Accessibility links

logo-print
საქართველოს პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტმა მეორე მოსმენით განიხილა ”ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ” კანონში შესატანი ცვლილებების კანონპროექტი. კანონპროექტი ოკუპირებულ ტერიტორიებზე უკანონო შესვლის ნაწილობრივ დეკრიმინალიზაციას ითვალისწინებს. ამ ინიციატივას ქვეყნის სუვერენიტეტისთვის სახიფათოდ მიიჩნევს საპარლამენტო უმცირესობა, რომელიც საპასუხო კანონპროექტის მომზადებას, სავარაუდოდ, უახლოეს მომავალში დაიწყებს. საპარლამენტო უმრავლესობა კი „ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ ”კანონის ცვლილებაზე მსჯელობას კანონპროექტში პრინციპული ცვლილებების შეტანის გარეშე აპირებს.

”ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ” საქართველოს კანონის ცვლილებათა კანონპროექტით და მისგან გამომდინარე კანონპროექტებით, უცხო ქვეყნის მოქალაქე ან მოქალაქეობის არმქონე პირი ოკუპირებულ ტერიტორიებზე შესვლის წესის დარღვევისთვის, მოქმედი ნორმის, ანუ თავისუფლების აღკვეთის ნაცვლად, პირველ ჯერზე 400 ლარით დაჯარიმდება, სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობა კი ამავე პირის მიმართ იმ შემთხვევაში დადგება, თუ ასეთ ქმედებას იგი განმეორებითაც ჩაიდენს. კანონპროექტის გარშემო წარმოებული მრავალსაათიანი პროცედურული ომის განმავლობაში საპარლამენტო უმცირესობა ცდილობდა დაესაბუთებინა, რომ კანონში ცვლილების შეტანით საქართველოს ხელისუფლება სახელმწიფო საზღვრის სხვადასხვა მონაკვეთზე განსხვავებულ რეჟიმებს აწესებს და, შესაბამისად, რუსეთს აძლევს არგუმენტს, რომ საქართველომ ახალ რეალობასთან შეგუება დაიწყო. საპარლამენტო უმცირესობის ალტერნატიული ინიციატივა, საზღვრის დიფერენცირების ნაცვლად, საზღვრის მთელ პერიმეტრზე ერთგვაროვანი რეჟიმის დამყარებას ითვალისწინებს. საპარლამენტო უმცირესობის თავმჯდომარე, დავით ბაქრაძე ამბობს:
დავით ბაქრაძე

დავით ბაქრაძე


”ჩვენთვის ფსოუს საზღვარი ზუსტად ისეთივე საზღვარია, როგორიც ლარსის და წითელი ხიდის საზღვარი. ამიტომ, იყოს ერთგვაროვანი რეჟიმი. გვინდა, რომ საქართველოს საზღვრის გადაკვეთა იყოს ლიბერალური და იყოს ადმინისტრაციული. გავაკეთოთ ეს, ოღონდ გავაკეთოთ მთელი საზღვრისთვის. გვინდა, რომ საქართველოს საზღვრის გადაკვეთა იყოს სისხლისსამართლებრივი, ოღონდ პირველ შემთხვევაში იყოს ჯარიმა - ჩავწეროთ პირდაპირ იმ მუხლში, რომ პირველ შემთხვევაში ეს არის ჯარიმა, ოღონდ გავაკეთოთ ეს მთელი საზღვრისთვის. ნუ გამოვყოფთ ცალკე აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთს”.

მიუხედავად იმისა, რომ საპარლამენტო უმცირესობას უმრავლესობამ ეს ინიციატივაც თემაზე მორიგ სპეკულაციად ჩაუთვალა, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ დავით უსუფაშვილმა კანონპროექტის პირველ მოსმენაზე შემხვედრი ნაბიჯი გადადგა და ოპოზიციას საზღვრის ერთიანი რეჟიმის საკითხზე მუშაობის დაწყება შესთავაზა:

”ამ კონკრეტულ საკითხზე სამუშაოდ მე პირადად ვარ მზად. თუ ეს არის თემა, ეს ძალიან მალე გამოჩნდება და ძალიან მარტივად გამოჩნდება. თუ ზოგადად საზღვრის ერთიან რეჟიმზეა საუბარი, ვისაუბროთ ამაზე. აგერ არის ბატონო თქვენთან შემოთავაზება. და ძალიან მკაფიოდ გამოჩნდება, რა გაწუხებთ და რა გაღელვებთ - საზღვრის ერთიანობა და ამ პრინციპის დაცვა თუ ზოგადად ჩათვალეთ, რომ მონახეთ თემა, რომელზეც ხმაური და ყვირილი იქნებოდა პოპულარული რაიმეს გამო”.

