Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ომბუდსმენისა და შსს-ს დაპირისპირება


სახალხო დამცველი შინაგან საქმეთა მინისტრს მიმართავს თხოვნით, პირად კონტროლზე აიყვანოს 17 ოქტომბერს საგარეჯოში მომხდარი ინციდენტის გამოძიების საქმე. უჩა ნანუაშვილი მთავარ პროკურორსაც მიმართავს გამოიძიოს, საგარეჯოს პოლიციის სამმართველოს უფროსის მოადგილის გიორგი რევაზიშვილის მიერ საქართველოს სახალხო დამცველის სპეციალური პრევენციული ჯგუფის წევრებისთვის დაბრკოლების შექმნისა და საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული უფლებამოსილების გადამეტების საქმე. რა მოხდა 17 ოქტომბერს საგარეჯოს პოლიციის სამმართველოში და როგორ პასუხს აძლევს ომბუდსმენს შინაგან საქმეთა სამინისტრო?

სახალხო დამცველი უჩა ნანუაშვილი ამბობს, რომ საგარეჯოს პოლიციის სამმართველოს შენობიდან მისი უწყების თანამშრომლები, რომლებიც გეგმურ შემოწმებას აწარმოებდნენ პრევენციის ეროვნული მექანიზმის ფარგლებში, კანონდარღვევით გამოაძევეს, რის გამოც ომბუდსმენი შინაგან საქმეთა მინისტრს მიმართავს თხოვნით, ინციდენტის გამოძიება პირად კონტროლზე აიყვანოს:

„შინაგან საქმეთა მინისტრს მოვუწოდებთ, რომ მან პირად კონტროლზე აიყვანოს ეს ინციდენტი, გამომდინარე იქიდან, რომ ჩვენ გვაქვს გარკვეული მტკიცებულებები, მათ შორის, ვიდეომტკიცებულებები, რომელიც ადასტურებს, რომ განცხადება, რომელიც გავრცელდა შინაგან საქმეთა სამინისტროს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის მიერ, არ არის სრული, არ არის სწორი და ამიტომაც უნდა დაიწყოს გამოძიება. პარალელურად, ჩვენ მიმართვა გავუგზავნეთ მთავარ პროკურორს, არჩილ კბილაშვილს, სადაც ვითხოვთ გამოძიების ჩატარებას საგარეჯოს ინციდენტთან დაკავშირებით“.

ინციდენტი კი, რომლის გამოძიებასაც უჩა ნანუაშვილი შინაგან საქმეთა მინისტრს სთხოვს, იმაში მდგომარეობდა, რომ 17 ოქტომბერს, პრევენციის ეროვნული მექანიზმის ფარგლებში მიმდინარე გეგმური მონიტორინგის დროს, სახალხო დამცველის აპარატის თანამშრომლები და კონკურსის წესით შერჩეული ორი ექსპერტი, იმ მოტივით, რომ თითქოს მათ საქმიანობის დამადასტურებელი დოკუმენტაცია არ წარადგინეს, საგარეჯოს პოლიციის სამმართველოს განყოფილებიდან გამოაძევა საგარეჯოს პოლიციის სამმართველოს უფროსის მოადგილემ გიორგი რევაზიშვილმა. სახალხო დამცველი მიიჩნევს, რომ „პოლიციელის საქციელი, ალბათ, სცდება დისციპლინური და ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ფარგლებს და შესაძლოა შეიცავდეს სისხლის სამართლის დანაშაულის ნიშნებსაც“.

აღნიშნული ჯგუფის წევრებმა საბუთები მხოლოდ პოლიციის თანამშრომელთა მოთხოვნის შემდეგ წარადგინეს, რაც ნათლად ჩანს მათ მიერვე გავრცელებულ კადრებში. საბუთების წარდგენის შემდეგ მონიტორინგის ჯგუფის წევრებს არანაირი დაბრკოლება არ შექმნიათ თავიანთი საქმიანობის განხორციელებისას...
ნინო გიორგობიანი
შინაგან საქმეთა სამინისტროს საზოგადოებასთან ურთიერთობის მთავარი სამმართველოს უფროსი ნინო გიორგობიანი კი ირწმუნება, რომ საგარეჯოს პოლიციის სამმართველოს სამორიგეო ნაწილში სახალხო დამცველის წარმომადგენლები ისე შევიდნენ, რომ მათ პოლიციელებისთვის სამსახურებრივი მოწმობები არ უჩვენებიათ და არც სირტყვიერად განუმარტავთ თავიანთი ვინაობა:

