Accessibility links

logo-print

უშანგი ქოქაშვილი მეექვსე წელია მშობლების საფლავზე არ ყოფილა. სოფელ ხურვალეთის სასაფლაო და სალოცავი მავთულხლართებს მიღმა, ოკუპირებულ ტერიტორიაზეა და ამ სოფლის მცხოვრები ოსები და ქართველები ნათესავების საფლავებზე ვერც დღეს გავიდნენ. ისინი რუსეთის მესაზღვრეებს არაერთხელ დაელაპარაკნენ, სთხოვეს, რომ აღდგომის დღეებში მაინც დაეშვათ გამონაკლისი, მაგრამ თხოვნა-მუდარამ არ გაჭრა. საოკუპაციო ძალების წარმომადგენლები დაჟინებით იმეორებენ, რომ სამხრეთ ოსეთის სახელმწიფო საზღვრის დარღვევა დაუშვებელია.

უშანგი ქოქაშვილი მავთულხლართებთან მივიდა და ცოტაოდენი ღვინო და კვერცხები მშობლების საფლავზე მისატანად დათა პაპას გადააწოდა. დათა ვანიშვილი დღეს ყველა გარდაცვლილის ჭირისუფალია. რუსეთის მესაზღვრეებმა მისი სახლი მავთულხლართებს მიღმა მოაქციეს. 83 წლის საქართველოს მოქალაქე უცებ სამხრეთ ოსეთისა და რუსეთის მოქალაქედ გამოაცხადეს და სამშობლოში გადმოსვლა აუკრძალეს. დათა პაპამ ხურვალეთის ოკუპირებული სასაფლაო შემოიარა და ყველა საფლავზე, ტრადიციისამებრ, წითელი კვერცხი დატოვა.

ხურვალეთელი თამაზ მჭედლიძე გულისტკივილით ამბობს, რომ რუსეთის მესაზღვრეებს ქრისტიანული ტრადიციებიც აღარ ესმით და სოფლის სასაფლაოზე მიცვალებულების დამარხვასაც უკრძალავენ.

არანაკლებ რთული ვითარებაა სოფელ კირბალში, სადაც ადგილობრივთა დაკავების რაოდენობა სულ უფრო იზრდება. კირბალელებს ტყის მასივთან ახლოს აკავებენ, სადაც არც მავთულხლართებია და არც ღობეები და საოკუპაციო ხაზი რუსეთის მესაზღვრეების სიტყვიერი ბრძანებით განისაზღვრება. კირბალის სალოცავი ოკუპირებულია, ოკუპირებულია ასევე სოფლის სასაფლაოს ნაწილი, თაყაძეების საგვარეულო სასაფლაო, სადაც ჭირისუფლებმა მისვლა ვერც დღეს მოახერხეს. კირბალის მცხოვრები გოგი პაპიტაშვილი ამბობს, რომ რუსეთის მესაზღვრეებმა რაღაც ნახაზები აჩვენეს და სასაფლაოზე მისვლა აუკრძალეს.

ათასობით იძულებით გადაადგილებული პირი მე-8 წელია ოკუპირებულ ტერიტორიაზე შესვლას და ნათესავების საფლავების მონახულებას უშედეგოდ ითხოვს. ლეილა ზუბაშვილი კარალეთის დევნილთა დასახლებაში მეუღლესთან ერთად ცხოვრობს. ერედვიდან დევნილ ოჯახს სოფელში შვილის საფლავი დარჩა. მათ არა აქვთ ინფორმაცია შვილის საფლავის მდგომარეობის შესახებ. დევნილმა ოჯახმა შვილის ფოტოები ნათესავებში შეაგროვა. ლეილა ზუბაშვილმა სანთელი დღეს ამ ფოტოების წინ დაანთო და წითელი კვერცხები დაალაგა.

ამ ჰუმანიტარული საკითხის მოგვარებას ქართული მხარე მერვე წელია „ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის“ სამუშაო ჯგუფის შეხვედრაზე უშედეგოდ ითხოვს, რუსული და ოსური მხარეები მუდამ უსაფრთხოების საკითხებზე აკეთებენ აქცენტს და პრობლემის გადაჭრაზე უარს ამბობენ. წელს მხოლოდ ახალგორის იმ მცხოვრებლებს მიეცათ ეგრეთ წოდებულ გამშვებ პუნქტზე შეუფერხებლად გადაადგილების საშუალება, ვისაც დე ფაქტო ხელისუფლების მიერ გაცემული საშვი ჰქონდა.

ძვირფასო მეგობრებო, რადიო თავისუფლების ფორუმში მონაწილეობისთვის გთხოვთ, გამოიყენოთ თქვენი Facebook-ის ანგარიში. კომენტარები მოდერაციის შემდეგ ქვეყნდება და საიტზე მათ გამოჩენას გარკვეული დრო სჭირდება. გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ ღამის საათებში კომენტარები არ ქვეყნდება.

XS
SM
MD
LG