Accessibility links

logo-print
ჩვენი სასტუმროდან, ანუ ოლიმპიური სოფლიდან, დილის 10 საათზე გავედოთ. ავტობუსი უკვე გველოდებოდა და ძიუდოს დარბაზში გავემგზავრეთ.

ყველანი გუშინდელი გრანდიოზული ”გახსნის” შთაბეჭდილების ქვეშ ვიყავით. მოგეხსენებათ, გუშინ საზეიმოდ გაიხსნა ლონდონის ოლიმპიური თამაშები. მართლა საოცრება იყო, წარმოუდგენელი დღესასწაული. გახსნაც და ცეცხლის ანთების ცერემონიაც.

ჩვენ თავიდან ბოლომდე ვერ ვნახეთ, იმიტომ, რომ თავად ვიღებდით გახსნაში მონაწილეობას. სპორტსმენთა გუნდები ცენტრალური შესასვლელიდან შედიოდნენ და ჩვენც ამ შესასვლელთან მოვიყარეთ თავი. წინასწარი სამზადისი გვქონდა - ფორმების მორგება, მოწესრიგება, გუნდების განლაგება...

ძალიან კარგი სიტუაცია იყო, ვიურთიერთეთ, გავიცანით ერთმანეთი, სურათებიც გადავიღეთ. ძალიან კარგი იყო, ნამდვილი სადღესასწაულო განწყობა...

მერე შევედით... გავიარეთ.. ამაყად და ბედნიერად ვიგრძენით თავი. ძალიან გაგვიმართლა - ცეცხლის ანთების ცერემონიას ახლოდან ვუყურეთ. აი, საიდანაც ცეცხლი შემოიტანეს, ზუსტად იმ ადგილას ვიდექით... ცეცხლის ანთება ალბათ ერთ-ერთი ულამაზესი ნაწილი იყო გუშინდელი დღესასწაულის და ყველაფერ ამის ასე ახლოდან ყურება მართლა ნამდვილი გამართლება იყო.

გახსნაზე სრული შემადგენლობით არ გამოვსულვართ. ზოგი ჯერ არ იყო ჩამოსული, ზოგს მეორე დღეს გამოსვლა ჰქონდა და ვარჯიშობდა და ასე შემდეგ...

საოცარი და გრანდიოზული სანახაობა იყო ლონდონის ოლიმპიური თამაშების გახსნა. თითქმის დაუჯერებელია, რომ ამ დღესასწაულში ჩვენც ვმონაწილეობდით.

ღამის პირველი საათი იყო ოლიმპიურ სოფელში რომ წამოვედით.

დღეს დილიდან კი საზეიმო განწყობა საბრძოლომ შეცვალა. ავტობუსმა ძიუდოს დარბაზში მიგვიყვანა. ძალიან კარგი დარბაზია, კომფორტული, ყველა საჭიროებას მორგებული. მოგვეწონა, რა თქმა უნდა, და ოპტიმისტურად განვეწყვეთ. დღეს ჩვენს თანაგუნდელს, ბეთქილ შუკვანს ორი ბრძოლა ჰქონდა. პირველად ავსტრალიელ ამიენ დიკინსს შეხვდა და დაამარცხა. ამან ოპტიმიზმი კიდევ უფრო გაგვიძლიერა. მეორე ბრძოლაც ძალიან კარგად დაიწყო. იგებდა კიდეც შეხვედრას და აი, ბოლო 5 წამში...

მოგეხსენებათ, ძიუდო საკმაოდ არაპროგნოზირებადი სპორტია და ერთი უბრალო შეცდომის გამო, ასე რომ ვთქვათ, დაისაჯა და სამწუხაროდ დამარცხდა ფრანგთან ბეთქილ შუკვანი. ძალიან დაგვწყდა გული. ჩვენი თანაგუნდელია და ძალიან კარგი სპორტსმენი. მოკლედ, ვინერვიულეთ... ცოტა არ იყოს ისე ვართ რა, - ძაან დაღონებულები.

მაგრამ არა უშავს, ხვალინდელი დღე წინ გვაქვს. ხვალ ლაშა შავდათუაშვილი ჭიდაობს 66 კილოში და იმედი გვაქვს, ყველაფერი კარგად იქნება...

ახლა ოლიმპიურ სოფელში დავბრუნდით. რეგისტრაციას გავდივართ შესასვლელად. უსაფრთხოების ზომები ძალიან მაღალია - ჩანთებს და აკრედიტაციას ამოწმებენ, და შემდეგ უკვე სოფელში თავისუფლად გადაადგილდები. ჩვენი სასტუმრო შესასვლელიდან ძალიან ახლოს არის. სამი, ოთხი წუთია სავალი ფეხით.

ახლა სასტუმროში მივალთ, დავისვენებთ, საღამოს ვივარჯიშებთ და ხვალინდელი დღისთვის მოვემზადებით.
XS
SM
MD
LG