Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ვარლამ ლიპარტელიანი. 29 ივლისი


ძალიან მაგარ გუნებაზე ვარ!

მეტი რომ არ შეიძლება, ისე გაგვახარა ლაშა შავდათუაშვილმა. პირველი ოქრო გვაქვს! არ ვიცი როგორ გადმოგცეთ, როგორ გაგიზიაროთ ეს სიხარული...

დილიდან ვერ დავესწარით ლაშას ბრძოლებს. გულით და სულით იქ ვიყავით, მაგრამ ვერ წავედით - ვარჯიში გვქონდა და მიტოვება არ შეიძლებოდა.

თუმცა, ამბები მოგვდიოდა. ძალიან სასიხარულო ამბები...

უკვე ვიცოდით, რომ სუფთად დაამარცხა ჩილელი ალეხანდრო სუნიგა და ფრანგი დავიდ ლაროსი.

ერთი სული გვქონდა და ვარჯიშს როგორც კი მოვრჩით, მაშინვე შეჯიბრზე გავემგზავრეთ. ძიუდოს დარბაზში რომ შევედით, ლაშას უკვე მესამე ბრძოლა ჰქონდა და ჩვენი თვალით ვნახეთ, როგორ ბრწყინვალედ მოუგო დიდი ბრიტანეთის წარმომადგენელს კოლინ ოუტსს.

უკვე მაგარი ამბავი იყო, მაგრამ წინ კიდევ ნახევარფინალი და ფინალი გველოდა. ჯერ იყო და დამაჯერებლად მოუგო იაპონელ ძიუდოისტს მასაში ებინუმას.

საღამოს - უკვე ფინალი. ეს მეხუთე შეხვედრა იყო ლაშასთვის ამ ერთი დღის განმავლობაში. უნგრელ ძიუდოისტს ხვდებოდა - მიკლოშ უნგვარის.

ძალიან დაძაბული ბრძოლა გამოვიდა, მაგრამ მაინც აჯობა ლაშამ და, რო იტყვიან, დაიმსახურა ოქროს მედალი, რა...

ესეც პირველი გამარჯვებული ქართველი ლონდონის ოლიმპადაზე!

მაგარი ბიჭია ლაშა შავდათუაშვილი! ჯერ 20 წლის არის, წინ კიდევ უამრავი წარმატება ელის. ძალიან მაგრად იასპარეზა, ყველა შეხვედრა დამაჯერებლად მოიგო. ერთი შეცდომაც არ დაუშვია, ქულა არავისთვის გაუტანებია; არანაირი შემთხვევითობა, არანაირი იღბალი... მართლაც რომ დამსახურებული ჩემპიონი გახდა, რა...

მოკლედ, დიდი სიხარულია ლონდონში - ჩვენი თანაგუნდელი ოლიმპიური ჩემპიონია! ვზეიმობთ ყველანი, ზეიმობს მთელი დელეგაცია. ჩვენთვის ეს გამარჯვება, დიდ სიხარულთან ერთად, უზარმაზარი სტიმულიც.

წარმომიდგენია, როგორი სიხარულია საქართველოში და, განსაკუთრებით, ლაშას მშობლიურ გორში!

შეჯიბრების შემდეგ ოლიმპიურ სოფელში დავბრუნდით, სამწუხაროდ, დაჯილდოებას ვერ დავესწარით. ვერც გამარჯვებას აღვნიშნავთ - საგანგებო რეჟიმში ვართ, საჭიდაო გვაქვს... მაგრამ ხელმძღვანელობა და დელეგაციის წევრები აღნიშნავენ. აბა, ოქროს მედალი მოვიპოვეთ და როგორ შეიძლება ამის არაღნიშვნა?!

ოლიმპიური სოფელი კიდევ უფრო მეტად ხალხმრავალი დაგვხვდა. ემატებიან სპორტსმენები, უკვე თითქმის ყველა ჩამოვიდა.

სულ ცოტა ხანში ვახშამზე წავალთ. ვახშმის დრო განსაზღვრული არ არის. არც სადილის და არც საუზმის. აქ 24-საათიანი კვებაა: როცა გინდა, შეხვალ და არაჩვეულებრივი გამასპინძლება გხვდება. ჩვენი ქეიფიც ეგ იქნება. წყლით სავსე ჭიქებს მივუჭახუნებთ ერთმანეთს და, წყლის ძალა მოგცესო, ვიტყვით.

ხვალ 73 კილოგრამი ჭიდაობს. ჩვენგან ნუგზარ ტატალაშვილი გამოვა. მისი იმედიც გვაქვს. ძალიან მაგარი გუნდი გვყავს, ყველა მაგრად არის მომზადებული. სრულიად შესაძლებელია, რომ ხვალაც „მოვიდეს“ მედალი...
XS
SM
MD
LG