Accessibility links

logo-print

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო შეშფოთებულია „რუსეთის საოკუპაციო ძალების მორიგი უკანონო ქმედებით“, რაც მიზეზი გახდა 12 წლის მოზარდის გარდაცვალებისა. გალის რაიონის სოფელ ქვემო ბარღების მკვიდრი ირაკლი ცაავა, რომელიც მძიმე მდგომარეობაში იმყოფებოდა და გადაუდებელ სამედიცინო დახმარებას საჭიროებდა, საოკუპაციო ძალებმა ენგურის ხიდის გავლით სამკურნალოდ არ გადმოუშვეს საქართველოს მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე. რა მდგომარეობაა ოკუპირებულ ტერიტორიებზე და როგორ ქმნის ოკუპაცია სასიკვდილო ბარიერებს?

12 წლის ბიჭს ადგილობრივმა ექიმებმა 4 მაისს დილით დაუსვეს „მწვავე მუცლის“ დიაგნოზი, რაც მუცლის ღრუს მწვავე ქირურგიული დაავადებების კრებითი სახელია და შესაძლოა გულისხმობდეს, მაგალითად, მწვავე აპენდიციტს, მწვავე ქოლეცისტიტს, მწვავე პანკრეატიტსა თუ ნაწლავთა გაუვალობას. ადგილობრივმა ექიმებმა ოჯახს სასწრაფო ოპერაციისთვის მისი ზუგდიდის საავადმყოფოში გადაყვანა ურჩიეს. იმის გამო, რომ შესაბამისი დოკუმენტის გარეშე ენგურის ხიდზე გადმოსვლა შეუძლებელი იყო, ოჯახმა ავადმყოფის შემოვლითი გზით გადმოყვანა სცადა და ბიჭი სწორედ გზაში გარდაიცვალა – ასეთი ინფორმაცია მოგვაწოდა აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრომ.

საერთაშორისო თანამეგობრობის მხრიდან არაერთი მოწოდების მიუხედავად, რუსეთის საოკუპაციო ძალები განაგრძობენ ადამიანის უფლებების, მათ შორის, თავისუფალი გადაადგილების უფლების უხეშ დარღვევას, რასაც, ხშირ შემთხვევაში, რიგითი მოქალაქეების სიცოცხლე ეწირება...

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო მომხდარში რუსეთის ფედერაციის საოკუპაციო ძალებს ადანაშაულებს და მოუწოდებს რუსეთს „პატივი სცეს ოკუპირებულ ტერიტორიებზე მცხოვრები მოსახლეობის ფუნდამენტურ უფლებებს და არ მოახდინოს ჰუმანიტარული საკითხების პოლიტიზება“. როგორც საგარეო უწყების მიერ გამოქვეყნებულ განცხადებაშია ნათქვამი, საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში სავალალო მდგომარეობაა ადამიანის უფლებათა კუთხით. ამავე განცხადებაში ვკითხულობთ:

„საერთაშორისო თანამეგობრობის მხრიდან არაერთი მოწოდების მიუხედავად, რუსეთის საოკუპაციო ძალები განაგრძობენ ადამიანის უფლებების, მათ შორის, თავისუფალი გადაადგილების უფლების უხეშ დარღვევას, რასაც, ხშირ შემთხვევაში, რიგითი მოქალაქეების სიცოცხლე ეწირება. შექმნილი ვითარება განსაკუთრებულ შეშფოთებას იწვევს ადგილზე მონიტორინგის საერთაშორისო მექანიზმების არარსებობის ფონზე.საქართველოში ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიას კვლავ არ ეძლევა მანდატის შესაბამისად ოკუპირებულ ტერიტორიებზე მონიტორინგის, ხოლო საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლებს ადგილზე ვიზიტის განხორციელების შესაძლებლობა“.

მაშინ როცა სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო რესპუბლიკიდან თბილისში ჩამოსვლას ადამიანები შედარებით უფრო იოლად ახერხებენ და მათი სიმრავლე ცხინვალს ზოგჯერ თავის ტკივილსაც უჩენს, საგრძნობლად შეზღუდულია თბილისის მიერ შეთავაზებულ ჯანდაცვაზე ხელმისაწვდომობა აფხაზეთის დე ფაქტო რესპუბლიკის მცხოვრებთათვის. საქმე ის არის, რომ სამხრეთ ოსეთში მცხოვრები რუსეთის მოქალაქეობის მქონე პირები შედარებით მოხერხებულ მარშრუტს იყენებენ – ჩრდილოეთ ოსეთში გადასვლითა და შემდეგ საქართველოში შემოსვლით, ყაზბეგი-ლარსის საკონტროლო-გამშვები პუნქტის გავლით. სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო რესპუბლიკიდან ავადმყოფები თბილისში არცთუ იშვიათად „წითელ ჯვარსაც“ ჩამოჰყავს, რაც, ავტონომიური რესპუბლიკის ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, ასე არ არის აფხაზეთის შემთხვევაში.

