Accessibility links

logo-print

საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე შექმნილი ვითარება წარმოადგენდა იმ შეხვედრებზე განსახილველ ერთ-ერთ ძირითად თემას, რომლებიც 2 ივნისს, თბილისში, ხელისუფლების წარმომადგენლებთან გამართა ეუთოს მორიგე თავმჯდომარე ქვეყნის – სერბიის – პირველმა ვიცე-პრემიერმა და საგარეო საქმეთა მინისტრმა ივიცა დაჩიჩიმ. ერთი დღით ადრე კი, საგარეო საქმეთა სამინისტრომ უცხოელ დიპლომატებს წარუდგინა 2015 წლის პირველი სამი თვის ანგარიში, რომელიც ოკუპირებულ ტერიტორიებზე ადამიანის უფლებათა კუთხით არსებულ სავალალო შედეგებს ასახავს. თემას ლელა კუნჭულია განავრცობს.

გადაადგილების თავისუფლების შეზღუდვა, საკუთრების უფლების ხელყოფა თუ ადამიანის უკანონო დაკავების ფაქტები – საგარეო უწყების ანგარიში ოკუპირებულ ტეროტორიებზე შექმნილ სავალალო ვითარებას წარმოგვიდგენს – მედიის, მე-3 სექტორისა თუ სხვა ღია წყაროების ინფორმაციებზე დაყრდნობით. ანგარიშში მოყვანილია კონკრეტული ფაქტები, – ასე მაგალითად: თუ როგორ დაიჭირეს 2015 წლის იანვარში რუსეთის უშიშროების ფედერალური სამსახურის თანამშრომლებმა საოკუპაციო ზოლის გასწვრივ გალის რაიონში მცხოვრები სკოლის მოსწავლეები, რომლებიც მიდიოდნენ სკოლაში – წალენჯიხის რაიონის სოფელ წყოუში. რუსი ოფიცრები იყვნენ მთვრალები და ხუთი საათის განმავლობაში დაკავებულ სამ ბავშვს ცუდად ეპყრობოდნენ.

დღეს, პრაქტიკულად, ოკუპირებული ტერიტორიები ეს არის შავი ხვრელები და როგორც გაეროს ადამიანთა უფლებების დაცვის ყოფილმა კომისარმა უწოდა ამ ტერიტორიებს...

ანგარიშში ასახულია ასევე არაერთი ფაქტი, როცა რუსეთის უშიშროების ფედერალური სამსახურის თანამშრომლები ფიზიკურად უსწორდებოდნენ თითქოსდა „საზღვრის უკანონოდ გადალახვის“ ბრალდებით დაკავებულ პირებს. საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ – სპეციალურად საერთაშორისო თანამეგობრობისთვის ინგლისურ ენაზე მომზადებულ ანგარიშში, რომელიც ყოველკვარტალური უნდა გახდეს, ხაზგასმით არის აღნიშნული, რომ, მნიშვნელოვანი საერთაშორისო დოკუმენტების მიხედვით, ოკუპანტად ცნობილი რუსეთი ვერ უზრუნველყოფს ადამიანის უფლებათა დაცვას მის მიერ ოკუპირებულ ტერიტორიებზე, არადა პასუხისმგებლობა სწორედ მას ეკისრება. საგარეო საქმეთა მინისტრი თამარ ბერუჩაშვილი საერთაშორისო თანამეგობრობის მეტი ყურადღების აუცილებლობაზე საუბრობს:

„დღეს, პრაქტიკულად, ოკუპირებული ტერიტორიები ეს არის შავი ხვრელები და როგორც გაეროს ადამიანთა უფლებების დაცვის ყოფილმა კომისარმა უწოდა ამ ტერიტორიებს, ეს არის 21-ე საუკუნეში ყველაზე უფრო რთულად შეღწევადი ტერიტორიები დედამიწის ზურგზე. ჩვენი ამოცანაა, ვიმუშაოთ აქტიურად, გამოვიყენოთ ყველა საერთაშორისო ფორმატი, მოვახდინოთ საერთაშორისო თანამეგობრობის მობილიზაცია, რომ ეს სიტუაცია შეიცვალოს“.

წარსულზე დაყრდნობით და ასევე, გამომდინარე იქიდან, თუ როგორ აგრესიულ ნაბიჯებს დგამს რუსეთი არა მარტო საქართველოში, არამედ მთელ რეგიონში, ნაკლებად სავარაუდო მგონია, რომ რუსეთმა დაუშვას მუდმივი ხასიათის მქონე საერთაშორისო მონიტორინგი ოკუპირებულ ტერიტორიებზე...

