Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ომბუდსმენის კრიტიკა ახალგაზრდული ოლიმპიადის ორგანიზატორებს


სახალხო დამცველი ევროპის ოლიმპიური ახალგაზრდული ფესტივალის „თბილისი 2015“–ის ორგანიზატორებს მოუწოდებს შექმნან შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთათვის ხელმისაწვდომი გარემო. ომბუდსმენის განცხადებაში აღნიშნულია, რომ „არ მოხდა ღონისძიების გახსნის ცერემონიაზე დასწრების მსურველ შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა საჭიროებების გათვალისწინება. ეტლით მოსარგებლე ადამიანებს შეექმნათ დაბრკოლება მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე თავისუფლად შესვლის, გადაადგილებისა და ღონისძიებაზე დასწრების პროცესში“. რას პასუხობენ ღონისძიების ორგანიზატორები სახალხო დამცველს?

როგორც სახალხო დამცველის 27 ივლისის განცხადებაში ვკითხულობთ, „საქართველოში სამწუხარო პრაქტიკას წარმოადგენს სპორტულ, კულტურულ და გასართობ ღონისძიებებში შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა განსაკუთრებული საჭიროებების იგნორირება. არაადაპტირებული გარემო და პირობები ხშირად ხდება ამ პირთა დისკრიმინაციის საფუძველი“.

დისკრიმინაციაზე საუბრისას სახალხო დამცველის აპარატის შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების დეპარტამენტის ხელმძღვანელი ირინა ობოლაძე აბობს, რომ ერთი ასეთი შემთხვევა მოხდა2015 წლის 12 თებერვალს სპორტის სასახლეში, პაატა ბურჭულაძის საიუბილეო საღამოს მიმდინარეობის დროსაც. საქართველოს სახალხო დამცველმა დაადგინა შეზღუდული შესაძლებლობის ნიშნით პირის პირდაპირი დისკრიმინაცია და გასულ კვირას რეკომენდაციით მიმართა ღონისძიების ორგანიზატორს, შეიმუშაოს შიდა დოკუმენტი (დებულება/წესები/პრინციპები), რომლითაც გათვალისწინებული იქნება სხვადასხვა ღონისძიების ჩატარების დროს შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებისთვის მასში ღირსეულად მონაწილეობის ხელშეწყობის პრინციპები.

ირინა ობოლაძის თქმით, მსგავსი შემთხვევების შესახებ სახალხო დამცველი ხშირად მედიის საშუალებით იგებს. იმის გათვალისწინებით, რომ სპორტული თუ სხვა სახის ღონისძიებების დარბაზები არ არის ადაპტირებული საქართველოს სხვადასხვა რეგიონში, დისკრიმინაციას ხშირი ხასიათი აქვს, მიუხედავად სახელმწიფოს მიერ ამ მიმართულებით გადადგმლი პოზიტიური ნაბიჯებისა:

„ხშირია, უფრო ხშირია იგნორირება, ვიდრე დადებითი მომენტები ამ პირებისთვის. ვერც ერთი უწყება ვერ მოახდენს ზუსტ მონიტორინგს. გარემო ყველგან უნდა იყოს ადაპტირებული. თუ თბილისში არ ტარდება რაღაც ღონისძიება, ტარდება გორში, ზესტაფონში, ქუთაისში. აქ საუბარია ქვეყნის მასშტაბზე და სახალხო დამცველი ზოგადად ყველას ამიტომ მოუწოდებს, რომ გარემო იყოს ადაპტირებული და ამ ადამიანებს არ უწევდეთ მუდმივად დაბრკოლებების გადალახვა და ამ პრობლემების წინაშე დადგომა“.

უნდა არსებობდეს მონიტორინგის ორგანო, რომელიც პასუხისმგებლობას აიღებს ამ დადგენილებით გათვალისწინებული სტანდარტების დაცვაზე, ზედამხედველობაზე. ასეთი ორგანო არ არსებობს და არ არის განსაზღვრული, თუ რა სტანდარტით კეთდება ესა თუ ის საჯარო დაწესებულება...
გია ახმეტელი

გია ახმეტელი, აღმასრულებელი დირექტორი ორგანიზაციისა „ხელმისაწვდომი გარემო ყველას“, თავადაც მობილურად შეზღუდულია და ეტლით სარგებლობს. ის ამბობს, რომ სახალხო დამცველის განცხადებაში მოყვანილი ეს კონკრეტული ორი ფაქტი მედიამ გააშუქა, თორემ სხვა შემთხვევაში მობილურად შეზღუდული ადამიანები ყოველდღიურად აწყდებიან პრობლემებს. გია ახმეტელის თქმით, სახელმწიფო ვერ ასრულებს თავის ნაკისრ ვალდებულებას შექმნას თანაბარი პირობები ყველა შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირისთვის. აქ იგულისხმება უსინათლოებიც, სმენის პრობლემების მქონეც და სხვა. სახელმწიფოს ვალდებულება აქვს აღებული შშმ პირთა კონვენციით, რომ საკანონმდებლო და სააღმასრულებლო დონეზე მიიღოს ზომები და აიძულოს ახალმშენებარე და საჯარო დაწესებულებები შექმნან ხელმისაწვდომი გარემო. ამის თაობაზე არსებობს2014 წლის 6 იანვრის პრემიერ-მინისტრის დადგენილება, რომელიც მობილობის პრობლემების მქონე ადამიანებისთვის შესაფერისი სტანდარტების უზრუნველყოფას ეძღვნება, მაგრამ 41-ე დადგენილებას ძალიან მნიშვნელოვანი რამ - აღსრულების მექნიზმი - აკლია და დღეს კეთილი ნების დონეზეა საკითხი დატოვებული, რაც, თავის მხრივ, აძლიერებს საქველმოქმედო და სამედიცინო მიდგომებს, რაც წლების განმავლობაშია გამჯდარი, ამბობს გია ახმეტელი.

