Accessibility links

logo-print
საქართველოს სახალხო დამცველის რწმუნებულთა მიერ სასჯელაღსრულების დეპარტამენტის N19 დაწესებულებაში, ტუბერკულოზის სამკურნალო და სარეაბილიტაციო ცენტრში, განხორციელებული მონიტორინგის დასკვნით, პატიმრები უკმაყოფილონი არიან დაწესებულებაში არსებული პირობებით, მკურნალობით და პრეტენზიებს გამოთქვამენ ასევე მათდამი მოპყრობასთან დაკავშირებით. მონიტორინგის შედეგები, რეკომენდაციის სახით, სახალხო დამცველმა სასჯელაღსრულების მინისტრს გადაუგზავნა. ომბუდსმენი მინისტრისგან დაწესებულებაში მიმდინარე პროცესებით დაინტერესებასა და ადეკვატური ზომების მიღებას იმედოვნებდა, თუმცა ძველი კოლეგისგან, ყოფილი სახალხო დამცველისგან, პასუხად მკაცრი კრიტიკა მიიღო.

საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრი სოზარ სუბარი სასჯელაღსრულების მე-19 დაწესებულებასთან დაკავშირებით სახალხო დამცველის რეკომენდაციას შემდეგნაირად გამოეხმაურა:

”იმ პატივისცემის მიუხედავად სახალხო დამცველის ინსტიტუტისა და ზოგადად უჩა ნანუაშვილისადმი, ან სწორედ ამის გამოც, ძალიან არ მომეწონა, რომ საკმაოდ არაპროფესიულად იყო შედგენილი ეს რეკომენდაცია. თუნდაც წინასწარ რომ გაევლოთ ჩვენთან და დაესვათ ეს კითხვები, იქ ძალიან ბევრ რამეზე მიიღებდნენ ამომწურავ და დამაჯერებელ პასუხს, რომ ეს ასე არ არის”.

რეკომენდაცია კი, რომელიც სასჯელაღსრულების მე-19 დაწესებულების მონიტორინგის საფუძველზე შეიქმნა, ძირითადად პატიმართა ჩივილებს ასახავს. სახალხო დამცველის რწმუნებულების მიერ ჩამორთმეულ წერილობით ახსნა-განმარტებას ხელს 131 მსჯავრდებული აწერს. მსჯავრდებულები პრეტენზიებს გამოთქვამენ არასაკმარისი მედიკამენტოზური მომსახურების, უხარისხო საკვების, შეზღუდული სატელეფონო კომუნიკაციის, ჯანმრთელობისთვის საზიანო ბეტონის იატაკისა და სხვა ყოფითი პრობლემების გამო. ისინი, ამასთანავე, ითხოვენ, რომ მიეცეთ გრძელვადიანი პაემნებით სარგებლობის უფლება. რეკომენდაციაში აღნიშნულია ისიც, რომ პატიმრები დაწესებულების დირექტორის, კახა გველესიანის, თანამდებობიდან გათავისუფლების საკითხს სვამენ და პრობლემების უმოკლეს დროში მოგვარებას ითხოვენ. წინააღმდეგ შემთხვევაში კი, მზად არიან შეწყვიტონ ანტიტუბერკულოზური მკურნალობა და პროტესტის უკიდურეს ფორმას, შიმშილობას მიმართონ.

სასჯელაღსრულების სამინისტროს საპასუხო განმარტებების თანახმად, მე-19 დაწესებულებაში ტუბერკულოზის მკურნალობა სპეციალური სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში, ზოგადი სტანდარტების დაცვით მიმდინარეობს და მასში უშუალოდ სამინისტრო არ ერევა. რაც შეეხება გრძელვადიან პაემნებს, მათი რიცხვის გაზრდის მიზნით საკანონმდებლო ინიციატივა მზადდება; დაწესებულების იატაკი ახალი მთავრობის პირობებში არ დაგებულა და, ამას გარდა, იატაკზე სპეციალური სტანდარტი არ არსებობს; საკვების ხარისხი ბოლო ხანს მკვეთრად გაუმჯობესებულია; სასჯელაღსრულების მე-19 დაწესებულების დირექტორი თანამდებობიდან სამი დღის წინ გაათავისუფლეს და ასე შემდეგ.