„აღნიშნული ჯგუფის წევრებმა საბუთები მხოლოდ პოლიციის თანამშრომელთა მოთხოვნის შემდეგ წარადგინეს, რაც ნათლად ჩანს მათ მიერვე გავრცელებულ კადრებში. საბუთების წარდგენის შემდეგ მონიტორინგის ჯგუფის წევრებს არანაირი დაბრკოლება არ შექმნიათ თავიანთი საქმიანობის განხორციელებისას - მათ მოინახულეს დროებითი მოთავსების იზოლატორი და დატოვეს სამმართველოს შენობა. აქვე ხაზგასმით აღვნიშნავ, რომ მონიტორინგის ჯგუფის წევრები საგარეჯოს რაიონულ სამმართველოში პროვოკაციულად და უპასუხისმგებლოდ იქცეოდნენ. შინაგან საქმეთა სამინისტრომ დაიწყო აღნიშნული ინციდენტის მოკვლევა, თუმცა ურიგო არ იქნება, თუ სახალხო დამცველიც შეისწავლის ამ ჯგუფის წევრთა ქმედებებს, ვინაიდან მსგავსი ქმედებები ჩრდილს მიაყენებს ისეთი მნიშვნელოვანი ინსტიტუციის არსებობას, როგორიცაა საქართველოს სახალხო დამცველის სპეციალური პრევენციული ჯგუფი“.

რატომ მაინცდამაინც საგარეჯოში არ წარვადგენდით ამ რწმუნებებს? ლოგიკა ხომ უნდა იყოს ამ ყველაფერში, ანუ საუბარი იმაზე, რომ თითქოსდა რწმუნებები არ წარგვიდგენია და ამიტომ მოხდა იქედან ჩვენი გამოძევება...
თეა თუთბერიძე
ნინო გიორგობიანის განცხადების საწინააღმდეგოს ირწუნება სახალხო დამცველის წარმომადგენლებთან ერთად მონიტორინგის პროცესში მონაწილე „თავისუფლებისა და დემოკრატიის განვითარების ინსტიტუტის“ აღმასრულებელი დირექტორი თეა თუთბერიძე, რომელმაც ინციდენტის ამსახველი ვიდეოც გადაიღო და გაავრცელა კიდეც. თეა თუთბერიძის სიტყვებით, მონიტორინგის ჯგუფმა თითქმის მთელი საქართველო მოიარა და არსად მსგავსი პრობლემა არ შექმნია. მისი სიტყვებით, პრობლემა სისტემური არ არის, თუმცა ეს კონკრეტული პოლიციელების არაკვალიფიციურობას მოწმობს:

„რატომ მაინცდამაინც საგარეჯოში არ წარვადგენდით ამ რწმუნებებს? ლოგიკა ხომ უნდა იყოს ამ ყველაფერში, ანუ საუბარი იმაზე, რომ თითქოსდა რწმუნებები არ წარგვიდგენია და ამიტომ მოხდა იქედან ჩვენი გამოძევება, ეს არის აბსურდი. თქვენ იმ გადაღებულ კადრებშიც ხედავთ, რომ ეს რწმუნებები ნაჩვენები იქნება პოლიციის სამმართველოს უფროსის მოადგილისთვის, თუმცა მათ ეს არ აინტერესებდათ, საერთოდ. იმ რწმუნებებზე უფლებამოსილებებიც ეწერა და ყველაფერიც. მარტივად უნდოდა წაკითხვა“.

მთავარი პროკურატურის პრესსამსახურის უფროსის ხათუნა პაიჭაძის განმარტებით, საქმის გამოძიება დაწყებულია სისხლის სამართლის 333- ე მუხლის პირველი ნაწილით, რაც თანამდებობრივი უფლებამოსილების გადამეტებას გულისხმობს. ინციდენტს შინაგან საქმეთა სამინისტროც იძიებს.
  • 16x9 Image

    ნინო ხარაძე

    ახალი ამბების რედაქტორი. მუშაობს საშინაო და საგარეო პოლიტიკური საკითხების, კონფლიქტების, ადამიანის უფლებათა და უმცირესობების თემების გაშუქებაზე. მიჰყავდა პროგრამები „გენდერული ამბები“ და „გადაკვეთის წერტილი“. რადიო თავისუფლების ჟურნალისტია 2010 წლიდან. 

XS
SM
MD
LG