Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

მავთულხლართები ღოღეთთან და ოკუპირებული მიწის ნაკვეთები


რამდენიმე დღეა რუსეთის და დეფაქტო რესპუბლიკის სასაზღვრო უწყებების წარმომადგენლები ქარელის რაიონის სოფლებში დვანსა და ღოღეთში ეგრეთ წოდებულ საზღვრის აღმნიშვნელ ბანერებს და მავთულხლართებს ამონტაჟებენ. დვანში ოკუპირებული მიწების გასწვრივ ეგრეთ წოდებული სასაზღვრო ბანერები დაამონტაჟეს, სადაც ოსურ, რუსულ, ინგლისურ და ქართულ ენებზეა საზღვრის აღმნიშვნელი წარწერა და გაფრთხილება რომ გადასვლა აკრძალულია. სოფელ ღოღეთში ადგილობრივი მოსახლეობის მიწის ნაკვეთები, დაახლოებით 30 ჰექტარი მავთულხლართებს მიღმა აღმოჩნდა. მიხეილ და ალექსი შათირიშვილებმა დამუშავებულ დათესილი ნაკვეთები დაკარგეს და ახლა ხელისუფლებას სთხოვენ დახმარებას.

მესაზღვრეებმა ღოღეთის მინდვრებში ბანერების დამონტაჟების შემდეგ დაახლოებით 150 მეტრზე ბოძები ჩასხეს და 50 მეტრზე უკვე მავთულხლართებიც გააბეს. სამუშაოები დღესაც გრძელდება. ეგრეთ წოდებული ახალი საზღვრების ახლოს დაახლოებით 30 ოჯახი ცხოვრობს. ადგილობრივმა მოსახლეობამ კი სამართალდამცავებს უსაფრთხოების გაძლიერებული ზომების გატარება მოსთხოვა.

საქართველოს შინააგან საქმეთა სამინისტროს ანალიტიკური დეპარტამენტის ხელმძღვანელის ინფორმაციით ოკუპირებული ტერიტორიების მოსაზღვრე სოფლებში პატრულირება უკვე გაძლიერებულია. დავით სუჯაშვილის თქმით ბოლო დროს მომხდარი ინციდენტების შესახებ საქმის კურსში საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლებიც ჩააყენეს. მომავალ კვირას კი დეტალურ ინფორმაციას საქართველოში აკრედიტებულ დიპლომატებს გადასცემენ.

რუსეთის მესაზღვრეები რამდენიმე დღის წინ გორის რაიონშიც გააქტიურდნენ, მათ სოფელ ხურვალეთთან ადგილობრივი მცხოვრებლები მალხაზ ვანიშვილი და გოჩა მაყიშვილი ეგრეთ წოდებული საზღვრის უკანონოდ გადაკვეთის ბრალდებით დააკავეს. გუშინ ვანიშვილის გათავისუფლება მოხერხდა. საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენლები და პოლიტოლოგები მიიჩნევენ რომ ვილნიუსის სამიტის დროს რუსეთი საქართველოზე ზეწოლას საოკუპაციო ხაზთან ინციდენტების შექმნით აძლიერებს.
XS
SM
MD
LG