Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ვარლამ ლიპარტელიანი. 31 ივლისი


ოლიმპიადის მეოთხე დღე გულდასაწყვეტი გამოდგა ჩვენთვის...

ავთო ჭრიკიშვილის ამბით დავიწყებ. რა ვიცი აბა, როგორ გითხრათ, ცოტა არ გაუმართლა, თუ რა იყო... ძალიან მაგარი, წარმატებული სპორტსმენია; ფიზიკურადაც ძალიან კარგად იყო მომზადებული. ნამდვილად შეეძლო მოგება, ძალიან ცოტა დააკლდა, მედალი რომ აეღო, შეეძლო ნამდვილად, მაგრამ... იღბალია ყველაფერი.

ძაან გული დაგვწყდა ყველას. ავთოზე უკვე აღარაფერს ვამბობ!

ჩოგბურთელმა ანა ტატიშვილმა იასპარეზა ძალიან კარგად. მართალია, დამარცხდა რუსეთის წარმომადგენელთან ნადია პეტროვასთან, მაგრამ ძალიან მაგრად ითამაშა. დაძაბული ბრძოლა იყო, ღირსეული. დასანანია, რომ წააგო და ოლიმპიადას გამოეთიშა.

მშვილდოსან ქრისტინე ესებუასაც დღეს ჰქონდა შეჯიბრი. პირველ წრეში შარშანდელ მსოფლიო ჩემპიონს, ჩილელ მშვილდოსანს მოუგო ძალიან დამაჯერებლად. მაგრამ მეორე წრეში დაძაბულ ბრძოლაში დამარცხდა სამხრეთკორეელ მშვილდოსანთან, რომელსაც აქ, ლონდონში, უკვე მოპოვებული აქვს ოქროს მედალი თავისი ქვეყნის ნაკრებთან ერთად. მოკლედ, ქრისტინე თავაწეული ტოვებს ოლიმპიადის დედაქალაქს.

ლონდონის თამაშები დამთავრდა ჩვენი მოცურავისთვის, ირაკლი ბოლქვაძისთვისაც. მაგრამ მისთვის ოლიმპიადაში მონაწილეობა თავისთავად უკვე დიდი წარმატება იყო! ასეა თუ ისე, ივლისის ბოლო დღე, ცოტა არ იყოს, გულდასაწყვეტი გამოვიდა.

რას იზამ, სპორტია... მოგება და წაგება ძმები არიანო, ნათქვამია. ის მაინც შემიძლია ვთქვა, რომ ცდა არავის დაუკლია.

ოლიმპიურ სოფელში ცხოვრება ჩვეულებრივად მიდის. ამინდი კარგია. აქაურობას უკვე შევეჩვიეთ და უცხოდაც აღარ ვგრძნობთ თავს.

მე რაც შემეხება, ვემზადები ხვალისათვის - ფსიქოლოგიურად, ფიზიკურად... ვვარჯიშობ, წონას ვიკლებ, განვაწყობ ჩემს თავს. ამ საღამოსაც ვივარჯიშე. ცოტა არ იყოს, დაძაბული დღე იყო ჩემთვის.

ახლა წავედი, უნდა დავიძინო. ხვალ 6 საათზე უნდა ავდგე, მზად უნდა ვიყო. 10 საათზე კამერუნელ დოლასემს ვხვდები. ოლიმპიადა ჩემთვისაც იწყება!
XS
SM
MD
LG