Accessibility links

logo-print

სახალხო დამცველი იძულებით გადაადგილებულ პირთა შესახებ ანგარიშს აქვეყნებს


სახალხო დამცველი იძულებით გადაადგილებულ პირთა უფლებრივი მდგომარეობის ამსახველ ანგარიშში წერს, რომ საქართველოში დევნილთა უმთავრეს პრობლემად კვლავაც ადეკვატური საცხოვრებლის უქონლობა რჩება. მრავალი წლის შემდეგაც, დევნილთა პრობლემების გრძელვადიანი მოგვარება ვერ ხერხდება. დღემდე რჩება არაერთი შეუსრულებელი რეკომენდაცია, რომლის თანახმად, დანგრევის პირას მყოფი ობიექტებიდან დევნილთა განსახლება უნდა განხორციელებულიყო, კერძო სექტორში მცხოვრები დევნილების საცხოვრებლით დაკმაყოფილების პროცესი კი სახელმწიფოს მიერ ჯერაც არ დაწყებულა. ანგარიშში იმ სიახლეებზეცაა საუბარი, რაც ხელისუფლების შეცვლის შემდეგ ამ სფეროში განხორციელდა.
სახალხო დამცველმა უჩა ნანუაშვილმა იძულებით გადაადგილებულ პირთა შესახებ ანგარიში 4 ივნისს საერთაშორისო და ადგილობრივ არასამთავრობო ორგანიზაციებსა და საქართველოში აკრედიტებულ დიპლომატიურ კორპუსს წარუდგინა. სახალხო დამცველი აცხადებს, რომ ყველაზე დიდ გამოწვევად, დევნილთა საკითხების მოგვარების თვალსაზრისით, სახელმწიფოს მხრიდან ამ პრობლემისადმი სისტემური მიდგომის ნაკლებობა წარმოადგენს. დევნილები წლებია დაპირებებით ცხოვრობენ. ხელისუფლების შეცვლამ დევნილებში უკეთესობის მოლოდინი გააჩინა, თუმცა ეს მოლოდინი არ უნდა გაგრძელდეს უსასრულოდ, ამბობს უჩა ნანუაშვილი. ომბუდსმენი რეკომენდაციით მიმართავს ხელისუფლებას დააკმაყოფილოს საკუთარი სახლებიდან იძულებით გადაადგილებული პირები საცხოვრებლით, რათა მათ აღარ დასჭირდეთ შენობებში ძალით შეჭრა და საკუთარი უფლებების დასაცავად პროტესტის უკიდურესი ზომების გამოყენება:

„ეს სისტემური მიდგომა იმისთვის არის საჭირო, რომ დევნილებს ჰქონდეთ გარანტია და რწმენაც, რომ შემდეგი ხუთი ან ათი წლის შემდეგ მათ ნამდვილად ექნებათ საკუთარი საცხოვრებელი ფართი. ეს გარანტია მათ სჭირდებათ საკუთარი ცხოვრების დასაგეგმად. ჩვენი დასკვნაც იმას მიუთითებს, რომ, მიუხედავად მიმდინარე წლის განმავლობაში განხორციელებული დადებითი ცვლილებებისა, კვლავაც ქაოტურია ბევრი პროცესი, დახმარებების გაცემა იქნება ეს თუ სხვა რამ, სისტემური მიდგომა სწორედ ამის დასალაგებლადაა საჭირო“.

ანგარიშში ცალკე თავი ეთმობა ე.წ. საზღვრისპირა სოფლებში მცხოვრებთა მდგომარეობას. ომბუდსმენის აპარატის მონიტორინგის ჯგუფმა გორის მუნიციპალიტეტის ე.წ. სასაზღვრო სოფლებში იმუშავა. დიცში, ერგნეთში, მერეთში, გუგუთიანთკარსა და კიდევ რამდენიმე სოფელში არსებული მდგომარეობა მნიშვნელოვნად არ გაუმჯობესებულა. მნიშვნელოვნად არ შეცვლილა არც „დევნილის სტატუსის მაძიებელი“ პირების მდგომარეობა. ეს ადამიანები დღემდე გორის საბავშვო ბაღების შენობებში ცხოვრობენ. მათგან მხოლოდ მცირე ნაწილმა მოახერხა მშობლიურ სოფელში დაბრუნება, უმრავლესობამ, გაუსაძლისი საცხოვრებელი პირობებისა და უსაფრთხოების გარანტიების უქონლობის გამო, ისევ საბავშვო ბაღებში ცხოვრება არჩია.
ანგარიშში ასევე დეტალურადაა აღწერილი, თუ რა სირთულეები ახლდა დევნილთა განსახლების პროცესს საქართველოს სხვადასხვა ქალაქებში, მათ შორის, ფოთში, წყალტუბოსა და ბათუმში.

მე ვფიქრობ, ეს ანგარიში აჩვენებს, რომ, სამწუხაროდ, ჯერ კიდევ შორს ვართ ამ პრობლემის საბოლოო გადაწყვეტისგან. გაერო ცდილობს ამ ადამიანებს, პირველ რიგში, საცხოვრებლის პრობლემა მოუგვაროს, თუმცა ეს საკმარისი არ არის...
უჩა ნანუაშვილი მოუწოდებს ახალ მთავრობას დევნილებით დასახლებულ ავარიულ შენობებს მიხედოს და მათ ალტერნატიული ფართი შესთავაზოს. ანგარიშის თანახმად, დღემდე მოუგვარებელია ე.წ. კერძო სექტორში მცხოვრები დევნილების საკითხიც. უჩა ნანუაშვილი ფიქრობს, რომ შეიძლება საჭირო გახდეს საკანონმდებლო რეგულაციების შეცვლაც იმისთვის, რომ დევნილების ყველა ჯგუფი თანაბარ პირობებში აღმოჩნდეს.

