Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

„პლასტმასის ათლეტები“ ლონდონის ოლიმპიადაზე


ლონდონი ემზადება ოლიმპიელებისა და გულშემატკივრების მისაღებად
ლონდონი ემზადება ოლიმპიელებისა და გულშემატკივრების მისაღებად
ორი კვირაც და ლონდონში საზეიმო ცერემონიით გაიხსნება ზაფხულის 30-ე ოლიმპიური თამაშები. ცნობების თანახმად, 18 500-მდე ათლეტი ემზადება სპორტულ შეჯიბრებებში მონაწილეობის მისაღებად, მათ შორის ათლეტები, რომლებმაც ბოლო ხანს მოქალაქეობა გამოიცვალეს ოლიმპიადაში მონაწილეობის მისაღებად. რა ამოძრავებთ მათ და როგორია რეაქცია მათს ახალ სამშობლოში?

პასპორტის გამოცვლა სპორტულ შეჯიბრებში სხვა ქვეყნის სახელით მონაწილეობის მისაღებად საკმაოდ გავრცელებული პრაქტიკაა. ქართველი სპორტსმენების შემთხვევაში არაერთი მაგალითის მოყვანა შეიძლება: ბატუტზე მხტომელი ანა დოღონაძე გერმანიის გუნდის წევრია, ძიუდოისტი ჯარჯი ზვიადაური - საბერძნეთის მოქალქეობის მიღების შემდეგ ილიას ილიადისი - ამ ქვეყნის ღირსებას იცავს, ისევე როგორც წარსულში იცავდა ძალოსანი კახი კახიაშვილი და ა.შ.

მაგრამ ლონდონის ოლიმპიადის მოახლოებასთან ერთად მსოფლიოში იმდენად გახშირდა ათლეტების მიერ მოქალაქეობის გამოცვლა, რომ თანდათან მატულობს კრიტიკული დამოკიდებულებაც. ამ მხრივ - ანუ უცხოელი სპორსტმენების იმპორტის მასშტაბით - გამოირჩევა წლევანდელი ოლიმპიადის მასპინძელი, ბრიტანეთი. მისი გუნდის წევრებს შორის არიან კუბელი სამმხტომელი იამილე ალდამა, რომელიც 2004 წლის ოლიმპიადაზე სუდანის სახელით გამოდიოდა, გერმანელი ველომრბოლელი ფილიპ ჰინდესი, სამი ამერიკელი მძლეოსანი - 400 მეტრზე მორბენლები მაიკლ ბინგჰემი და შანა კოქსი, 100 მეტრზე თარჯმორბენალი ტიფანი პორტერი.

ზოგი მათ „პლასტმასის ბრიტანელებს“ უწოდებს, როგორც ჩანს, არაავთენთურობის ხაზგასასმელად.

იმპორტირებული სპორტსმენი ბევრი ჰყავს რამდენიმე ყოფილ საბჭოთა რესპუბლიკასაც, მათ შორის აზერბაიჯანს, რომელიც აქტიურად მისდევს ბოლოდროინდელ ტენდენციას. ლონდონის ოლიმპიურ თამაშებზე აზერბაიჯანის გუნდის 50-ზე მეტ წევრს შორის თითქმის ნახევარია ნატურალიზებული მოქალაქე. ბაქო იმედებს ამყარებს, მაგალითად, ბოიანკა კოსტოვასა და ვალენტინ ჰრისტოვზე, წარმოშობით ბულგარელ ძალოსნებზე.

მე კრიტიკული დამოკიდებულება მაქვს ზოგ შემთხვევაში, როცა ათლეტები, რომლებსაც აშკარად არ აკლიათ მხარდაჭერა სპორტის ადგილობრივი ორგანიზაციებისაგან და მთავრობებისაგან, მაინც იცვლიან მოქალაქეობას ...
ჟაკ როგე

უცხოელი ათლეტების ნატურალიზაცია შესაძლოა, ხელს უწყობდეს ოლიმპიადაზე მოპოვებული მედლების რაოდენობის გაზრდას, მაგრამ, ბევრის აზრით, ამავე დროს ის ხელს უწყობს სპორტის კომერციალიზაციას, გულშემატკივარს კი უკარგავს ემოციურ კავშირს თავისი ქვეყნის გუნდთან.

საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტის პრეზიდენტი ჟაკ როგეც არ მალავს სეპტიკურ დამოკიდებულებას მოქალაქეობის შეცვლის საკითხის მიმართ. მან წელს, მარტში თქვა, რომ სავსებით გასაგებად მიაჩნია მოქალაქეობის გამოცვლა, როცა ეს სპორტსმენის პირად ცხოვრებას უკავშირდება, ან მშობლიურ ქვეყანაში ფინანსური მხარდაჭერის არარსებობით არის გამოწვეული.

