Accessibility links

logo-print

სახალხო დამცველის წარმომადგენელი სამშვიდობო მოლაპარაკების პროცესში ჩაერთვება


საქართველოს სახალხო დამცველი უჩა ნანუაშვილი

საქართველოს სახალხო დამცველი უჩა ნანუაშვილი

საქართველოს სახალხო დამცველი უჩა ნანუაშვილი გორში, „დემოკრატიული ჩართულობის ცენტრში“, არასამთავრობო ორგანიზაციების, მედიისა და ხელისუფლების წარმომადგენლებს შეხვდა. შეხვედრაზე ის ადამიანებიც მივიდნენ, ვისაც მიაჩნია, რომ მათი უფლებები დღემდე ირღვევა. ომბუდსმენმა გორში რამდენიმე სიახლის შესახებ ისაუბრა. მისი თქმით, ქართულ-ოსურ და ქართულ-აფხაზურ მოლაპარაკებებში სახალხო დამცველის წარმომადგენელიც ჩაერთვება, რომელიც კონფლიქტის ზონებში ადამიანის უფლებების საკითხებზე გაამახვილებს ყურადღებას. გარდა ამისა, ნანუაშვილის თქმით, გაძლიერდება სახალხო დამცველის რეგიონალური ოფისები, რადგან უფლებების დარღვევის ყველაზე მეტი შემთხვევა სწორედ რეგიონებშია და, მათზე რეაგირების თვალსაზრისით, საჭიროა მეტი რესურსი სწორედ ადგილებზე გადანაწილდეს. ნანუაშვილმა კიდევ ერთხელ გაიმეორა, რომ მხარს უჭერს პატიმრების გაცვლას პრინციპით „ყველა ყველაზე“.

ყურადღება გაამახვილა ასევე მარეკ დუდაევის გათავისუფლებაზე, რამდენადაც ის უკვე 9 წელია სასჯელს იხდის და ჯანმრთელობა შერყეული აქვს. როგორც ცნობილია, მის გათავისუფლებას საპარლამენტო უმცირესობა ეწინააღმდეგება, რადგან, მათი აზრით, დუდაევი არაერთი მძიმე დანაშაულის ჩადენისთვის იხდის 23 წლიან სასჯელს. ნანუაშვილის აზრით, პატიმრების გაცვლა მხარეებს შორის ნდობის აღდგენას შეუწყობს ხელს.

წამების მსხვერპლთა ფსიქოსოციალური და სამედიცინო რეაბილიტაციის ცენტრის წარმომადგენელმა, შორენა ყაყიტაშვილმა, ტყვედნამყოფთა და ყოფილ პატიმართა უფლებების დაცვაზე გაამახვილა ყურადღება. მისი აზრით, აუცილებელია ამ პრობლემის სწრაფად მოგვარება.

შეხვედრას ის ადამიანებიც დაესწრნენ, რომლებიც მიიჩნევენ, რომ მათი უფლებები პოლიტიკური ნიშნით შეილახა. სოფელ ვარიანის ტერიტორიული ორგანოს ყოფილი სპეციალისტის, იზო კოკაურის აზრით, ის სამსახურიდან მხოლოდ იმის გამო გაათავისუფლეს, რომ არჩევნების წინა პერიოდში, სოფელში კახა კალაძესთან შეხვედრისას, „ნაციონალური მოძრაობის“ მხარდამჭერი პოზიცია დააფიქსირა.

„ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის“ გორის ოფისის ხელმძღვანელის ქეთი ბებიაშვილის აზრით, სახალხო დამცველის რეგიონებში გასვლა მნიშვნელოვანია იმისათვის, რომ მან ინფორმაცია ადგილზე მიიღოს და შემდეგ ეს ყველაფერი საკუთარ ანგარიშში რეკომენდაციების სახით ასახოს.

დღის ბოლოს სახალხო დამცველი დემოკრატიული სკოლის კურსდამთავრებულებს შეხვდა და მათ სამოქმედო გეგმის პრიორიტეტული მიმართულებები გააცნო.
XS
SM
MD
LG