Accessibility links

შედგება თუ არა ბორბლებზე მშვიდობის ხიდი, იუსტიციის სახლი და...


მშვიდობის ხიდი

მშვიდობის ხიდი

”ურბანული მემკვიდრობა - პრობლემები და პერსპექტივები” - ამ სახელწოდებით 5 თებერვალს ”თბილისის ჰამქარმა” კონფერენცია გამართა, სადაც მონაწილეობა მიიღეს როგორც კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს წარმომადგენლებმა, ასევე ურბანული მემკვიდრეობის ექსპერტებმა, არქიტექტორებმა და არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლებმა. როგორ უნდა განვითარდეს ქალაქი, რომ არ დაიკარგოს მისი ისტორიული სახე? იცვლის თუ არა ადგილს მშვიდობის ხიდი და იუსტიციის სახლი? - ეს იმ კითხვების არასრული ჩამონათვალია, რომელთა გარშემოც დარგის ექსპერტები რამდენიმე საათის განმავლობაში მსჯელობდნენ.

”რატომ უნდა განდევნოს ახალმა ძველი, როდესაც შეიძლება შენარჩუნდეს ისტორიული გარემოც და მივიღოთ თანამედროვე არქიტექტურაც?” - კონსტანტინე ამირეჯიბმა, არქიტექტურის მეცნიერებათა დოქტორმა, ეს კითხვა ნახევარსაათიანი მოხსენებისას რამდენჯერმე დასვა. მან სასტუმრო ”რედისონის” პირველ დარბაზში შეკრებილ საზოგადოებას საკუთარი ხედვა გააცნო იმის თაობაზე, თუ როგორი უნდა იყოს რიყის უბნის ურბანული განვითარება, რომ არ დაირღვეს მისი ისტორიული თვითმყოფადობა.

მშვიდობის ხიდი, რიყის საკონცერტო და საგამოფენო დარბაზები, კაზინო „შანგრილა“, იუსტიციის სახლი, „ბუდა-ბარი“ - ეს იმ ნაგებობების ჩამონათვალია, რომლებიც უკანასკნელ წლებში რიყის უბნის ტერიტორიაზე აშენდა და რომლებმაც როგორც დარგის პროფესიონალებში, ისე რიგით მოქალაქეებში არაერთგვაროვანი რეაქცია გამოიწვია. ალბათ, ამით უნდა აიხსნას მსმენელთა დიდი რაოდენობაც, რომლებიც ”ურბანული მემკვიდრეობის პრობლემებსა და პერსპექტივებზე” სასაუბროდ კონფერენციაზე შეიკრიბნენ. როგორც კონსტანტინე ამირეჯიბი ამბობს, რიყის უბანში მიმდინარე მშენებლობებისას დაირღვა არაერთი პროცედურა, რომელიც მსგავსი ტიპის სამუშაოების ჩატარების წინ უნდა განხორციელებულიყო. მათ შორის, მისი თქმით, არ გამართულა პროექტების საჯარო განხილვები, არ ჩატარებულა ისტორიულ-კულტურული კვლევები. კონსტანტინე ამირეჯიბი ერთ-ერთ მაგალითად იტალიელი არქიტექტორის, მასიმილიანო ფუქსასის მიერ შექმნილი იუსტიციის სახლს ასახელებს. მისი თქმით, შენობა არქიტექტურული თვალსაზრისით ყველა მოთხოვნას აკმაყოფილებს, თუმცა ის მაინც ბომბია, რომელიც, მისივე სიტყვებით, თბილისის ისტორიულ უბანში ჩამოვარდა:
არ შეიძლება ამ ხედების პრივატიზაცია. ეს ხედი არ უნდა არსებობდეს მარტო პრეზიდენტის სასახლის სტუმრებისათვის...

”ამ ბომბს კიდევ დარტყმის ტალღა აქვს. ერთი კილომეტრის სივრცით ეს შენობა არღვევს მასშტაბს, აღქმას, იმ წესრიგს, რომელიც ისტორიულად ჩამოყალიბდა ამ რაიონში. ასეთი მასშტაბის ობიექტის გაჩენა ისტორიულ უბანში - ეს არის უხეში დარღვევა იმ წესების, პრინციპების და ნორმების, რომლებიც ჩვენ მიერ არის მიღებული”, მიაჩნია კონსტანტინე ამირეჯიბს.

რიყის ტერიტორიაზე იტალიელი არქიტექტორის კიდევ ერთი მშენებარე პროექტი კი, ამჯერად უკვე საკონცერტო და საგამოფენო დარბაზები, კონსტანტინე ამირეჯიბის თქმით, მთლიანად ფარავს ხედს, მათ შორის, ნარიყალას, მეტეხს, აბანოთ უბანს:

”არ შეიძლება ამ ხედების პრივატიზაცია. ეს ხედი არ უნდა არსებობდეს მარტო პრეზიდენტის სასახლის სტუმრებისათვის. ეს არის ჩვენი საერთო საკუთრება. ჩვენ უნდა გვქონდეს ამის ნახვის საშუალება”, - ამბობს კონსტანტინე ამირეჯიბი.