მაგრამ არის შემთხვევები, როცა უბრალოდ, ფულის მოხვეჭის სურვილი ამოძრავებთო, ამბობს როგე: „მე კრიტიკული დამოკიდებულება მაქვს ზოგ შემთხვევაში, როცა ათლეტები, რომლებსაც აშკარად არ აკლიათ მხარდაჭერა სპორტის ადგილობრივი ორგანიზაციებისაგან და მთავრობებისაგან, მაინც იცვლიან მოქალაქეობას. ამას წინააღმდეგობას ვერ გავუწევთ, რადგან საქმე დამოუკიდებელ არჩევანს ეხება, მაგრამ, მოდით, გულახდილად გეტყვით: მე ეს არ მომწონს“.

მოსწონს თუ არა ეს საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტის პრეზიდენტს, ბოლოხანს ყაზახეთშიც მატულობს ნატურალიზებული უცხოელი ათლეტების რიცხვი. 2008 წელს ხუთი რუსი ჩოგბურთელი ჩადგა მეზობელი ქვეყნის ნაკრების რიგებში. მათ კიდევ ორი ჩოგბურთელი დაემატა 2011 და 2012 წლებში.

ლონდონის ოლიმპიურ თამაშებში ყაზახეთის სახელით იასპარეზებს წარმოშობით ჩინელი ოთხი სპორტსმენიც - ძალოსნები მაია მანეზა, ზულფია ჩინშანლო, არლი ჩონტაი და ფარხად ხარკი. ოთხივემ ყაზახური სახელები დაირქვა, ყაზახეთის მოქალაქეობის მიღებასთან ერთად. ძალოსნებმა უკვე გამოიჩინეს თავი საერთაშორისო ტურნირებზე და ახლა ყაზახეთს ოლიმპიური წარმატებების იმედიცა აქვს.

ჩონტაიმ და ხარკიმ ოქროს მედლებიც რომ მოიპოვონ, გულშემატკივრები არ ცნობენ მათ გამარჯვებას ...
რაუან ოკასი

ძალოსნობაში ყაზახეთის ეროვნული ნაკრების მწვრთნელი, მენდიხან ტაპსირული სარგებელს ხედავს იმაშიც, რომ უცხეთში დაბადებული სპორტსმენები პოპულარიზაციას უწევენ სახეობას, რომელიც აქამდე ნაკლებად იზიდავდა შუა აზიის რესპუბლიკის მკივდრ ახალგაზრდებს. როგორც ტაპსირული ამბობს: „ეს ჩინელი ათლეტები ჩამოვიყვანეთ საკუთრივ ყაზახეთში კონკურენციის დონის გასაზრდელად. ისინი წაახალისებენ ჩვენს ახალგაზრდებს, ხელი მოკიდონ ძალოსნობას. ბევრმა ახალგაზრდა ყაზახმა მაია მანეზას და ზულფია ჩინშანლოს გამარჯვებების შემდეგ მოკიდა ხელი ძალოსნობას. ძალიან ძლიერია აქ ჩამოსული ბოლო ორი ჩინელი ათლეტიც - არლი ჩონტაი და ფარხად ხარკი. მათაც შესწევთ ლონდონის ოლიმპიადაზე მედლების მოპოვების უნარი“.

მაგრამ ოლიმპიურ გუნდში უცხოელების ჩართვა ყაზახეთში ზოგს მაინც არ მოსწონს. „ ჩონტაიმ და ხარკიმ ოქროს მედლებიც რომ მოიპოვონ, გულშემატკივრები არ ცნობენ მათ გამარჯვებას, რადგან ისინი ჩვენთვის უცხო არიან“, - ამბობს ყაზახი ჟურნალისტი, რაუან ოკასი.

ახლა ისევ საქართველოზე. 35 სპორსტსმენს შორის, რომლებსაც მოპოვებული აქვთ ლიცენზია ლონდონის ოლიმპიური თამაშებისათვის, არის ერთადერთი ნატურალიზებული მოქალაქე: პოლონელი მაჩეი როშევიჩი. ის საქართველოს სახელით იასპარეზებს 50 კილომეტრზე სპორტულ სიარულში. ჩვენ თბილისში დავუკავშირდით საქართველოს ეროვნული ოლიმპიური კომიტეტის პრეზიდენტის მრჩეველს, ემზარ ზენაიშვილს და ვკითხეთ, რა იყო მაჩეი როშევიჩის ნატურალიზაციის მიზეზი.

გადმოწერა


ემზარ ზენაიშვილისაგან შევიტყვეთ ისიც, რომ საქართველოს გუნდის საშუალო ასაკია 25 წელი, რაც ნიშნავს, რომ ოლიმპიადის მონაწილე 200-მდე ქვეყანას შორის, საქართველოს ეყოლება ერთ-ერთი ყველაზე უფრო ახალგაზრდული გუნდი.
XS
SM
MD
LG