Accessibility links

ომბუდსმენი პროკურატურის „არაეფექტური“ მუშაობისა და პატიმართა უფლებების შესახებ


უჩა ნანუაშვილი

უჩა ნანუაშვილი

კვლავაც პრობლემად რჩება პატიმართა მიმართ არაადამიანური მოპყრობის ფაქტები, ძალის გადამეტება სამართალდამცველთა მხრიდან, გახმაურებულ საქმეთა გამოძიების გაჭიანურება, ჰომოფობია და რელიგიის თავისუფლების შეზღუდვა – ეს არის მხოლოდ ნაწილი სახალხო დამცველის ყოველწლიურ ანგარიშში გამოკვეთილი აქცენტებისა, რომლებიც უჩა ნანუაშვილმა მედიას 1 აპრილს გამართულ ბრიფინგზე გააცნო. ანგარიში, რომელიც სახალხო დამცველმა პარლამენტს 31 მარტს მიაწოდა, ასახავს 2014 წელს ქვეყანაში ადამიანის უფლებათა და თავისუფლებათა დაცვის მდგომარეობას.

სახალხო დამცველმა პრობლემებზე ლაპარაკი პატიმრებისა და სამართალდამცველების ძალადობის თემებით დაიწყო. მართალია, უჩა ნანუაშვილის თქმით, წამება და არაადამიანური მოპყრობა სისტემურ დანაშაულს აღარ წარმოადგენს, მაგრამ ფაქტია, რომ, 2013 წელთან შედარებით, 2014 წელს იმატა ასეთი შინაარსის საჩივრების რიცხვმა და ომბუდსმენის აპარატმა 28 წინადადება გადაგზავნა მთავარ პროკურატურაში, გამოძიების დაწყების მოთხოვნით. შედეგები არ აკმაყოფილებს სახალხო დამცველს და ამ კუთხით ის აუცილებლად მიიჩნევს დაჩქარდეს დამოუკიდებელი საგამოძიებო მექანიზმის შექმნის საკითხის განხილვა, რაც ადამიანის უფლებათა სამთავრობო სამოქმედო გეგმით არის გათვალისწინებული, მით უმეტეს, რომ ეს მხოლოდ საპატიმროების პრობლემა არ არის:

„მონიტორინგმა ცხადყო, რომ არა მხოლოდ სასჯელაღსრულების დაწესებულებებში, არამედ პოლიციის თანამშრომელთა მხრიდანაც ადგილი ჰქონდა რიგ შემთხვევებში დამატებული ძალის გამოყენების ტენდენციას. განსაკუთრებით აღსანიშნავია დასავლეთ საქართველოში ასეთი ფაქტების სიხშირე. სამწუხაროდ, აღნიშნული დანაშაულებების გამოძიებისა და დამნაშავე პირთა პასუხისგებაში მიცემის კუთხით, საქართველოს პროკურატურის მუშაობა არაეფექტურია“.

საპატიმროებში ჯერ კიდევ არიან ის ადამიანები, რომლებიც წარსულში იყვნენ წამებისა და არაადამიანური მოპყრობის მსხვერპლნი და ისინი ასევე აცხადებენ, რომ არიან საპატიმროში უკანონოდ გამოტანილი განაჩენების შედეგად...

სახალხო დამცველის ანგარიშის თანახმად, კვლავაც პრობლემურია სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზის დროული ჩატარება, სათვალთვალო კამერებიდან ჩანაწერების ამოღება და სხვა მტკიცებულებების მოპოვება. შესაბამისად, ომბუდსმენი აუცილებელად მიიჩნევს, რომ პრევენციის ეროვნულ მექანიზმს ჰქონდეს დახურულ დაწესებულებებში ფოტო და ვიდეოგადაღების უფლება და წვდომა ვიდეოკამერების ჩანაწერებზე.

საპატიმროთა სრულფასოვანი მონიტორინგის საკითხს რადიო თავისუფლებასთან საუბრისას ასევე პრობლემურად მიიჩნევს ადამიანის უფლებათა ცენტრის ხელმძღვანელი ალეკო ცქიტიშვილი. მართალია, 35-მდე ექსპერტის ჩართულობით მოქმედი პრევენციის ეროვნული მექანიზმის არსებობა მას დიდ წარმატებად მიაჩნია, მაგრამ, მე-3 სექტორის სხვა არაერთი წარმომადგენლის მსგავსად, ისიც თვლის, რომ აუცილებელია დაინერგოს საზოგადოებრივი მონიტორინგის მექანიზმი. ორგანიზაციის დაკვირვებით,ჯანდაცვის პრობლემების გარდა, პატიმრებს ყველაზე მეტად უსამართლობის შეგრძნება აწუხებთ:

„საპატიმროებში ჯერ კიდევ არიან ის ადამიანები, რომლებიც წარსულში იყვნენ წამებისა და არაადამიანური მოპყრობის მსხვერპლნი და ისინი ასევე აცხადებენ, რომ არიან საპატიმროში უკანონოდ გამოტანილი განაჩენების შედეგად. ისინი ჯერ კიდევ ელოდებიან, რომ სახელმწიფო მათ მიმართ რაღაც ნაბიჯს გადადგამს, მაგრამ ასეთი ნაბიჯი არ იდგმება“.