”სახალხო დამცველის რეკომენდაციას არ ვეთანხმებით არც ერთ პუნქტში”, -ასე შეაჯამა, თავის მხრივ, სოზარ სუბარმა ომბუდსმენის მიერ მოყვანილი პრობლემები. მისი ასეთი დამოკიდებულება სრულიად მოულოდნელი და გაუგებარი აღმოჩნდა ომბუდსმენის აპარატის პრევენციისა და მონიტორინგის დეპარტამენტის ხელმძღვანელის, ნათია იმნაძისთვის:

”ეს რეკომენდაცია შეეხებოდა კონკრეტულ საკითხს, რომელიც მას უნდა შეესწავლა და მიეღო გადაწყვეტილება. ამას თუ არ ეთანხმება, ნება მისია, ნუ შეისწავლის, თუმცა ჩვენ რასაც მივუთითებდით იქ, ის დირექტორი, როგორც აღმოჩნდა, გათავისუფლებულია უკვე და, შესაბამისად, ამან დაადასტურა, რომ გარკვეული პრობლემები ნამდვილად იყო ამ დაწესებულებაში”.

ნათია იმნაძე აქვე ამბობს, რომ მისთვის არანაკლებ გაუგებარი იყო შინაგან საქმეთა მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის რეაქცია ამჯერად არა რეკომენდაციაში, არამედ სახალხო დამცველის ანგარიშში პოლიციის მისამართით გამოთქმულ შენიშვნებზე:

”მანაც, ცოტა არ იყოს, აურია დროებითი მოთავსების იზოლატორები და პოლიცია, იმიტომ რომ ჩვენს ანგარიშებში უკვე რამდენიმე წელია, გარდა ერთი გამონაკლისისა, დროებითი მოთავსების იზოლატორში მოპყრობის პრობლემა აღარ იდგა. სამაგიეროდ, საკმაოდ მწვავედ იდგა და კიდევ დგას - და მე ამას კიდევ ერთხელ ვადასტურებ - პოლიციის მხრიდან ძალის გადამეტების პრობლემა დაკავებისას, დაკავების შემდეგ დროებითი დაკავების იზოლატორში მიყვანამდე”.

ნათია იმნაძე, ისევე როგორც სოზარ სუბარს, ირაკლი ღარიბაშვილსაც ურჩევს, ყურადღებით წაიკითხოს ანგარიში. რაც შეეხება განცხადებას, რომელშიც, ნათია იმნაძის აზრით, მინისტრმა არასწორი აქცენტები დასვა, იგი ირაკლი ღარიბაშვილმა 2 აპრილს გააკეთა:

”ვერც ერთ ფაქტს ვერ დამისახელებს ვერც ერთი ამ ქვეყანაში, რომ დროებითი დაკავების იზოლატორში ადგილი ჰქონოდა რაიმე დარღვევას - ადამიანის უფლებების შელახვას. ეს არის რეალური პროგრესი, რასაც ჩვენ მივაღწიეთ. ამის აღიარება, რა თქმა უნდა, არ სურს ბევრს, რა თქმა უნდა, ბევრს არ ახარებს და, სწორედ აქედან გამომდინარე, არის ჭორების გავრცელების ეს ტრადიცია. ეს მეთოდი აქვთ, კარგად გამოსდით, ალბათ”.

ადამიანის უფლებების ცენტრის დირექტორს ალეკო ცქიტიშვილს კი მინისტრების მიერ მათი უწყებებისადმი ომბუდსმენის აპარატისგან გამოთქმულ კრიტიკაზე რეაქცია და შენიშვნების მიუღებლობა „დეჟავიუს“ განცდას უჩენს, იმ დროს აგონებს, როდესაც სახალხო დამცველის რეკომენდაციების იგნორირება ქვეყანაში ერთგვარ ტრადიციად იქცა:

”ნამდვილად ავის მომასწავებელია სახალხო დამცველის რეკომენდაციის თაობაზე მთავრობის წევრთა მიერ გავრცელებული კომენტარები, ზოგადად. უფრო მეტად გასაკვირია სოზარ სუბარისგან ასეთი კომენტარი, იმიტომ რომ მას თვითონ აქვს გამოცდილება - როდესაც ის სახალხო დამცველი იყო, არ ითვალისწინებდნენ მის რეკომენდაციებს მთავრობის წევრები და ყველამ ვიცით, რა შედეგებამდე მიიყვანა ამან ქვეყანა”.

ალეკო ცქიტიშვილს იმედი აქვს, რომ, საბოლოო ჯამში, მინისტრები სახალხო დამცველთან საერთო ენას გამონახავენ და ამ მიმართულებით ადეკვატური იქნება პარლამენტიც, რომელსაც მთავრობის მიერ ომბუდსმენის რეკომენდაციების შესრულების გაკონტროლება ევალება.
XS
SM
MD
LG