Accessibility links

logo-print

რამდენიმე საათიც და ბრაზილიის ქალაქ რიო-დე-ჟანეიროში ზაფხულის XXXI ოლიმპიური თამაშები ოფიციალურად გაიხსნება - რიო-დე-ჟანეიროს დროით საღამოს რვაზე, თბილისის დროით ღამის სამ საათზე სპორტის სამყაროში ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეული, 16-დღიანი დღესასწაული აიღებს სტარტს. 206 ქვეყანას შორის არის საქართველოც. ოლიმპიადების ისტორიაში წელს პირველად, საქართველო მსოფლიოს წინაშე რეკორდული მაჩვენებლით, 40 სპორტსმენით, წარდგება. რიოს ოლიმპიადიდან საქართველოს ოლიმპიურ კომიტეტში შვიდ-რვა მედალს ელიან.

206 ქვეყნის 11 000 სპორტსმენი, აქედან 40 საქართველოდან (სპორტის 13 სახეობაში), შეჯიბრი სპორტის 28 სახეობასა და 42 დისციპლინაში - შემდეგი 16 დღის განმავლობაში მსოფლიოს ყურადღება რიო-დე-ჟანეიროსკენ იქნება მიმართული. რიოს დროით საღამოს რვაზე ზაფხულის ოლიმპიური თამაშები საზეიმოდ გაიხსნება. საქართველოს ოლიმპიურ ნაკრებს უკვე შეხვდა და წარმატება უსურვა ბრაზილიაში ოლიმპიადის გახსნაზე ჩასულმა საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა:

საქართველოს სულ 34 ოლიმპიური ჩემპიონი ჰყავს და იმედია, რომ რიოს ოლიმპიადის შემდეგ კიდევ უფრო გაიზრდება ეს რიცხვი...

„თქვენ ხედავთ, რომ უკვე სხვა დროშების გვერდით აქ ფრიალებს საქართველოს დროშა. ეს ყველა ქართველს გულს გვიხარებს. 40 ქართველი სპორტსმენი ჩამოვიდა ჩვენი ქვეყნიდან, ყველა მათგანი არის შემართებით და ბრძოლის სურვილით სავსე და დარწმუნებული ვარ, კიდევ არაერთხელ აიწევა საქართველოს დროშა რიოში“.

რიო-დე-ჟანეიროში იმყოფება რადიო თავისუფლების კორესპონდენტი ოთარ მაღლაკელიძეც, რომელიც იტყობინება, რომ ოლიმპიადის ოფიციალურ გახსნამდე რიოში ჩასულ სტუმრებს ერთი სპორტული სანახაობა ელით:

„რიოს დროით საღამოს 8 საათზე დაიწყება ოლიმპიური თამაშების გახსნის ცერემონიალი, თუმცა იქამდე ერთი სპორტული სანახაობაც გველის: თბილისის დროით საღამოს რვიდან ათ საათამდე მშვილდოსნობაში ინდივიდუალური პირველობის საკვალიფიკაციო ეტაპი გაიმართება. კონკურენციაში საქართველოს ქალთა ნაკრების წევრები ხათუნა ნარიმანიძე, ქრისტინე ესებუა და იულია ლობჟანიძეც ჩაებმებიან. ხვალ კი უკვე სპორტის 20-ზე მეტ სახეობაში დაიწყება წინასწარი ეტაპის შეხვედრები და მედლების რამდენიმე კომპლექტიც კი გათამაშდება“.

როგორც საქართველოს ოლიმპიური კომიტეტის ვიცე-პრეზიდენტმა ელგუჯა ბერიშვილმა უთხრა რიოში გამგზავრებამდე რადიო თავისუფლებას, წლევანდელი ოლიმპიადიდან საქართველო გაცილებით მეტ მედალს მოელის, ვიდრე ქართველ სპორტსმენებს აქამდე მოუპოვებიათ:

ელგუჯა ბერიშვილი

ელგუჯა ბერიშვილი

„ლონდონის ოლიმპიადაზე რაოდენობრივად ყველაზე მეტი მედალი მოვიპოვეთ - შვიდი. რაც შეეხება ჩემპიონებს, დამოუკიდებლობის წლებს ვგულისხმობ, გვყავდა პეკინის ოლიმპიადაზე სამი ჩემპიონი. ახლა კი, ჩემი ვარაუდით, რიოდან 8-9 მედალი უნდა წამოვიღოთ. რამდენი იქნება მათგან ოქრო, ეს, ცხადია, ძალიან მნიშვნელოვანია, რადგან ოქროს მედალს სხვა ფასი აქვს“.

„საქართველოსთვის რიო დე ჟანეიროს ოლიმპიადაში მონაწილეობა, პირველ ყოვლისა, იმით არის გამორჩეული, რომ მასში დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიის განმავლობაში ყველაზე მეტი, 40 სპორტსმენი მონაწილეობს“, - გვითხრა რადიო თავისუფლების ქართული სამსახურის ხელმძღვანელმა, სპორტულმა მიმომხილველმა დავით კაკაბაძემ. მისი თქმით, მაღალია მოლოდინიც:

„წელს რამდენ სპორტულ ფუნქციონერსაც ველაპარაკე, ყველა ამბობს, რომ შვიდ, რვა, ცხრა მედალსაც უნდა ველოდოთ და, ჩემი აზრით, ეს მოლოდინი რეალურ საფუძველზეა დამყარებული. საქართველოს სულ 34 ოლიმპიური ჩემპიონი ჰყავს და იმედია, რომ რიოს ოლიმპიადის შემდეგ კიდევ უფრო გაიზრდება ეს რიცხვი. ახსენებენ ხოლმე სანდრო ბაზაძეს, ახალგაზრდა, პერსპექტიულ სპორტსმენს, მოფარიკავეს, რომელმაც ლიცენზია საკმაოდ დამაჯერებლად მოიპოვა. თან ეს ის სახეობაა, რომელშიც საქართველოს წარსულში კი ჰყავს ოლიმპიური ჩემპიონი, მაგრამ დიდი ხანია უკვე ამ სახეობაში მედლის პრეტენდენტი აღარ გვყოლია. ესეც არის, ალბათ, ამ ოლიმპიადის გამორჩეულობა, რომ შეზღუდულები არ ვართ მხოლოდ ტრადიციული ქართული სახეობებით, მხოლოდ მოჭიდავეებისგან არ ველით წარმატებებს“.

დავით კაკაბაძის განმარტებით, ოლიმპიადა სპორტული ცხოვრების ოთხწლიან ციკლს ასრულებს, რომლის განმავლობაშიც სპორტსმენები ერთმანეთს სხვა შეჯიბრებებზეც ხვდებიან, ამიტომ სპორტის ცალკეული სახეობების მესვეურებმა მეტ-ნაკლებად ყოველთვის იციან, თუ სად არის ჩვენი სპორტსმენების ადგილი, რა შესაძლო შედეგი შეიძლება ჰქონდეთ მათ და რა წარმატებას შეიძლება მიაღწიონ - მოსალოდნელ შედეგებსაც სწორედ ამის მიხედვით ზომავენ და წონიან.

ჩემი აზრით, ეს არის შავი ლაქა საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტის ისტორიაში, რომ ასეთ ქვეყანას მისცეს უფლება, რომ დღეს რიო-დე-ჟანეიროში გამოვიდეს სტადიონზე, აფრიალოს რუსეთის დროშა და, გამარჯვების შემთხვევაში, დაუკრან რუსეთის ჰიმნი...

რიო-დე-ჟანეიროს ოლიმპიადა სხვა ოლიმპიადებისგან იმითაც გამოირჩა, ამბობს დავით კაკაბაძე, რომ წელს, პირველად ოლიმპიადების ისტორიაში, იდგა არა ცალკეული სპორტსმენების, არამედ მთელი ქვეყნის - კერძოდ, რუსეთის - დისკვალიფიკაციის საკითხი. ამის მიზეზი კი დოპინგის, სპორტული შედეგის გაუმჯობესებისკენ მიმართული აკრძალული საშუალებების, გამოყენება გახდა, რაც დაადასტურა კიდეც მსოფლიო ანტისადოპინგო სააგენტომ. მის ანგარიშში ეწერა, რომ დოპინგის გამოყენების ფაქტების დამალვაში მიზანმიმართულად მონაწილეობდა სახელმწიფო:

„დოპინგთან ბრძოლა საერთაშორისო მასშტაბით სულ უფრო ძლიერდება და სულ უფრო ძნელი ხდება მოტყუება. სწორედ ამის გამო, რუსეთმა სოჭის ოლიმპიადის წინ გადაწყვიტა, რომ ამ საქმეში ჩაერთო უშიშროების ფედერალური სამსახური, რომელმაც შეიმუშავა სისტემა, რომელიც გამოიყენეს კიდეც სოჭის ოლიმპიადის დროს და ათასობით სინჯი შეიცვალა სუფთა სინჯებით და ასე მოიგო კიდეც რუსეთმა მედლების უმრავლესობა სოჭის ზამთრის ოლიმპიურ თამაშებზე. ჩემი აზრით, საერთაშორისო ოლიმპიურ კომიტეტს არ ეყო გამბედაობა რუსეთისთვის მიეცა დისკვალიფიკაცია. კითხვა ისმის, მაშინ რა უნდა დააშავოს ქვეყანამ, რომ მას მისცენ დისკვალიფიკაცია? ჩემი აზრით, ეს არის შავი ლაქა საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტის ისტორიაში, რომ ასეთ ქვეყანას მისცეს უფლება, რომ დღეს რიო-დე-ჟანეიროში გამოვიდეს სტადიონზე, აფრიალოს რუსეთის დროშა და, გამარჯვების შემთხვევაში, დაუკრან რუსეთის ჰიმნი“.

დავით კაკაბაძის აზრით, უმჯობესი იქნებოდა ოლიმპიადაზე მონაწილეობა მიეღოთ იმ სპორტსმენებს რუსეთიდან, ვინც დოპინგს არ იყენებდა (და ამას დაამტკიცებდა შესაბამისი უწყება), ოღონდ არა რუსეთის დროშის ქვეშ და ჰიმნის ფონზე, არამედ ნეიტრალური, ოლიმპიური დროშის ქვეშ და ოლიმპიური ჰიმნის თანხლებით, თუ, რასაკვირველია, ისინი გამარჯვებას მოიპოვებდნენ.

ძვირფასო მეგობრებო, რადიო თავისუფლების ფორუმში მონაწილეობისთვის გთხოვთ, გამოიყენოთ თქვენი Facebook-ის ანგარიში. კომენტარები მოდერაციის შემდეგ ქვეყნდება და საიტზე მათ გამოჩენას გარკვეული დრო სჭირდება. გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ ღამის საათებში კომენტარები არ ქვეყნდება.

XS
SM
MD
LG