როგორც შეწყალების კომისიის წევრი ადვოკატი ლია მუხაშავრია იხსენებს ჩვენთან საუბრისას, პატიმრები ზოგჯერ თავს დამნაშავედ არ მიიჩნევენ, მაგრამ მაინც ითხოვენ შეწყალებას, რადგანაც ამოეწურათ იმედი, რომ მათ საქმეებს სამართლიანი სასამართლო გადასინჯავს. არასამთავრობო ორგანიზაცია „ადამიანის უფლებათა პრიორიტეტის“ ხელმძღვანელი ყურადღებას ამახვილებს კიდევ ერთ პრობლემაზე, რომელიც ასევე გამოკვეთილია სახალხო დამცველის ყოველწლიურ ანგარიშში და, კერძოდ, გახმაურებული საქმეების გამოძიების გაჭიანურებას შეეხება. ომბუდსმენის ანგარიშში ნახსენებია, მაგალითად: ზურაბ და იური ვაზაგაშვილების საქმეები, „ნაციონალური მოძრაობის“ დეპუტატის ნუგზარ წიკლაურის ცემის ფაქტი, თბილისის მერიისა და საკრებულოს თანამშრომლების თავისუფლების, სავარაუდოდ, უკანონო აღკვეთის საქმე, ვანო მერაბიშვილის საპატიმრო დაწესებულებიდან, სავარაუდოდ, უკანონო გაყვანასთან დაკავშირებული ქმედებები, ე.წ. „ტრაქტორების საქმე“ თუ ე.წ. „კაბელების საქმე“.

ომბუდსმენის მსგავსად, პროკურატურის მუშაობა არც ლია მუხაშავრიას აკმაყოფილებს:

ლია მუხაშავრია

ლია მუხაშავრია

„გამოძიება საზოგადოებრივად ძალიან მაღალი ინტერესის საქმეებზეც კი ვერ გამოიყურება ვერც კვალიფიციურად და ვერც შედეგიანად. მაგალითად, თითქოს (იური) ვაზაგაშვილის საქმე გახსნეს და შემსრულებელს მიაკვლიეს, მაგრამ ეს საკითხი ჯერ კიდევ ძალიან სერიოზული კითხვების ქევშ დგას. და მეორეც, საზოგადოებას არ აინტერესებდა შემსრულებელი, საზოგადოებას აინტერესებდა დამკვეთი“.

რაც შეეხება ომბუდსმენის 2014 წლის ანგარიშში ასახულ სხვა აქცენტებს, ქვეყანაში პრობლემად რჩება გენდერული თანასწორობის საკითხი და შემაშფოთებელია ქალთა მიმართ ძალადობისა და ოჯახში ძალადობის მასშტაბები. ამ ჭრილში განსაკუთრებულ პრობლემად სახელდება ფემიციდი, რასაც ამძიმებს ის ფაქტი, რომ ქალების მკვლელობის რამდენიმე შემთხვევაში მსხვერპლმა წინასწარ მიმართა სამართალდამცველებს და მათ ვერ აღკვეთეს დანაშაული.

ანგარიშში ნათქვამია ასევე, რომ პრობლემად რჩება ჰომოფობიური დამოკიდებულება ლგბტ თემის წარმომადგენელთა მიმართ. ხოლო რაც შეეხება რელიგიურ თავისუფლებას, ომბუდსმენი მიიჩნევს, რომ კვლავაც პრობლემას წარმოადგენს, მაგალითად, რელიგიური ნაგებობების მშენებლობის ნებართვის მიღება, სადავო რელიგიურ ნაგებობათა კუთვნილების საკითხი თუ „საჯარო სასკოლო განათლების სივრცეში რელიგიური დისკრიმინაციისა და ზოგადი განათლების შესახებ კანონის მოთხოვნათა იმპლემენტაცია“. ასევე პრობლემურად არის მიჩნეული რელიგიურ ნიადაგზე მომხდარი შესაძლო დანაშაულების ეფექტიანი გამოძიების საკითხი.

XS
SM
MD
LG