Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

გაჩნდება თუ არა ”ჩაინა ტაუნი” თბილისში


გაჩნდება თუ არა ”ჩაინა ტაუნი” თბილისში?
please wait

No media source currently available

0:00 0:01:12 0:00
გადმოწერა
ვაზისუბნის დასახლებაში, თბილისის ზღვის მიმდებარე ტერიტორიაზე, იქ, სადაც 2015 წლის ახალგაზრდული ოლიმპიადისათვის ოლიმპიური სოფელი შენდება, ”ქართული დასის” ლიდერის, ჯონდი ბაღათურიას განცხადებით, ჩინეთის 127 000 მოქალაქის ჩამოყვანა იგეგმება. ბაღათურია ხელისუფლებას მოუწოდებს არ დაუშვას მასობრივად უცხო ქვეყნის მოქალაქეების მიგრაცია საქართველოში და მიგრაციის კანონის მიღებას ურჩევს.

14 თებერვალს მშენებლობის ადგილას, სადაც 4 პავილიონი უკვე აშენებულია, ჯონდი ბაღათურიამ საგანგებო ბრიფინგი გამართა და თბილისში ე.წ. ”ჩაინა ტაუნის” გაჩენის საფრთხეებზე ილაპარაკა.

ჩინეთის კორპორაცია "ჰუალინგის"სარეკლამო კლიპი გვაუწყებს, რომ ტრადიციებით მდიდარ, უძველესი კულტურისა და ისტორიის მქონე საქართველოში - კერძოდ კი, თბილისის ზღვის მიმდებარე ტერიტორიაზე - სპეციალური ეკონომიკური ზონა შენდება. ჩინურის გარდა, არსებობს კლიპის ინგლისური ვარიანტიც, ქართული სუბტიტრებით. საქართველოს მოკლე აღწერის შემდეგ, ამ კლიპებში დეტალურადაა მოთხრობილი მომავალი ქალაქის პროექტის შესახებ, რომელიც სავსეა თანამედროვე კულტურულ-გასართობი ცენტრებითა და რეკრეაციული ზონებით, მეორე ნაწილში კი საქართველოსა და ჩინეთის ”ღრმა ტრადიციულ მეგობრობაზეა” ლაპარაკი. „ჰუალინგის“ სპეციალური ეკონომიკური ზონა, გვეუბნება კლიპი, გახდება ”არა მხოლოდ ახალი ღირსშესანიშნაობა, არამედ ჩინეთსა და საქართველოს შორის ინვესტიციების გაცვლის მაგალითიც”. სწორედ ეს ადგილია შერჩეული 2015 წლის ევროპის ახალგაზრდული ოლიმპიური ფესტივალისათვის ოლიმპიური სოფლის ასაშენებლად. თუმცა 14 თებერვალს მშენებლობის ადგილას საგანგებოდ მისულმა ”ქართული დასის” ლიდერმა ჯონდი ბაღათურიამ განაცხადა, რომ ამ პროექტში ბევრი დეტალია გასაიდუმლოებული. მისი თქმით, ამ გრანდიოზულ მშენებლობას უფრო შორსმიმავალი მიზნები აქვს, ვიდრე ოლიმპიადის მასპინძლობაა:

ჯონდი ბაღათურია
ჯონდი ბაღათურია
”აი, ნახეთ, როგორი გრანდიოზული მასშტაბი აქვს და როგორი სწრაფი ტემპით გრძელდება თბილისისა და მცხეთა-მთიანეთის ტერიტორიაზე ქუთაისის ტოლი ქალაქი, სადაც იგეგმებოდა ჩინეთის 127 000 მოქალაქის ჩამოსახლება. მასობრივად ჰყავთ ჩამოყვანილი ჩინელი მუშები. რამდენი ქართველი, რუსი, სომეხი თუ აზერბაიჯანელი ადგილობრივის დასაქმება შეიძლებოდა ამ მშენებლობაზე!.. შრომის ბაზარზე მოსალოდნელი საფრთხეების გარდა, ეს ფაქტორი პოლიტიკურ საფრთხეებსაც შეიცავს. უცხო ქვეყნის ამდენი მოქალაქის ჩამოსახლება, მოქალაქეობის უფლებით, ნიშნავს იმას, რომ მას უკვე პოლიტიკური ხმაც ენიჭება. გამოდის, რომ ჩინეთის, მონღოლეთის თუ არაბეთის სახელმწიფოს - მნიშვნელობა არა აქვს, რომელი იქნება - ზეგავლენის მოხდენა შეუძლია საქართველოს გეოპოლიტიკურ გადაწყვეტილებებზე”.