"მრავალარხიანი დიპლომატიის ინსტიტუტი - საქართველოს" დირექტორის ლევან გერაძისთვის შემაძრწუნებელია 4 მაისს მომხდარი ფაქტი და ის ბევრ რამეზე მეტყველებს:

„როდესაც ასეთი ტრაგედიები ხდება გადაადგილების შეუძლებლობის გამო, რამდენადაც ტრაგიკულია, იმდენადვე სასირცხვილოა 21-ე საუკუნის ცივილიზებულ საზოგადოებაში. საოკუპაციო ხაზზე რუსეთის სასაზღვრო ძალები დგანან და ისინი არ აძლევენ ადგილობრივ მოსახლეობას თავისუფლად გადაადგილების შესაძლებლობას. ამიტომ ადამიანებს უწევთ სხვადასხვა გზის ძიება და ეს გზები, სამწუხაროდ, არ არის მოწყობილი ისე, რომ ყველა ადამიანმა მოახერხოს გადმოსვლა, განსაკუთრებით მაშინ, როცა ეს მათ სჭირდებათ“.

2014 წელს თითქმის 660-მა ადამიანმა, ეთნიკურად აფხაზმა მოქალაქემ, მიიღო სამედიცინო სერვისი. მათ ისარგებლეს რეფერალური პროგრამის ფარგლებში, თორემ შესაძლოა უფრო მეტიც იყო გადმოსული და მათ ამ პროგრამით არ უსარგებლიათ...

აფხაზეთის ოკუპირებულ ტერიტორიაზე ადამიანის უფლებების კუთხით რომ მართლაც სავალალო მდგომარეობაა, ჩვენთან საუბრისას ადასტურებს აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრიქეთევან ბაკარაძე. მისი თქმით, თბილისის მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე სამკურნალოდ გადმოსვლის პრობლემები ძირითადად ეთნიკურად ქართველ მოსახლეობას ექმნება, ხოლო გაცილებით უფრო იოლად ახერხებს ამას ეთნიკურად აფხაზი მოსახლეობა, თუმცა მათაც აუცილებლად მოეთხოვებათ ე.წ. „სპრავკა“ - იგივე შესაბამის ადგილობრივ ორგანოებში გაცემული ფორმა ნომერი 9. ქეთევან ბაკარაძე ჩვენთან საუბრისას გარკვეულ სტატისტიკაზეც ლაპარაკობს:

„2014 წელს თითქმის 660-მა ადამიანმა, ეთნიკურად აფხაზმა მოქალაქემ, მიიღო სამედიცინო სერვისი. მათ ისარგებლეს რეფერალური პროგრამის ფარგლებში, თორემ შესაძლოა უფრო მეტიც იყო გადმოსული და მათ ამ პროგრამით არ უსარგებლიათ. წელს, 1 მაისამდე პერიოდში, 105-მა აფხაზმა პაციენტმა მოგვმართა უშუალოდ ჩვენ, მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს, რომ მხოლოდ ჩვენ მოგვმართავენ. ზოგჯერ თვითდინებითაც გადმოდიან და პირდაპირ სამედიცინო დაწესებულებებს მიმართავენ“.

იშვიათი გამონაკლისების გარდა, აფხაზეთის ოკუპირებული ტერიტორიიდან თბილისში სამკურნალოდ ჩამოსული პაციენტებისთვის მნიშვნელოვანია კონფიდენციალობის დაცვა და, შესაბამისად, ქართული მხარე საჯაროდ არასოდეს აკონკრეტებს ცალკეული შემთხვევების დეტალებს, გვეუბნება ქეთევან ბაკარაძე. ჯანდაცვის პრობლემებზე ლაპარაკი ძირითადად ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებათა ფორმატში მიმდინარეობს, თუმცა ნაკლებად ეფექტიანია. პრობლემებს ქმნის ის ფაქტიც, რომ უკვე წლებია აღარ ტარდება გალის შეხვედრები „ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის“ ფარგლებში.

ძვირფასო მეგობრებო, რადიო თავისუფლების ფორუმში მონაწილეობისთვის გთხოვთ, გამოიყენოთ თქვენი Facebook-ის ანგარიში. კომენტარები მოდერაციის შემდეგ ქვეყნდება და საიტზე მათ გამოჩენას გარკვეული დრო სჭირდება. გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ ღამის საათებში კომენტარები არ ქვეყნდება.

XS
SM
MD
LG