დადებით სიახლეებში სახალხო დამცველი დევნილთა შესახებ საქართველოს კანონზე მუშაობის დაწყებას და ამ მიზნით სპეციალური კომისიის შექმნას ასახელებს.

გაეროს ლტოლვილთა უმაღლესი კომისრის წარმომადგენელი სიმონე უოლკენიც ფიქრობს, რომ, დევნილთა პრობლემების გადაწყვეტის მხრივ, საქართველოს ჯერ მხოლოდ ნახევარი გზა აქვს გავლილი:

„მე ვფიქრობ, ეს ანგარიში აჩვენებს, რომ, სამწუხაროდ, ჯერ კიდევ შორს ვართ ამ პრობლემის საბოლოო გადაწყვეტისგან. გაერო ცდილობს ამ ადამიანებს, პირველ რიგში, საცხოვრებლის პრობლემა მოუგვაროს, თუმცა ეს საკმარისი არ არის. მეორე დიდი პრობლემა, რაც ასევე გამოჩნდა, იძულებით გადაადგილებულ პირებთან კომუნიკაციის ნაკლებობაა, მათთან დიალოგი იმის შესახებ, რა არის საჭირო მათი მდგომარეობის გასაუმჯობესებლად და რა სურთ მათ სინამდვილეში. ეს ანგარიში ძალიან კარგი საფუძველია ჩვენთვის, რომ მუშაობა გავაგრძელოთ, თუმცა ყველაზე მნიშვნელოვანი საკითხი დევნილების მდგომარეობის გასაუმჯობესებლად დაფინანსებაა. დონორების დახმარებასთან ერთად, ჩვენ ყველამ - საერთაშორისო ორგანიზაციებისა თუ საელჩოების წარმომადგენლებმა - ლობირება უნდა გავუწიოთ, რომ ამისათვის საჭირო თანხა სახელმწიფო ბიუჯეტში ჩაიდოს, რომ, ბოლოს და ბოლოს, ვიპოვოთ გამოსავალი იძულებით გადაადგილებული პირებისათვის“.

ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრის მოადგილე გოგი ფაცაცია აცხადებს, რომ საცხოვრებლის პრობლემა დღეს 40 000-მდე დევნილს აქვს, აქედან 20 000 თბილისში ცხოვრობს. ეს ის კატეგორიაა, რომელსაც არც სახლი აქვს, არც საცხოვრებელი ბინა, ერთ ოთახში 6-7 ადამიანი ცხოვრობს და ასე გრძელდება წლები. სამინისტრომ წელს, დევნილების საცხოვრებლით დაკმაყოფილების მიზნით, ოთხწლიანი პროგრამის განხორციელება დაიწყო. გოგი ფაცაცია აცხადებს, რომ შემუშავდა კრიტერიუმებიც, რომელთა მიხედვითაც გაუნაწილდებათ მათ კონკრეტული საცხოვრებელი ფართი. ფაცაცია ასევე ამბობს, რომ თბილისში მცხოვრებ დევნილებს ძალით აღარავინ გაასახლებს დედაქალაქიდან. მათთვის საცხოვრებელი კორპუსები ვარკეთილის დასახლებაში შენდება.

გოგი ფაცაცია ასევე გვეუბნება, რომ დევნილებისათვის წყალტუბოში, ფოთსა და ბათუმში საცხოვრებელი სახლები უხარისხოდ არის აშენებული. მისივე თქმით, წყალტუბოში დევნილებით დასახლებული ერთ-ერთი კორპუსის პირველი სართულის სარდაფი, იმის გამო, რომ შენობა პირდაპირ გრუნტის წყალზეა აშენებული, ზამთარ-ზაფხულ წყლითაა სავსე. ეს ბინები უკვე საკუთრებაშია და მათზე ზრუნვა, ფაცაციას თქმით, სამინისტროს ვალდებულება აღარ არის. ჯერჯერობით კონკრეტული გეგმა, თუ რით შეიძლება სამინისტრო იქ მცხოვრებ დევნილებს დაეხმაროს, არ არსებობს, თუმცა ფაცაცია ამბობს, რომ სამინისტრო ეცდება ამ ადამიანებისათვის პირობების გაუმჯობესებას.

კოალიცია ”დევნილთა უფლებებისათვის” ხელმძღვანელის ზურაბ ბენდიანიშვილის აზრით, ის, რომ ბოლო დროს დევნილები ხმაურიან აქციებს აღარ მართავენ, იმით შეიძლება აიხსნას, რომ მათ მიმართ სამინისტროს დამოკიდებულება შესამჩნევად შეიცვალა - მათ ხშირად ხვდებიან და უსმენენ, თუმცა ძველი პრობლემები კვლავაც პრობლემებად რჩება. მთავარი სირთულე კი ისევ და ისევ დევნილებისათვის გამოყოფილ ფინანსებს უკავშირდება. სახალხო დამცველის მსგავსად, ზურაბ ბენდიანიშვილიც ფიქრობს, რომ ცვლილების მოლოდინი უსასრულოდ ვერ გაგრძელდება, თუმცა ჯერჯერობით დევნილებში არის იმედი, რომ ახალი მთავრობა ყოველ მათგანს, სულ ცოტა, საცხოვრებელი ფართით მაინც დააკმაყოფილებს.
XS
SM
MD
LG