Accessibility links

ოკუპირებულ მიწის ნაკვეთებში ტრაქტორები გამოჩნდა


რუსეთის მესაზღვრეების სამხედრო ქალაქი არცევში

რუსეთის მესაზღვრეების სამხედრო ქალაქი არცევში

გორის მუნიციპალიტეტის სოფელ აძვში საოკუპაციო ძალების წარმომადგენლები ტრაქტორებით გამოჩნდნენ და ოკუპირებული მიწის ნაკვეთების დამუშავება დაიწყეს. იოსებ ბალამწარაშვილის მიწის ნაკვეთი 2 წლის წინ მათ მავთულხლართებით შემოღობეს, ხეხილის ბაღი გაჩეხეს, მიწა გაასუფთავეს, ახლა კი მისი დამუშავება დაიწყეს. მიწის მფლობელი უცნობ პირებს, რომლებიც მის ნაკვეთში მუშაობენ, მავთულხლართებიდან ადევნებს თვალს. ბალამწარაშვილი დახმარებას ხელისუფლებას სთხოვს და დაკარგული მიწის ნაცვლად ალტერნატიულ ნაკვეთს ითხოვს.

ქართული სოფლების აძვისა და ჯარიაშენის მიწის ნაკვეთების შემოღობვა დღემდე გრძელდება. რუსეთის მესაზღვრეები ყოველ წელს რამდენიმე ჰექტარ მიწას ისაკუთრებენ და ახლომდებარე ნაკვეთებში ადგილობრივ გლეხებს შესვლას და მუშაობას უკრძალავენ. ჯარიაშნელებს სოფლის სასაფლაოზე გასვლისაც ეშინიათ, რადგან იქ ხშირად ხედავენ შეიარაღებულ სამხედროებს.

აძველები და ჯარიაშნელები სოფლებში უსაფრთხოების ზომების გამკაცრებას და დამატებითი პოლიციური საგუშაგოების შექმნას მოითხოვენ. მათი აზრით, ქართველმა პოლიციელებმა საგაზაფხულო სასოფლო-სამეურნეო სამუშაოების დროს ნაკვეთებშიც უნდა იმორიგეონ, რათა რუსეთის მესაზღვრეებმა ადგილობრივი მოსახლეები, ეგრეთ წოდებული საზღვრის უკანონოდ გადაკვეთის ბრალდებით, არ დააკავონ ხოლმე.

ადგილობრივი მოსახლეობა აცხადებს, რომ საოკუპაციო გამყოფ ხაზთან მომხდარ ინციდენტებზე ხელისუფლების რეაგირება არასაკმარისია. მათი თქმით, რუსეთის მესაზღვრეები საკუთარ საქმეს დაუბრკოლებლად აკეთებენ. სახელმწიფო მინისტრი შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში პაატა ზაქარეიშვილი ადგილობრივ მოსახლეობას მოუწოდებს სასწრაფოდ დაიკანონონ მიწის ნაკვეთებისაკუთრებაში, რათა ამ ფართობების დაცვა შესაძლებელი გახდეს სამართლებრივი გზით როგორც ადგილობრივ, ისე ევროპულ სასამართლოებში.

სოფლები აძვი და ჯარიაშენი ოკუპირებულ არცევს ესაზღვრება, სადაც რუსეთის მესაზღვრეებს სამხედრო ქალაქი აქვთ აშენებული და ხშირად ქართული სოფლების მიმდებარე ტერიტორიაზე პატრულირებენ. გარდა ამისა, მათ უკვე დაიწყეს ოკუპირებულ ნაკვეთებში სასოფლო-სამეურნეო ტექნიკის შეყვანა და ადგილობრივი მოსახლეობის კუთვნილი, ახლა უკვე ოკუპირებული, ნაკვეთების დამუშავება.

XS
SM
MD
LG