საპარლამენტო უმცირესობამ დავით უსუფაშვილის შეთავაზება მიიღო, თუმცა, როგორც მოგვიანებით გამოჩნდა, მხარეებმა ბოლომდე ვერც ამჯერად გაუგეს ერთმანეთს. საპარლამენტო უმცირესობა ”ოკუპაციის შესახებ” კანონის ცვლილებების საკომიტეტო მოსმენაზე 29 მაისს ეგრეთ წოდებული ალტერნატული პროექტის გარეშე მივიდა, რაც ჩვენთან საუბარში დეპუტატმა მიხეილ მაჭავარიანმაც დაადასტურა:

”გაუგებრობაა, იმიტომ რომ ჩვენ ველოდებოდით შემთანხმებელ ჯგუფს. თუ მიაქციეთ ყურადღება, უსუფაშვილმა ახსენა, რომ შეიქმნება შემთანხმებელი ჯგუფი და, როგორც ჩანს, არ აპირებენ შეთანხმებას და დღეს ვფიქრობდით და ვმსჯელობდით, რომ მივცეთ სახე კანონპროექტის და ალტერნატივაც იქ დავაფიქსიროთ”.
ჩვენ ვიმსჯელებდით აღნიშნულის თაობაზე და განვიხილავდით, მაგრამ მათ არაფერი არ შემოუტანიათ. ალტერნატივის სახით არა, ოღონდ. ალტერნატივას ვერ შემოიტანენ, იმიტომ რომ აქ სხვა კანონზეა ლაპარაკი. უნდა შემოეტანათ საზღვრის ლიბერალიზაციის შესახებ. ანუ ყველგან ერთნაირი რეჟიმი რომ მოქმედებდეს...

საქართველოს პარლამენტის საპროცედურო საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ირინა იმერლიშვილი კი ფიქრობს, რომ ამ შემთხვევაში საქმე ეხება არა ”ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ” კანონისა და მისი თანმდევი კანონების ცვლილებების ალტერნატიულ კანონპროექტს, არამედ სულ სხვა კანონის ცვლილებას, რაც, თავის მხრივ, იმას ნიშნავს, რომ ”ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ” კანონის ცვლილებების პლენარულ განხილვას წინ არაფერი უდგას. კანონები კი, რომლებიც, სავარაუდოდ, „ნაციონალური მოძრაობის“ ინიციატივის შესაბამისად შეიძლება შესწორდეს, ირინა იმერლიშვილის თანახმად, არის სახელმწიფო საზღვრის შესახებ კანონი და სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსი:

”ჩვენ ვიმსჯელებდით აღნიშნულის თაობაზე და განვიხილავდით, მაგრამ მათ არაფერი არ შემოუტანიათ. ალტერნატივის სახით არა, ოღონდ. ალტერნატივას ვერ შემოიტანენ, იმიტომ რომ აქ სხვა კანონზეა ლაპარაკი. უნდა შემოეტანათ საზღვრის ლიბერალიზაციის შესახებ. ანუ ყველგან ერთნაირი რეჟიმი რომ მოქმედებდეს”.

მაგრამ ასეთი კანონპროექტი, რომელზეც ირინა იმერლიშვილი ლაპარაკობს, ჯერჯერობით ბუნებაში არ არსებობს. უკუპირებული ტერიტორიების შესახებ კანონში შესატანი ცვლილებების მეორე მოსმენით განხილვა კი საქართველოს პარლამენტის უახლოეს პლენარულ სხდომაზე იგეგმება.
XS
SM
MD
LG