„უნდა არსებობდეს მონიტორინგის ორგანო, რომელიც პასუხისმგებლობას აიღებს ამ დადგენილებით გათვალისწინებული სტანდარტების დაცვაზე, ზედამხედველობაზე. ასეთი ორგანო არ არსებობს და არ არის განსაზღვრული, თუ რა სტანდარტით კეთდება ესა თუ ის საჯარო დაწესებულება. ამ შემთხვევაშიც, რა თქმა უნდა, გაიპარებოდა ხარვეზები ოლიმპიადისთვის მზადების დროსაც და ეს ხარვეზები სულ იქნება ამ მექნიზმის ჯერ საკანონმდებლო დონეზე და შემდეგ სააღსრულებლო დონეზე ამუშავებამდე“.

მინდა მოვუბოდიში შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებს იმ მცირედი დისკომფორტისთვის, რომელიც იყო. მე გარწმუნებთ, რომ აბსოლუტურად ყველა არენა, რომელიც აშენდა, აღჭურვილია შესაბამისი პანდუსით და მათი გადაადგილებისთვის მაქსიმალურდ შექმნილია პირობები...
ალექსანდრე ახვლედიანი

გია ახმეტელის თქმით, მაკონტროლებელ-საზედამხედველო ორგანოდ განიხილებოდა ჯანდაცვის სამინისტრო, მაგრამ სამინისტრომ რამდენიმეწლიანი დაგვიანებით, მაგრამ, ბოლოს, მაინც გასცა პასუხი: ეს ჩვენი კომპეტენცია არ არისო.

რადიო თავისუფლება დაუკავშირდა თავად ევროპის ოლიმპიური ახალგაზრდული ფესტივალის „თბილისი 2015“-ის საორგანზაციო კომიტეტს, მაგრამ კომიტეტის ხელმძღვანელთა მოუცლელობის გამო მათთან საუბარი ვერ შედგა. კომიტეტის ხელმძღვანელი ალექსანდრე ახვლედიანი ტელეკომპანია „რუსთავი 2-ის“ დილის გადაცემაში საკუთარი სურვილით გამოეხმაურა ომბუდსმენის განცხადებას და ბოდიში მოიხადა შექმნილი პრობლემის გამო:

„მინდა მოვუბოდიში შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებს იმ მცირედი დისკომფორტისთვის, რომელიც იყო. მე გარწმუნებთ, რომ აბსოლუტურად ყველა არენა, რომელიც აშენდა, აღჭურვილია შესაბამისი პანდუსით და მათი გადაადგილებისთვის მაქსიმალურდ შექმნილია პირობები. რაც შეეხება თვითონ „ლოკომოტივის“ სტადიონს, ის დაპროექტებულია ისე, რომ ამის საშუალება არ არის და როცა ეს საკითხი დაისვა, მაშინვე იყო პასუხი, რომ ცენტრალური დიდი შემოსასვლელიდან იქნებოდა შესაძლებელი მათი განთავსება, თუმცა, რა თქმა უნდა, კიდევ ერთხელ ბოდიშს ვუხდი“.

საქართველოს სახალხო დამცველიკი კვლავ მოუწოდებს ყველა საჯარო თუ კერძო დაწესებულებას, გაითვალისწინონ „შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების შესახებ“ გაეროს კონვენციით და საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი მოთხოვნები: შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა დამოუკიდებელი ცხოვრებისა და ცხოვრების ყველა სფეროში მათი სრულყოფილი მონაწილეობისათვის უზრუნველყოფილ იქნეს ფიზიკური გარემო, საზოგადოებისათვის ღია ობიექტებისა და მომსახურების თანაბარი მისაწვდომობა, დისკრიმინაციის გარეშე.

  • 16x9 Image

    ნინო ხარაძე

    ახალი ამბების რედაქტორი. მუშაობს საშინაო და საგარეო პოლიტიკური საკითხების, კონფლიქტების, ადამიანის უფლებათა და უმცირესობების თემების გაშუქებაზე. მიჰყავდა პროგრამები „გენდერული ამბები“ და „გადაკვეთის წერტილი“. რადიო თავისუფლების ჟურნალისტია 2010 წლიდან. 

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG