Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რიო-დე-ჟანეიროში საზეიმოდ გაიხსნება ზაფხულის XXXI ოლიმპიური თამაშები


დღეს რიო-დე-ჟანეიროს „მარაკანის“ სტადიონზე საზეიმოდ გაიხსნება ზაფხულის XXXI ოლიმპიური თამაშები, რომელშიც 206 ქვეყნის 11 ათასამდე სპორტსმენი მიიღებს მონაწილეობას. ისინი სპორტის 28 სახეობის 42 დისციპლინაში იბრძოლებენ მედლების 306 კომპლექტისთვის.

საერთაშორისო ოლიმპიურმა კომიტეტმა გადაწყვიტა, რუსეთის 271 სპორტსმენს მისცეს ოლიმპიადაში მონაწილეობის უფლება. 4 აგვისტოს გამართულ სხდომაზე საერთაშორისო ოლიმპიურმა კომიტეტმა მიიღო საბოლოო გადაწყვეტილება იმის თაობაზე, თუ რუსეთის რომელ სპორტსმენებს შეეხებოდა თამაშებში მონაწილეობის აკრძალვა, რუსეთში სახელმწიფოს მხარდაჭერით მოქმედი სადოპინგო პროგრამის პასუხად.

სამი პირისგან შემდგარმა კომიტეტმა რამდენიმე შემთხვევაში გააუქმა რუსეთის სპორტსმენებისთვის სპორტის საერთაშორისო ფედერაციების მიერ დაწესებული აკრძალვები. ამ გადაწყვეტილების თანახმად, რუსეთის მიერ ოლიმპიურ განაცხადში შეყვანილი 389 სპორტსმენიდან სტარტზე გამოსვლის უფლება მიეცა 271-ს, ხოლო თამაშებში მონაწილეობა აეკრძალა 118 სპორტსმენს. სპორტის საარბიტრაჟო სასამართლომ გააუქმა ნიჩბოსნობისა და ცურვის საერთაშორისო ფედერაციების დისკვალიფიკაციები და თამაშებში მონაწილეობის ნება დართო რუსეთის ორ ნიჩბოსანსა და ერთ მოცურავეს, რომლებმაც ერთხელ უკვე მოიხადეს სასჯელი დოპინგის გამოყენებისთვის. სასამართლოს გადაწყვეტილებით, არ შეიძლება სპორტსმენების ორჯერ დასჯა ერთი დანაშაულისთვის.

საქართველოს ღირსებას რიო-დე-ჟანეიროს ოლიმპიადაში დაიცავს 40 სპორტსმენი, რომლებიც 13 სახეობაში იასპარეზებენ. გუშინ ოლიმპიურ სოფელს ესტუმრნენ და ქართველ ოლიმპიელებს შეხვდნენ საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი და მისი მეუღლე მაკა ჩიჩუა. დარწმუნებული ვარ, რიოში არაერთხელ აღიმართება საქართველოს დროშა ჩვენი სპორტსმენების გამარჯვების აღსანიშნავადო, განაცხადა გიორგი მარგველაშვილმა. პრეზიდენტის ადმინისტრაციის ინფორმაციით, მარგველაშვილი ოლიმპიურ სოფელშივე შეხვდა საფრანგეთის პრეზიდენტს, ფრანსუა ოლანდს.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG