Accessibility links

18 აპრილს პარლამენტის ადამიანის უფლებათა კომიტეტში სახალხო დამცველის ანგარიშის მოსმენა დაიწყო. კომიტეტის თავმჯდომარის ეკა ბესელიას გადაწყვეტილებით, ანგარიშს დეპუტატები ორ ნაწილად მოუსმენენ. 18 აპრილს უჩა ნანუაშვილმა დეპუტატებს ომბუდსმენის ანგარიშის ის ნაწილი წარუდგინა, რომელიც არჩევნებამდე და მის შემდგომ ციხეში არსებულ ვითარებას შეეხება, ასევე წინასაარჩევნო დარღვევებს და პოლიტიკური ნიშნით ადამიანების დევნის ფაქტებს. ლაფანყურის სპეცოპერაციის შესახებ სახალხო დამცველის ანგარიშის ნაწილს კი ადამიანის უფლებათა კომიტეტი თვის ბოლოს მოუსმენს. ეკა ბესელიამ კომიტეტის სხდომის დასაწყისშივე აღნიშნა, რომ ანგარიშში შესული უფლებადარღვევების ფაქტები გამოუძიებელი არ დარჩება. სხდომას საპარლამენტო უმცირესობა არ დასწრებია.

18 აპრილს პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის სხდომაზე მისულმა სახალხო დამცველმა უჩა ნანუაშვილმა ჯერ ზოგადად ადამიანის უფლებების თვალსაზრისით ქვეყანაში არსებული ვითარება მიმოიხილა, შემდეგ კი კონკრეტულ ფაქტებზე უფრო დეტალურად ისაუბრა და შესაბამის ორგანოებს რეკომენდაციებიც მისცა. ომბუდსმენმა განსაკუთრებით დიდი დრო ციხეებში არსებული ვითარების შეფასებას დაუთმო. ნანუაშვილმა კიდევ ერთხელ დეტალურად გაიხსენა ციხის ცნობილი კადრები; მისი თქმით, არჩევნების შემდეგ ციხეებში პატიმრების წამება შეწყდა და სასჯელაღსრულების სისტემა აღარ არის გადატვირთული.

გარემონტდეს ყველა დაწესებულება და გაუქმდეს ე.წ. ბარაკული სისტემა, გაუქმდეს ან გარემონტდეს #3, #4 და #12 დაწესებულებები, შემუშავდეს პატიმართა დასაქმების სტრატეგია და სამოქმედო გეგმა, გამოიძიონ პატიმართა სიკვდილის გამომწვევი მიზეზები...
მიუხედვად გარკვეული პროგრესისა, ომბუდსმენის განცხადებით, კვლავაც პრობლემაა ციხეების ინფრასტრუქტურა, პატიმართა ჯანდაცვა. სახალხო დამცველის ძირითადი რეკომენდაციებიც სწორედ ამ საკითხებს ეხება. ნანუაშვილი მიმართავს როგორც სასჯელაღსრულების, ისე ჯანდაცვის მინისტრს ყველაფერი გააკეთონ იმისათვის, რომ ჯანდაცვა ციხეში მაქსიმალურად მიუახლოვდეს სამოქალაქო ჯანდაცვის სტანდარტს. ომბუდსმენის ადრესატებს შორის არის მთავარი პროკურორი და მთავარი საკანონმდებლო ორგანოც:

”გარემონტდეს ყველა დაწესებულება და გაუქმდეს ე.წ. ბარაკული სისტემა, გაუქმდეს ან გარემონტდეს #3, #4 და #12 დაწესებულებები, შემუშავდეს პატიმართა დასაქმების სტრატეგია და სამოქმედო გეგმა, გამოიძიონ პატიმართა სიკვდილის გამომწვევი მიზეზები. გასულ წელს ციხეში 67 პატიმარი გარდაიცვალა. ჩვენ უნდა ვიცოდეთ მათი გარდაცვალების ზუსტი მიზეზები”.

სახალხო დამცველი ასევე მიმართავს ადმინისტრაციულ და სამართალდამცველ ორგანოებს მომავალში დაიცვან ნეიტრალიტეტი და აღარ გაიმეორონ ის ქმედებები, რაც წინასაარჩევნოდ განსხვავებული პოლიტიკური შეხედულებების მქონე ადამიანების მიმართ ხორციელდებოდა. არჩევნების პერიოდში გამოვლენილი უკანონო ქმედებების გამოძიების მიზნით კი ნანუაშვილი უწყებათშორისი სამუშაო ჯგუფის შექმნის ინიციატივით გამოდის.

ეკა ბესელიამ, რომელმაც კომიტეტის სხდომაზე თავადაც ჩაიკითხა ერთ-ერთი პატიმრის წამების ამსახველი საკმაოდ ვრცელი ამონარიდი ომბუდსმენის ანგარიშიდან, განაცხადა, რომ პარლამენტი არა მხოლოდ ყურადღებით მოისმენს სახალხო დამცველის ანგარიშს, არამედ შეისწავლის ომბუდსმენის რეკომენდაციებს და ეცდება, რომ არც ერთი ფაქტი გამოუძიებელი არ დარჩეს.

ადამიანის უფლებათა კომიტეტის მთავარი სპეციალისტის ირაკლი კვეზერელის თქმით, ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტში შესული განცხადებების 60-70%-ში დადასტურებულია, რომ გამოძიების ზედამხედველი პროკურორი პირადად ხელმძღვანელობდა დაკავებული პირების წამებას. სწორედ ამიტომ ის მოსამართლეთა დამოუკიდებელი პალატის შექმნის ინიცატივით გამოვიდა.

კომიტეტის თამჯდომარის მოადგილის გედევან ფოფხაძის თქმით, მთავარი სახალხო დამცველის ანგარიშში შესულ ფაქტებზე პასუხისმგებლობის აღებაა. სიმბოლურია, რომ დღევანდელ სხდომას უმცირესობა არ ესწრება, თქვა მან და დაამატა, რომ თუ მომავალ წელს სახალხო დამცველის ახალ ანგარიშში კვლავ იქნება ადამიანის უფლებების დარღვევევის ბევრი ფაქტი და ეს ხელისუფლებისთვის სიახლე იქნება, ამ ხელისუფლებას, უბრალოდ, აღარ ექნება პოლიტიკაში ყოფნის უფლება.

კომიტეტის სხდომას არ დასწრებია საპარლამენტო უმცირესობა. ნანუაშვილის მოხსენების დროს სხდომას კომიტეტის 14 წევრიდან 7 დეპუტატი ესწრებოდა (ეკა ბესელია, ბიძინა გუჯაბიძე, გედევან ფოფხაძე, ომარ ნიშნიანიძე, ფატი ხალვაში, რუსლან პოღოსიანი და თამაზ ავდალიანი). უმცირესობის წევრები, როგორც ცნობილია, 19 აპრილს დაგეგმილი აქციის გამო 18 და 19 აპრილს პარლამენტის სხდომებს არ დაესწრებიან. სავარაუდოდ, უმცირესობა დაესწრება სახალხო დამცველის ანგარიშის მოსმენის მეორე ეტაპს, მოხსენების სწორედ იმ ნაწილს, რომელიც ლოპოტის ხეობაში ჩატარებულ სპეცოპერაციას შეეხება.

კომენტარების ჩვენება

XS
SM
MD
LG