Accessibility links

logo-print
საქართველოს სახალხო დამცველი მთავარ პროკურორს გაუჩინარების ფაქტების გამოძიების რეკომენდაციით მიმართავს. უჩა ნანუაშვილი 2008 წლის აგვისტოს კონფლიქტისას და მომდევნო პერიოდში უგზო-უკვლოდ დაკარგული ეთნიკურად ოსი პირების ადგილსამყოფლის დადგენასა და გაუჩინარების ფაქტების ეფექტურ გამოძიებას ითხოვს. პროკურატურას მიმართავს ის 2007-2008 წლებში გაუჩინარებული საქართველოს სამი მოქალაქის საქმის გამოძიების თაობაზე. სახალხო დამცველის პასუხად, გენერალურ პროკურატურაში აცხადებენ, რომ პროკურატურა მხოლოდ იმ შემთხვევაში ერთვება გამოძიების პროცესში, როდესაც გაუჩინარებულების საქმეში დანაშაულის ნიშნები იკვეთება. მანამდე საქმის გამოძიება შინაგან საქმეთა სამინისტროს პრეროგატივაა.

2008 წლის ოქტომბერში უგზო-უკვლოდ გაუჩინარებული ალან ხაჩიროვის მამა, იური ხაჩიროვი, ოთხ წელზე მეტია შვილის კვალს უშედეგოდ ეძებს. ალან ხაჩიროვი ორ მეგობართან - სოლთან პლიევსა და ალან ხუგაევთან - ერთად ცხინვალიდან სოფელ დმენისში გაემგზავრა, რის შემდეგაც ის და მისი მეგობრები გაუჩინარდნენ. უგზო-უკვლოდ დაკარგული ახალგაზრდების მშობლებმა საქართველოს პრემიერ-მინისტრსა და მთავარ პროკურორს შვილების მოძებნისა და საქმის გამოძიების თხოვნით იანვრის ბოლოს მიმართეს. იური ხაჩიროვს ახალ ხელისუფლებასთან ერთი თხოვნა აქვს: ან ცოცხალი დაუბრუნონ შვილი, ან მკვდარი:

„მერეთში დაიჭირეს, მნახველებიც არიან. ვიცით, რომ აქეთ არიან ან ცოცხლები, ან მკვდრები. დაგვიბრუნონ შვილები. თუ ცოცხლები არ არიან, ცხედრები მაინც მოგვცენ“.
ჩატარდა საგამოძიებო მოქმედებები. დაზარალებული მხარე, ანუ მშობლები, იყვნენ ჩამოსულები. მათ გარკვეული ინფორმაცია მიაწოდეს გამოძიებას. ახლა ამ ინფორმაციის შესწავლა მიდის...


გაუჩინარებიდან რამდენიმე ხანში ახალგაზრდების მშობლებმა არაოფიციალური წყაროებიდან შეიტყვეს, რომ მათი შვილები ქართულმა პოლიციამ დააკავა, რის შემდეგაც ისინი გორის პოლიციის განყოფილებაში გადაიყვანეს, თუმცა ქართული მხარე გავრცელებულ ინფორმაციას მთელი ამ ხნის განმავლობაში კატეგორიულად უარყოფდა. გასულ გაზაფხულზე ინტერნეტში გავრცელდა მობილური ტელეფონით გადაღებული კადრები, სადაც ჩანს, როგორ ცდილობს სამხედრო ფორმაში ჩაცმული რამდენიმე ადამიანი სამი ახალგაზრდის დაკითხვას, შემდეგ კი მათ ფიზიკურად უსწორდებიან. ახალგაზრდებში მშობლებმა გაუჩინარებული შვილები ამოიცნეს.

გამოძიება უგზო-უკვლოდ გაუჩინარებული სამი ოსი ახალგაზრდის შესახებ 2009 წლის ზაფხულში დაიწყო. მიმდინარე წლის იანვარში კი საქმის გამოძიება შიდა ქართლისა და მცხეთა-მთიანეთის საოლქო პროკურატურას გადაეცა. პროკურორი კახა ლაითაძე რადიო თავისუფლებასთან საუბარში აცხადებს, რომ ყველაფერი გაკეთდება იმისათვის, რომ გამოძიება ლოგიკურ დასასრულამდე მივიდეს:

”ჩატარდა საგამოძიებო მოქმედებები. დაზარალებული მხარე, ანუ მშობლები, იყვნენ ჩამოსულები. მათ გარკვეული ინფორმაცია მიაწოდეს გამოძიებას. ახლა ამ ინფორმაციის შესწავლა მიდის. თვითონ ოსურ მხარესთან დავამყარებთ ურთიერთობას. მათაც მოგვაწოდეს ინფორმაცია და, შესაბამისად, ოსურ მხარესთან შეთანხმებით ჩატარდება საგამოძიებო ღონისძიებები”, - ამბობს კახა ლაითაძე.