ბაღათურია უცხო ქვეყნების მოქალაქეების მასობრივად ჩამოსახლების საფრთხეს უსვამს ხაზს. მისი აზრით, ზოგადად ეკონომიკური პროექტების განხორციელებაში ცუდი არაფერია და ამას მიესალმება, მაგრამ მიგრაციის პროცესი გარკვეულ საკანონმდებლო კონტროლს უნდა დაექვემდებაროს. ”ქართული დასის” ლიდერი პარლამენტს მოუწოდებს მიგრაციის შესახებ კანონმდებლობას გადახედოს:

„ აი, ამ კანონმა უნდა აკრძალოს უცხო ქვეყნის მოქალაქეების მასობრივად ჩამოსახლება საქართველოში და ჩვენ ამ კანონს აქტიურ ლობირებას გავუწევთ”.
პირველ რიგში, ეს მოგებაზე გათვლილი, კერძო ინვესტიციაა, მაგრამ, სახელმწიფოსთან დადებული ხელშეკრულების მიხედვით, კერძო ინვესტორი იღებს ვალდებულებას 2015 წლის ახალგაზრდული ოლიმპიური თამაშებისათვის დაასრულოს აქ მშენებლობა...
თინათინ შიშილაშვილი

მშენებლობის ადგილას კი, ვაზისუბნის დასახლებაში, თბილისის ზღვის სიახლოვეს, სამშენებლო ტექნიკა და ჩინელი მუშახელი მუშაობს. 2015 წლის მარტისათვის აქ ყველაფერი მზად უნდა იყოს, ივლისის ბოლოს კი ევროპის ახალგაზრდული ოლიმპიური ფესტივალი გაიმართება, რომელიც 1991 წლიდან ტარდება. მასში, სპორტის ცხრა სახეობით, ევროპის 49 ქვეყანა მონაწილეობს. ჯამში, თბილისს 13-დან 17 წლამდე 3000 სპორტსმენი ეწვევა. 57 000 კვადრატულ მეტრზე გაშენებულ ოლიმპიურ სოფელს, როგორც ჩინეთის კორპორაცია "ჰუალინგის" საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსი თინათინ შიშინაშვილი აცხადებს, მისი კომპანია საქართველოს სახელმწიფოს უსასყიდლოდ სამი თვის ვადით გადასცემს და შემდეგ თავისი კომერციული ინტერესების შესაბამისად განკარგავს. თინათინ შიშინაშვილი აცხადებს, რომ ინფორმაცია ჩინელების მასობრივი ჩამოსახლების თაობაზე არ არის სიმართლე:

”პირველ რიგში, ეს მოგებაზე გათვლილი, კერძო ინვესტიციაა, მაგრამ, სახელმწიფოსთან დადებული ხელშეკრულების მიხედვით, კერძო ინვესტორი იღებს ვალდებულებას 2015 წლის ახალგაზრდული ოლიმპიური თამაშებისათვის დაასრულოს აქ მშენებლობა, გადასცეს სახელმწიფოს სამი თვის ვადით, ოლიმპიადის დასრულებით შემდეგ კი აქ ყველაფერი ღია წესით გაიყიდება. სასტუმროსაც, რომელიც აქ შენდება, გადავცემთ მართვისთვის რომელიმე საერთაშორისო კომპანიას. რაც შეეხება ჩინელების ჩამოსახლებას, ეს ინფორმაცია სიმართლეს არ შეესაბამება”.

თინათინ შიშინაშვილი ასევე შენიშნავს, რომ კლიპი ჩინეთის ტელევიზიით არ ტრიალებს, მასში არაფერია ნათქვამი საქართველოში იაფი ბინების არსებობის თაობაზე და არ შეიცავს მოწოდების შინაარსის მესიჯებს. ჩინურ ენაზე კი კლიპი იმიტომ გაახმოვანეს, რომ ის ჩინეთში დამზადდა.

