Accessibility links

ოკუპირებულ ტერიტორიაზე მოქცეული სასაფლაო


დღეს, 27 მაისის დილიდან, რუსმა მესაზღვრეებმა სოფელ დიცის მიმდებარე ტერიტორიაზე ეგრეთ წოდებული საზღვრების გავლების სამუშაოები განაახლეს. ანალოგიური პროცესი სოფელ დვანის მიმართულებითაც მიმდინარეობს. რუსები ძელებს სვამენ და მავთულხლართებს აბამენ. დიცის მიმდებარე ტერიტორიაზე ოკუპირებული ერედვის მიმართულებით რამდენიმე ოჯახი ცხოვრობს. ეს ოჯახები დიდი ხნის წინ ერედვიდან გადმოვიდნენ და დიცში დასახლდნენ, ახლა კი მათ კარ-მიდამოს რუსები მიადგნენ. ამ ოჯახების კუთვნილი მიწის ნაკვეთები და სასაფლაო ახალი საზღვრებით ოკუპირებულ ტერიტორიაზე ხვდება. დიცის მცხოვრები გელა მინდიაშვილი აცხადებს, რომ რუსები მდინარე დიცურას სიახლოვეს ყველაფერს ღობავენ.

სოფლის რწმუნებული ზაქარია ვატიტაძე რადიო თავისუფლებასთან საუბარში ამბობს, რომ რუსებს არაერთხელ სთხოვეს მიწა და სასაფლაო მავთულხლართებით არ შემოეღობათ, მაგრამ მათ ყური არავინ დაუგდო. მესაზღვრეები სოფლის სიახლოვეს ყოფილი სამხრეთ ოსეთის ავტონომიური ოლქის ადმინისტრაციული საზღვრების რუკით დადიან და მდინარე დიცურას მიღმა ყველაფერს მავთულხლართებს ავლებენ.

მიწადაკარგულმა დიცელებმა დახმარებისთვის ხელისუფლებას მიმართეს. მათ არ იციან, როგორ გააგრძელებენ იმ სახლებში ცხოვრებას, რომლებიც მავთულხლართებით შემოუღობეს და მარჩენალი მიწა ოკუპირებულ ტერიტორიაზე მოუქციეს. შინაგან საქმეთა სამინისტროს ანალიტიკური დეპარტამენტის ხელმძღვანელი დავით სუჯაშვილი აცხადებს, რომ ეს ფაქტი საქართველოს ხელისუფლებისთვის ცნობილია და რეაგირებას მათთან ერთად ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიაც ახორციელებს.

შიდა ქართლის გუბერნატორი ზურაბ ჩხეიძე რუსების მიერ ეგრეთ წოდებული საზღვრების გადმოწევის ფაქტს გამოეხმაურა. გუბერნატორი გამოსავალს ყველა საერთაშორისო ბერკეტის ამოქმედებაში ხედავს. მისი აზრით, რუსულ მხარეს საერთოდ არ აინტერესებს ურთიერთობის დალაგება ქართულ მხარესთან.

ერგნეთში „ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის“ სამუშაო ჯგუფის შეხვედრა 31 მაისს გაიმართება. ქართული მხარე, დიცის ინციდენტის გარდა, ეგრეთ წოდებული საზღვრების უკანონოდ გადაკვეთისთვის დაკავებული საქართველოს მოქალაქეების გათავისუფლების საკითხსაც დააყენებს.

კომენტარების ჩვენება

XS
SM
MD
LG