ამ პრობლემებიდან გამომდინარე, საქართველო დიდი იმედით მოელის ევროსაბჭოს უმაღლეს კომისარს ადამიანის უფლებათა დაცვის საკითხებში, რომელიც წლის ბოლომდე სწორედ მონიტორინგის მიზნით უნდა ეწვიოს საქართველოს და რომლის საგანგებო მისიასაც აქტიურად უჭერს მხარს ევროსაბჭოს მინისტრთა კომიტეტის მიერ მაისში მიღებული გადაწყვეტილება. მინისტრთა მოადგილეების დონეზე მიღებული ეს დოკუმენტი, ოკუპირებულ ტერიტორიებთან მიმართებით, რუსეთის ფედერაციას საერთაშორისო შეთანხმებებსა და ადამიანის უფლებათა დაცვის აუცილებლობას შეახსენებს.

საგარეო საქმეთა სამინისტროს წამოწყებას, რომ საერთაშორისო თანამეგობრობის მეტი ყურადღება მიაპყროს ოკუპირებულ ტერიტორიებს, მიესალმება საქართველოს რეფორმების ასოციაციის თანადამფუძნებელი, ორგანიზაციის ვიცე-პრეზიდენტი პაატა გაფრინდაშვილი. თუმცა, როგორც მან უთხრა „რადიო თავისუფლებას“, სასურველი შედეგის მიღების თვალსაზრისით, ოპტიმიზმის საფუძველი არ არსებობს:

„წარსულზე დაყრდნობით და ასევე, გამომდინარე იქიდან, თუ როგორ აგრესიულ ნაბიჯებს დგამს რუსეთი არა მარტო საქართველოში, არამედ მთელ რეგიონში, ნაკლებად სავარაუდო მგონია, რომ რუსეთმა დაუშვას მუდმივი ხასიათის მქონე საერთაშორისო მონიტორინგი ოკუპირებულ ტერიტორიებზე – ადამიანის უფლებების დაცვის კუთხით. რატომ? იმიტომ რომ არც ერთი მოქნილი ნაბიჯი რუსეთს დღემდე არ გადაუდგამს, არანაირი წინაპირობა არ არსებობს იმისა, რომ ეს ნაბიჯი რუსეთმა გადადგას, – გამომდინარე ისევ იქიდან, რომ აფხაზეთიცა და ცხინვალის რეგიონიც რუსეთს დიდ სამხედრო ბანაკებად აქვს ქცეული, სადაც საოკუპაციო ძალა ჰყავს და შეტევითი იარაღიც აქვს განთავსებული“.

ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებულ მდგომარეობას 2 ივნისს თბილისში ხელისუფლების წარმომადგენლებთან შეხვედრისას განიხილავდა ეუთოს მორიგე თავმჯდომარე ქვეყნის – სერბიის – პირველი ვიცე-პრემიერი და საგარეო საქმეთა მინისტრი ივიცა დაჩიჩი, რომელიც სამხრეთ კავკასიური ტურნეს ფარგლებში ეწვია საქართველოს. მისი თქმით, მსოფლიოს საგანგებო ყურადღება დღეს უკრაინის კონფლიქტისკენ არის მიმართული და ამიტომ, საჭიროა, ვეცადოთ, რომ უყურადღებოდ არ დაგვრჩეს ქვეყნები, რომლებიც ასევე არიან დაზარალებული კონფლიქტების შედეგად. ივიცა დაჩიჩს „კონფლიქტების მოგვარებისერთადერთ საშუალებად“ მხოლოდ დიალოგი მიაჩნია და ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებათა ფორმატსაც ასეთ შესაძლებლობად განიხილავს. მითუმეტეს, რომ, გაეროსა და ევროკავშირთან ერთად, ეუთოც ამ მოლაპარაკებათა თანათავმჯდომარეა.

რაც შეეხება ეუთოს სრულმასშტაბიანი მისიის აღდგენის შესაძლებლობებს, ეს საკითხი ჯერ ისევ ჰაერშია გამოკიდებული მას შემდეგ, რაც 2009 წელს რუსეთის ძალისხმებით მისიამ შეწყვიტა საქართველოში მუშაობა. პაატა გაფრინდაშვილი, რომელიც წინა წლებში საქართველოს წარმოადგენდა ეუთოში, მისიის განახლებისთვის პოზიტიურ ძვრებს ვერც ახლა ხედავს. მისი თქმით, რუსეთმა ყველაფერი გააკეთა იმისთვის, რომ დაებლოკა ეუთოს მონიტორინგი ცხინვალის რეგიონში, რომელიც მან სამხედრო ბაზად აქცია.

ძვირფასო მეგობრებო, რადიო თავისუფლების ფორუმში მონაწილეობისთვის გთხოვთ, გამოიყენოთ თქვენი Facebook-ის ანგარიში. კომენტარები მოდერაციის შემდეგ ქვეყნდება და საიტზე მათ გამოჩენას გარკვეული დრო სჭირდება. გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ ღამის საათებში კომენტარები არ ქვეყნდება.

XS
SM
MD
LG