რადიო თავისუფლება ასევე ესაუბრა საქართველოს ეროვნული ოლიმპიური კომიტეტის გენერალურ მდივანს, ემზარ ზენაიშვილს, რომლის თქმითაც, ეს ადგილი ოლიმპიური სოფლისთვის მისი ეფექტური ადგილმდებარეობის გამო შეირჩა და იქ თანამედროვე ევროპული ქალაქისათვის აუცილებელი ყველა მოთხოვნა იქნება გათვალისწინებული. თუმცა ემზარ ზენაიშვილმა არ იცის, იქცევა თუ არა ეს ადგილი ე.წ. ”ჩინურ ქალაქად”.

”არ ვიცი, დღევანდელი გადმოსახედიდან ძნელია ამაზე საუბარი, თუმცა თქვეს, რომ მთელ რიგ დიდ ქალაქებში არის ე.წ. „ჩაინა ტაუნები“ - ლონდონში, ნიუ იორკში... თბილისში ამის გაკეთება რამდენად მოსახერხებელი და გამართლებულია, ეკონომიკური თვალსაზრისით, თავად ჩინელებისათვის, ეს ჩემთვის ძალიან რიტორიკული შეკითხვაა”.
დღეს არსებულ კონტრაქტში ჩინელების ჩამოსახლებაზე არსად არაფერი წერია, მაგრამ საეჭვო წინა ხელისუფლების სიჩუმე იყო ამ პროექტთან დაკავშირებით, ეჭვი მეც მაქვს...
ბიძინა ივანიშვილი

რა შეთანხმება დაიდო რეალურად მაშინდელ მთავრობასა და ინვესტორს შორის და იყო თუ არა რაიმე სახის სიტყვიერი შეთანხმებაც, კონტრაქტში გაწერილი ვალდებულებების გარდა, ამას დღეს ახალი მთავრობა არკვევს. ყოველ შემხვევაში, ასე განაცხადა პრემიერმა ივანიშვილმა თავის ტრადიციულ ყოველთვიურ პრესკონფერენციაზე ჯერ კიდევ ნოემბერში, როდესაც მას სწორედ ამ პროექტის შესახებ ჰკითხეს:

”126 თუ 127 000 უცხოელის კომპაქტურად ჩასახლება, ალბათ, სასურველი არ იქნება და ყველა სახელმწიფოს აქვს შესაბამისი კანონმდებლობა, რომ ეს თავიდან აიცილოს, და ჩვენც ვაპირებთ კანონის მიღებას. თუმცა დღეს არსებულ კონტრაქტში ჩინელების ჩამოსახლებაზე არსად არაფერი წერია, მაგრამ საეჭვო წინა ხელისუფლების სიჩუმე იყო ამ პროექტთან დაკავშირებით, ეჭვი მეც მაქვს, რომ შესაძლოა იყო რაღაც ზეპირი შეთანხმებაც”.

ჩინურ მხარეს დეტალების გასარკვევად შეხვდა ეკონომიკის მინისტრი გიორგი კვირიკაშვილიც. მისი განცხადებით, საქართველო უცხოურ ინვესტიციებს მიესალმება, თუმცა გააკონტროლებს, რომ ეს პროექტი არ იქცეს მხოლოდ ეთნიკური ხასიათის პროექტად:

”ბიზნესის დამფუძნებელმა დაადასტურა, რომ ეს იქნება ბიზნესპროექტი. ერთადერთი, რაც ჩვენ არ მოგვწონს, არის ის, რომ საინვესტიციო ვალდებულებები, რომლებიც ხელშეკრულებაშია ჩადებული, არის იმაზე გაცილებით ნაკლები, ვიდრე მთლიანი გენგეგმის განხორციელებას სჭირდება. არის თეორიული შანსი იმისა, რომ ამ მიწის ნაწილი განვითარდეს მხოლოდ, რაც, მე მგონი, კარგი არ იქნება”.

რადიო თავისუფლებამ გადაამოწმა, ხომ არ არის პარლამენტში უკვე ინიცირებული მიგრაციასთან დაკავშირებული ახალი კანონპრექტი. საკანონმდებლო ორგანოში გვითხრეს, რომ ჯერჯერობით პარლამენტში მსგავსი კანონი განსახილველად არ შესულა.
  • 16x9 Image

    ეკა ქევანიშვილი

    მუშაობს საქართველოს შიდა პოლიტიკის, ადამიანის უფლებების, ქალთა და ბავშვთა, უმცირესობების, ეკოლოგიის, ჯანდაცვისა და სხვა სოციალურ საკითხებზე. რადიო თავისუფლების ჟურნალისტია 2008 წლიდან. 

XS
SM
MD
LG