ზუსტი ანალიზი წარმოადგინეს და მათ მიზანია რეალობის ადეკვატური აღქმის ხელშეწყობა:

”სამინისტრო შიშობს და საკმაოდ დასაბუთებულად, რომ რუსები აპირებენ ეს პროცესი დაასრულონ წლის ბოლომდე და რომ ეს პრობლემებს შეუქმნის საქართველოს - პირველ რიგში, იქ მცხოვრებ ადამიანებს, გამოიწვევს ჰუმანიტარულ კრიზისს... სამინისტროს პოზიცია გასაგებია - იციან, რაც მოხდება: მავთულხლართები გაებმება კიდევ ერთ სოფელში, მერე კიდევ ერთ სოფელში, მერე ათ სოფელში და წინასწარ ეუბნებიან ხალხს, რომ ასე იქნება - რომ საზოგადოება მოამზადონ”.

აფხაზეთის მიმართულებით, მავთულხლართებისა და ღობეების ნაცვლად, რუსეთის საოკუპაციო ძალები აწყობენ მიწათხრილებს და აფიქსირებენ სხვადასხვა სახის ზღუდეებს. ამიტომ არ უნდა განვასხვავოთ ჩვენ სიტუაცია ცხინვალისა და აფხაზეთის ოკუპირებული რეგიონების მიმართულებით...
ამ ეტაპზე ცხინვალის რეგიონის საოკუპაციო ზოლის გასწვრივ სხვადასხვა სახის ბარიერები 35 კილომეტრის სიგრძეზეა აღმართული, თუმცა, როგორც
შს სამინისტროს საინფორმაციო-ანალიტიკური დეპარტამენტის წარმომადგენელმა კახა ქემოკლიძემ უთხრა ჟურნალისტებს, პრობლემის სიმწვავის ჭრილში არანაირი სხვაობა არ არის ცხინვალისა და აფხაზეთის რეგიონებს შორის:

”აფხაზეთის მიმართულებით, მავთულხლართებისა და ღობეების ნაცვლად, რუსეთის საოკუპაციო ძალები აწყობენ მიწათხრილებს და აფიქსირებენ სხვადასხვა სახის ზღუდეებს. ამიტომ არ უნდა განვასხვავოთ ჩვენ სიტუაცია ცხინვალისა და აფხაზეთის ოკუპირებული რეგიონების მიმართულებით. საჭიროა სახელმწიფო სტრუქტურების კოორდინირებული მუშაობა და საერთაშორისო თანამეგობრობის ძალიან გააქტიურება”.

საერთაშორისო თანამეგობრობის გააქტიურების კონტექსტში ბოლო დღეებში ყურადღების ცენტრშია ეუთო. გავიხსენოთ, რომ ავსტრიაში, ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში, ოკუპაციის ხაზის გასწვრივ მიმდინარე პროცესებსა და რუსეთის დესტრუქციულ ქმედებებზე 10 ოქტომბერს ილაპარაკა საგარეო საქმეთა მინისტრმა მაია ფანჯიკიძემ. მის გამოსვლას ეუთოს მუდმივი საბჭოს სხდომაზე საქართველოს პარტნიორი ქვეყნების მხრიდან მტკიცე მხარდაჭერის გამოძახილი მოჰყვა. ოდნავ მოგვიანებით მინისტრი იმავე თემებზე სასაუბროდ შეხვდა ეუთოს გენერალურ მდივანს ლამბერტო ზანიერს, რომელიც გამოსავლის გზების ძიებაშია.

არ უნდა ვიჯდეთ გულხელდაკრეფილი, ჩვენც უნდა ვიაქტიუროთ, მთელმა საზოგადოებამ. ეს ასე არ ხდება, საუბედუროდ, და ხშირად პროცესს კამპანიური ხასიათი აქვს. ყოველდღიურად უნდა ტარდებოდეს რაღაც ღონისძიებები, ბანერები უნდა დავდგათ, მოწოდებები უნდა ისმოდეს...
”ცხადია, შეშფოთებას იწვევს იქ შექმნილი სიტუაცია და მოვლენების განვითარება - ის ფაქტი, რომ ღობეების აღმართვა ხდება და ეს ერთმანეთისგან მიჯნავს მოსახლეობას. ეუთო მხარს უჭერს არხების გახსნას და კონტაქტს ადამიანებს, ხალხებს შორის და მხარს არ უჭერს ბარიერების აღმართვას. ამრიგად, ჩვენ ვეძებთ გზებს იმისათვის, რომ ვეცადოთ დავეხმაროთ ამ რეგიონებს”, - აღნიშნა ეუთოს გენერალურმა მდივანმა.

საერთაშორისო თანამეგობრობასთან მჭიდრო თანამშრომლობისა და დიპლომატიური არხების მაქსიმალურად გამოყენების მნიშვნელობას კარგად აცნობიერებს 11 ოქტომბერს შინაგან საქმეთა სამინისტროში გამართული შეხვედრის კიდევ ერთი მონაწილე, არასამთავრობო ორგანიზაცია ”მშვიდობიანი და საქმიანი კავკასიის” ხელმძღვანელი ალუ გამახარია. თუმცა, როგორც მან უთხრა რადიო თავისუფლებას, სასიცოცხლოდ აუცილებელია საზოგადოების აქტიურობაც:

”არ უნდა ვიჯდეთ გულხელდაკრეფილი, ჩვენც უნდა ვიაქტიუროთ, მთელმა საზოგადოებამ. ეს ასე არ ხდება, საუბედუროდ, და ხშირად პროცესს კამპანიური ხასიათი აქვს. ყოველდღიურად უნდა ტარდებოდეს რაღაც ღონისძიებები, ბანერები უნდა დავდგათ, მოწოდებები უნდა ისმოდეს... სულ უნდა ხედავდნენ რუსები, რომ ჩვენ არ ვეგუებით და არც შევეგუებით იმას, რასაც ისინი აკეთებენ”.

ალუ გამახარია აქტიურად არის ჩართული ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის საკითხთა დროებითი საპარლამენტო კომისიის მუშაობაში და, ამასთან, აქტიურად მუშაობს როგორც ოკუპირებული ცხინვალის რეგიონის, ასევე აფხაზეთის ოკუპირებული ტერიტორიის მიმართულებით არსებულ პრობლემებზეც. ის ამბობს, რომ შესაძლოა მეტ-ნაკლებად ვლინდება, მაგრამ პრობლემების სიმწვავე საოკუპაციო ზოლის გასწვრივ თანაბარია ორივე მიმართულებით.
XS
SM
MD
LG