Accessibility links

logo-print

სახალხო დამცველი საკუთრების სადარაჯოზე


სახალხო დამცველი გიორგი ტუღუში

სახალხო დამცველი გიორგი ტუღუში

სახალხო დამცველი მოუწოდებს პარლამენტს, ცვლილება შეიტანოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსში და საშუალება მისცეს მესაკუთრეს სასამართლოში გაასაჩივროს მის ქონებაზე დადებული ყადაღა. ამ შინაარსის მიმართვა სახალხო დამცველმა 14 აგვისტოს ომბუდსმენის ოფიციალურ ვებსაიტზე გამოაქვეყნა. განცხადების მიხედვით, უკანასკნელი თვეების განმავლობაში სახალხო დამცველს მიმართა არაერთმა პირმა, რომელთა მტკიცებითაც, საგამოძიებო ორგანოების მიერ მათი ქონების ან საბანკო ანგარიშების დაყადაღებით უკანონოდ შეიზღუდა მათი საკუთრების უფლება. რატომ ითხოვს სახალხო დამცველი კანონში ცვლილების შეტანას და რას ფიქრობენ მის ამ ინიციატივაზე იურისტები?

გარდა იმისა, რომ ომბუდსმენის ოფისს საჩივრებით მიმართეს მოქალაქეებმა, გიორგი ტუღუშმა საკუთარი ინიციატივით შეისწავლა საზოგადოებისათვის ცნობილი რამდენიმე საქმე, მათ შორის - „გლობალ კონსალტინგისა“ და სტუდია „მაესტროს“ საკუთრებაში არსებული სატელიტური ანტენების, ასევე სხვადასხვა ფიზიკურ და იურიდიულ პირთა საბანკო ანგარიშების დაყადაღებასთან დაკავშირებული საქმეები. სახალხო დამცველის თვალსაწიერში მოხვდა კონსერვატიული პარტიის წევრის გიგა ბუკიას დაჯარიმება და საცხოვრებელი სახლის დაყადაღება.
ის, რომ მესაკუთრე ვერ ასაჩივრებს საკუთარ ქონებაზე დადებულ ყადაღას იწვევს საქართველოს კონსტიტუციის 42-ე (სამართლიანი სასამართლოს უფლება) და 21-ე (საკუთრების უფლება) მუხლების დარღვევას ...

„არ გავასაჩივრეთ კი არა, ვერ გავასაჩივრეთ! ყადაღა და აუქციონი ყველა შემთხვევაში გრძელდება, ასეთია ამათი მიღებული კანონები! თუნდაც 100 პროცენტით მართალი იყოთ, თუნდაც სასამართლომ გაგამართლოთ ბოლოში, გადაწყვეტილების მიღების მომენტიდან აღსრულება მიმდინარეობს. ასე რომ, ყადაღის გასაჩივრება შეუძლებელია, ასეთი ფორმა არც არსებობს“, უთხრა გიგა ბუკიამ რადიო თავისუფლებას.

სწორედ ამგვარი გარემოება მიაჩნია სახალხო დამცველს საკუთრების უფლების შელახვად. მეტიც, გიორგი ტუღუში 14 აგვისტოს გავრცელებულ მიმართვაში ამბობს, რომ ხშირ შემთხვევაში ნივთების, ასევე საბანკო ანგარიშების დაყადაღება შეეხებოდა იმ პირთა ქონებას, რომლებიც სისხლის სამართალწარმოებისას მხარეს არ წარმოადგენდნენ, ანუ არ იყვნენ ბრალდებულნი:

„საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსი კი ყადაღის გასაჩივრების უფლებას მხოლოდ მხარეს ანიჭებს. სახალხო დამცველი მიიჩნევს, რომ კანონმდებლობის მიერ საკითხის დაურეგულირებლობა (ის, რომ მესაკუთრე ვერ ასაჩივრებს საკუთარ ქონებაზე დადებულ ყადაღას) იწვევს საქართველოს კონსტიტუციის 42-ე (სამართლიანი სასამართლოს უფლება) და 21-ე (საკუთრების უფლება) მუხლების დარღვევას.“

როდესაც პროკურატურას უნდა, რომ დაარღვიოს კანონი, ის მაინც არღვევს, განურჩევლად იმისა, კანონის ნორმა არის თუ არა ...

სახალხო დამცველის მოთხოვნას დადებითად აფასებს ადვოკატი ალექსანდრე ბარამიძე, რომელიც გიორგი ტუღუშის მიერ შესწავლილ საქმეებში დაზარალებულთა ინტერესებს იცავდა, თუმცა ადვოკატი იმასაც ამბობს, რომ მხოლოდ კანონში არსებული ხარვეზის შევსებით ვითარება ვერ გამოსწორდება:

„როდესაც პროკურატურას უნდა, რომ დაარღვიოს კანონი, ის მაინც არღვევს, განურჩევლად იმისა, კანონის ნორმა არის თუ არა. პრობლემა არის ის, რომ პროკურატურა ყადაღას ადებდა „გლობალისა“ და „მაესტროს“ ქონებას მიუხედავად იმისა, რომ ბრალდებული ამ საქმეებში საერთოდ არ არსებობს. როდესაც ბრალდებული არ არსებობს, ყადაღის გამოყენება საერთოდ არ შეიძლება. აქედან გამომდინარე, ერთია, რომ ხარვეზიანი კანონია და როდესაც კანონი ხარვეზიანია, მისი შევსება კარგი რამეა, მაგრამ მეორეა, როცა კანონი ხარვეზიანი არ არის, პროკურატურა კანონის ნორმას მაინც არ აქცევს ყურადღებას და არღვევს ისე, თითქოს კანონის ნორმა საერთოდ არ არსებობს.“

სახალხო დამცველი კი დარწმუნებულია, რომ, საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსში სათანადო ცვლილებების განხორციელების შემთხვევაში, შეიქმნება ეფექტიანი საშუალება მესაკუთრის მიერ საკუთარი უფლების სასამართლოში დასაცავად, ანუ მესაკუთრეს საშუალება ექნება, მის ქონებაზე სამართალდამცავი ორგანოს მოთხოვნის საფუძველზე ყადაღის დადებისას, მიმართოს სასამართლოს. რადიო თავისუფლება კომენტარისათვის პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის ხელმძღვანელობასაც დაუკავშირდა, მაგრამ „ნაციონალური მოძრაობის“ პრესსამსახურში გვითხრეს, კომიტეტის თავმჯდომარე და მისი მოადგილეები დაკავებულნი არიან და კომენტარს მოგვიანებით გააკეთებენო.

კომენტარების ჩვენება

XS
SM
MD
LG