ის ყურადღებას განსაკუთრებით ამახვილებს ევროსაბჭოს ადამიანის უფლებათა ყოფილი კომისრის, თომას ჰამარბერგის, რეკომენდაციებზე, რომელიც მან გაუჩინარებულთა საქმის გამოძიების თაობაზე ჯერ კიდევ 2010 წლის შემოდგომაზე გასცა. შეგახსენებთ, რომ ყოფილი კომისრის მიერ საქართველოში მოვლენილი ექსპერტების დასკვნის საფუძველზე იკვეთება, რომ სოლთან პლიევის, ალან ხუგაევისა და ალან ხაჩიროვის გაუჩინარებასთან კავშირი შესაძლოა გორელ სამართალდამცავებს ჰქონდეთ. კახა ლაითაძე რადიო თავისუფლებასთან საუბარში ამბობს, რომ დაკითხულია არაერთი პოლიციელი, თუმცა ამ ეტაპზე საქმის მასალები არ იძლევა იმის თქმის საშუალებას, ნამდვილად ჩაიდინეს თუ არა დანაშაული სამართალდამცავებმა.

უნდა ითქვას ისიც, რომ უგზო-უკვლოდ გაუჩინარებულთა საქმეების გამოძიება იყო ერთ-ერთი პირველი პირობა, რომელიც მინისტრმა რეინტეგრაციის საკითხებში პაატა ზაქარეიშვილმა დადო.
ჩვენ დაგვიგროვდა საკმაოდ ბევრი განცხადება, ბევრი ინფორმაცია, რომელიც ეხება გაუჩინარებულ ადამიანებს. ეს ეხება როგორც საქართველოს მოქალაქეებს, ასევე ეთნიკურად ოსი პირების გაუჩინარებას...


მთავარ პროკურატურას გაუჩინარებული მოქალაქეების ადგილსამყოფლის დადგენისა და გაუჩინარების ფაქტების ეფექტური და ინტენსიური გამოძიების რეკომენდაციით ამჯერად საქართველოს სახალხო დამცველი უჩა ნანუაშვილი მიმართავს. გარდა 2008 წლის შემოდგომაზე გაუჩინარებული სამი ოსი ახალგაზრდისა, ომბუდსმენი მოუწოდებს პროკურატურას დაინტერესდეს სხვა უგზო-უკვლოდ გაუჩინარებული ადამიანების მოძიების საკითხითაც. როგორც უჩა ნანუაშვილი ამბობს, მათი რიცხვი არცთუ ისე მცირეა:

”ჩვენ დაგვიგროვდა საკმაოდ ბევრი განცხადება, ბევრი ინფორმაცია, რომელიც ეხება გაუჩინარებულ ადამიანებს. ეს ეხება როგორც საქართველოს მოქალაქეებს, ასევე ეთნიკურად ოსი პირების გაუჩინარებას. ჩვენთვის ცნობილი გახდა ახალი ინფორმაციაც - მაგალითად, რატიკ ისაევის შესახებ, რომელიც ცნობილია, რომ საქართველოს ტერიტორიაზე გარდაიცვალა, მაგრამ უცნობია, სად დაკრძალეს ის”.

საქართველოს სახალხო დამცველის აპარატისათვის ასევე ცნობილია 2007-2008 წლებში საქართველოს სამი მოქალაქის - დავით სიგუას, დავით ცინდელიანისა და პაატა ქარდავას - გაუჩინარების ფაქტებიც. სწორედ ამიტომ მოუწოდებს უჩა ნანუაშვილი მთავარ პროკურატურას უზრუნველყოს შესაბამისი ღონისძიებების გატარება იმ საქმეებზე, რომლებზეც ჯერ გამოძიება არ დაწყებულა.

სახალხო დამცველის მიმართვას რადიო თავისუფლებასთან საუბარში გენერალური პროკურატურის პრესსამსახურის უფროსი ხათუნა პაიჭაძე ეხმაურება. როგორც ის ამბობს, უგზო-უკვლოდ გაუჩინარებულების საქმის გამოძიებას პროკურატურა მხოლოდ იმ შემთხვევაში იწყებს, როდესაც დანაშაულის ნიშნები იკვეთება.

კომენტარების ჩვენება

XS
SM
MD
LG