ბიძინა ივანიშვილის ბიზნესცენტრი

ბიძინა ივანიშვილის ბიზნესცენტრი

რიყის ტერიტორიის ისტორიული თვითმყოფადობის შენარჩუნების ერთადერთ გზად კონსტანტინე ამირეჯიბი ახალი არქიტექტურული ნიმუშების ქალაქის სხვა ნაწილში გადატანას ასახელებს და ფიქრობს, რომ ამით ქალაქი შეიძენს თანამედროვე არქიტექტურის ნიმუშებით ნაშენებ საინტერესო უბანს. ის იმასაც ამბობს, რომ ამგვარ გადატანას უნდა დაემორჩილოს პრემიერ-მინისტრ ბიძინა ივანიშვილის ბიზნესცენტრიც.

კონფერენციაზე შეკრებილი არქიტექტორები და ხელოვნებათმცოდნეები თანხმდებიან იმაზე, რომ ქალაქს ახალი შენობები და განვითარება სჭირდება და არც იმას უარყოფენ, რომ სიახლეები ისტორიულ ზონებსაც უნდა შეეხოს, თუმცა, მათი თქმით, მთავარია ახალი ნაგებობები რამდენად იქნება მისადაგებული არსებულ გარემოსთან. არქიტექტორმა ირაკლი ჟვანიამ კონფერენციაზე დამსწრე საზოგადოებას ვერის უბნის რუკა წარუდგინა. რუკაზე, ეროვნული ადგილობრივი თუ ძეგლის ნიშნის მქონე ნაგებობის გარდა, მან 90-იან და მომდევნო წლებში ვერის უბანში აშენებული საცხოვრებელი კორპუსებიც დაიტანა. ”საფანტით დაცხრილული ვერა”, - ასე უწოდებს ის ვერის უბნის რუკას. მისი თქმით, უკონტროლო საბინაო მშენებლობებმა ისტორიულ უბანში უარყოფითი ურბანული ცვლილებები გამოიწვია, რაც არა მხოლოდ არქიტექტურაზე, არამედ მოსახლეობაზეც აისახა უარყოფითად:
აღარ არსებობს ბუნებრივი ვენტილაცია, რადგან ვერაზე მთაწმინდის ქედიდან ჩამოდიოდა ხოლმე ნიავი და აგრილებდა იქაურობას, ქვედა ვერასაც კი...

”აღარ არსებობს ბუნებრივი ვენტილაცია, რადგან ვერაზე მთაწმინდის ქედიდან ჩამოდიოდა ხოლმე ნიავი და აგრილებდა იქაურობას, ქვედა ვერასაც კი. ეს დღეს აღარ არსებობს. ზაფხულში აუტანლად მაღალი ტემპერატურაა ამ ტერიტორიაზე. გაზრდილია საავტომობილო საცობები. ამის შედეგად მნიშვნელოვნად არის გაუარესებული ჰაერის ხარისხი. არანაირი შედეგი არ გამოუღია არავის პროტესტს, წერილს...”, - ამბობს ირაკლი ჟვანია.

მარინე მიზანდარი, კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრის პირველი მოადგილე, რადიო თავისუფლებასთან საუბარში უკანაკსნელ წლებში კულტურული მემკვიდრეობის დაცვის კუთხით მიმდინარე პროცესებს აკრიტიკებს და ამბობს, რომ ამჯერად ხელისუფლების ერთ-ერთ მთავარ მიზანს დარგის სწორ ლიანდაგებზე დაყენება წარმოადგენს. მისი თქმით, ერთპიროვნული გადაწყვეტილებების საფუძველზე ქალაქის ისტორიულ უბნებს, თვითმყოფადობისა და ავთენტურობის შენარჩუნების თვალსაზრისით, სერიოზული პრობლემები შეექმნა, რაც მომავალში ქვეყანამ თავიდან უნდა აიცილოს.

მუსიკალური თეატრისა და ხელოვნების გალერეის მშენებლობა გრძელდება

მუსიკალური თეატრისა და ხელოვნების გალერეის მშენებლობა გრძელდება

რაც შეეხება მოსაზრებას იმის თაობაზე, უნდა გადაიტანონ თუ არა ქალაქის სხვა უბნებში უკვე აშენებული თანამედროვე არქიტექტურის ნიმუშები, ის ამბობს, რომ ეს მაცდური, მაგრამ უტოპიური წინადადებებია. მისი თქმით, ამ ეტაპზე ერთი ადგილიდან მეორე ადგილზე გადატანას მხოლოდ დაუმთავრებელი ნაგებობები შეიძლება დაექვემდებაროს, მათ შორისაა მასიმილიანო ფუქსასის საგამოფენო და საკონცერტო დარბაზები:

”ნაგებობები უნდა დაიშალოს და თვითონ არქიტექტორთან ერთად უნდა შეირჩეს სხვა სივრცე ამ დარბაზებისთვის. ჩვენ არ გვაქვს იმის ფუფუნება, რომ მივდგეთ ყველაფერს და გადავიტან-გადმოვიტანოთ, რადგან ეს ძალიან დიდ ხარჯთან არის დაკავშირებული”, - ამბობს მარინე მიზანდარი.

კომენტარების ჩვენება

XS
SM
MD
LG